Home » მთავარი » ავთანდილ კახნიაშვილი თბილისის მერიისა და „სი-ტი პარკის“ წინააღმდეგ

ავთანდილ კახნიაშვილი თბილისის მერიისა და „სი-ტი პარკის“ წინააღმდეგ

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

აღნიშნული წერილი უნდა გამოქვეყნდეს დღევანდელ „რეზონანსში”.
გთხოვთ გააცნოთ ავტომოყვარულებს!

სასამართლოს აქვს შანსი აღადგინოს სამართლიანობა პარკირების სფეროში
(მოქალაქე თბილისის მერიისა და „სი-ტი პარკის“ წინააღმდეგ)

2016 წლის 29 ნოემბერს 15 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს : მოქალაქე თბილისის მერიის წინააღმდეგ. სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ითხოვს მერიისა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის გაფორმებული კორუფციული ხელშეკრულების გაუქმებას და შპს „სი-ტი პარკის“ აღმნიშვნელი ფირნიშების დემონტაჟს.

პირველად შპს „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი 2009 წლის ბოლოს გავასაჩივრე. აღმოჩდა, რომ კანონმდებლობით არ იყო გარკვეული 10 – დღიან ვადაში ვისთვის უნდა მიგემართა… სასწრაფოდ, ეს ფუნქცია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეკისრა. ცხადია, „ბიზნესპარტნიორს“ მტყუანს რატომ გამოიყვანდნენ… სააკაშვილ-ადეიშვილის მიერ კონტროლირებადმა სასამართლომაც უარი მითხრა უგულავას ინტერესებში სრულიად უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გაუქმებაზე. მაშინ საგაზეთო პუბლიკაციით შევეცადე პრობლემისადმი საზოგადოებისა და ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

როდესაც, დედაქალაქის მერის შეცვლის შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში პოლიტიკოსებმა (კახა კუკავა, ალეკო შალამბერიძე) და თბილისის საკრებულოს წევრებმა (შალვა ოგბაიძე, ალეკო ელისაშვილი) ხმა აიმაღლეს შპს „სი-ტი პარკის“ თვითნებობის წინააღმდეგ, გადავწყვიტე მათ გვერდში დავდგომოდი. იმედი მქონდა, საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვებოდა და ერთიანი ძალისხმევით ავტომობილების ე. წ. პარკირების (დგომა-გაჩერების) სფეროში მაინც „აღვადგენდით სამართლიანობას“.

მედიასაშუალებებით მოვუწოდე მძღოლებს აღარ გადაეხადათ ე. წ. პარკირების საფასური, ხოლო საცხოვრებელ ადგილზე მიღებული საჯარიმო ქვითრები ჯერ მერიის შესაბამის სამსახურში, შემდეგ კი,თბილისის საქალაქო სასამართლოში გაესაჩივრებინათ, რაც ადმინისტრაციული დავების განმხილველი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, საჭიროდ მიმაჩნდა საპროტესტო აქციების გამართვა, რაც ხელისუფლებას აიძულებდა აღეკვეთა პარკირების სფეროში არსებული განუკითხაობა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს” მესვეურები მძღოლების უფლებების დასაცავად აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ და თბილისის მერიის მიერ „სი-ტი პარკის“ ინტერესებში უკანონოდ განთავსებული საგზაო ნიშნების დემონტაჟი დაიწყეს, ხოლო ალეკო ელისაშვილის ინიციატივით 100-მდე თბილისელი მერიასთან შეიკრიბა და „სი-ტი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.

ვინაიდან მერიის მესვეურთა მხრიდან რეაგირება არ მომხდარა და მხოლოდ „სი-ტი პარკთან“ მოლაპარაკებების დაწყების დაპირება მივიღეთ, გადაწყდა მასშტაბური საპროტესტო აქციები რეგულარულად გამართულიყო. მერიის მაღალჩინოსნებისთვის უნდა შეგვეხსენებინა, რომ მოქალაქეები ხელფასს ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ვუხდით და არა „პერსონალური“ კაბინეტების მოსაწყობად და ახლობლების დასასაქმებლად .

