Home » მთავარი » ალბათ ოკუპანტიც ხედავს ეს ხალხი უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული…მიტოვებულ ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან!

ალბათ ოკუპანტიც ხედავს ეს ხალხი უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული…მიტოვებულ ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან!

წინასაარჩევნო მარათონი ძალაში შევიდა, გვესმის პარტიების მხრიდან ურთიერთბრალდებები, საპიაროდ გაკეთებული განცხადებები, აღარც ლანძღვა და შეურაცხყოფებია გასაკვირი, აღარც ფიზიკური დაპირისპირება ტელეეთერებიდან…მოკლედ, ეჯიბრებიან ყველაფერში, რეალურად საქმის კეთების გარდა.

არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება და სამწუხაროდ, რა პროგრამა აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს კონკრეტულად საზღვრისპირა სოფლებზე, ჯერ კიდევ