მორიგი აქცია 2015 წლის 5 მაისს 5 საათზე დაიგეგმა. თბილისელები პარლამენტის წინ უნდა შეკრებილიყვნენ. დათქმულ დროს მძღოლების კითხვებზე პასუხის გასაცემად დავით ნარმანიაც მობრძანდა, თუმცა „სი-ტი პარკის” საქმიანობის მიმართ მხოლოდ რამოდენიმე ათეული მანქანის მძღოლმა გამოხატა პროტესტი სიგნალის მიცემით, ხოლო პარლამენტის წინ მხოლოდ ორი ანტიკვარული მანქანა გაჩერდა…

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთა და შპს „სი-ტი პარკის” ხელმძღვანელთა ქმედებების სამართლებრივად შესაფასებლად 2015 წლის 2 მარტს მივმართე საქართველოს მთავარ პროკურატურას და წარვუდგინე კორუფციული (სისტემური)დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებები (მათ მოძიებაში ბატონი შალვა ოგბაიძე დამეხმარა). მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავებიც დავუსახელე, პროკურატურიდან მხოლოდ ის მაცნობეს, რომ შპს „სი-ტი პარკის“ საქმეზე 2013 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება…
2015 წლის 18 ივნისს ადმნისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო მოვითხოვე თბილისის მერიასა და შპს „სი-ტიპარკს” შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე თბილისის მერიის დავალდებულება განეხორციელებინა ქმედება – თბილისში კანონდარღვევით განთავსებული შპს „სი-ტი პარკის” ფირნიშების დემონტაჟი.

საქმის განხილვა გაუმართლებლად გაჭიანურდა. პირველი მოსამზადებელი სხდომა 2016 წლის 4 იანვარს ჩატარდა,ხოლო 10 ივნისს, როგორც იქნა ძირითადი სხდომაც გაიმართა. მიუხედავად, იმისა რომ დავასაბუთე, რომ თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ( „სი-ტი პარკი” მონოპოლიური საწარმოა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს), „სი-ტი პარკს” არ შეუსრულებია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები (თუნდაც, საათობრივი გადასახადის დაწესების და ერთჯერადი ბილეთის გასაცემის 30 აპარატის დამონტაჟების, აგრეთვე ავტომობილის ევაკუირებამდე საბურავის ბლოკირების მოწყობილობის გამოყენების თაობაზე ), ხოლო ფირნიშები საგზაო მოძრაობის შესახებ ევროპული კონვენიიის მოთხოვნების დარღვევით არის დამონტაჟებული (დაუშვებელია საგზაო ნიშნებზე კომერციული სტრუქტურების ინფორმაციის განთავსება. ამასთან, საგზაო ნიშნები დაფარული უნდა იყოს სინათლის ამრეკლი სპეციალური საშუალებით), პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაბედა სრულიად უკანონო და აშკარად ამორალური გარიგების მოშლა.

თუ გავითვალიწინებთ, რომ გზებზე წესრიგის დამყარება და მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა, ხოლო შპს „სი-ტი პარკი” კერძო სამართლის იურიდიული პირი, ანუ საწარმოა, რომლის მიზანიც მოგების მიღებაა, სასამართლომ, ფაქტობრივად, ნორმალურად მიიჩნია, რომ მერიას შეუძლია დგომა-გაჩერების წესების დამრღვევების დაჯარიმება რომელიმე მეწარმესთან ერთად განახორციელოს (მას „წილში ჩაუჯდეს“…). იმ ვითარებაში კი, როდესაც მერია დგამს საგზაო ნიშნებს, ხოლო შპს მათი დაუმორჩილებლობისთვის მძღოლებს აჯარიმებს და შემოსავლების 60%-ს მერიას აძლევს, ანუ ხელისუფლების (ადმინისტრაციული ) ფუნქციების ე. წ. სამოქალაქო სექტორისთვის გადაცემის შედეგად, „პარტნიორები“ ეცდებიან შეძლებისდაგვარად მეტი დამრღვევი იყოს, ვინაიდან, თუ ყველა მძღოლმა დაიცვა მოძრაობის წესები შემოსავალს ვერ მიიღებენ.

მიმაჩნია, რომ ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლოს მიეცა შანსი პარკირების სფეროში მაინც აღადგინოს სამართლიანობა, რითაც უმაღლეს და ადგილობრივ ხელისუფლებასაც დაეხმარება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაში, დედაქალაქის ბიუჯეტიც დაიცავს და მოქალაქეების ნდობაც დაიბრუნებს.
ვინაიდან, ახლახან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ გააქტიურდნენ , იმედი მაქვს, ამჯერად მაინც მოვახერხებთ პარკირების სფეროში განუკითხაობის აღკვეთას. ამდენად, ვისაც ღირსება შერჩენია და საშუალება ექნება, კარგი იქნება, თუ 29 ნოემბერს 15 საათზე მობრძანდებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოში და კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოხატავენ დამოკიდებულებას „სი-ტი პარკის“ მიმართ.

იქნებ ერთობლივი ძალისხმევით და სამოქალაქო აქტიურობით მაინც მივაღწიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციული სქემის მოშლას, რის შემდეგაც, პერსპექტივა გაგვიჩნდება სხვა სფეროებშიც ვეღირსოთ „სამართლიანობის აღდგენას“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განვლილი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დედაქალაქში საგზაო ნიშნებისა და დგომა-გაჩერების საკითხიც კი ვერ მოვაწესრიგეთ, ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს…

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...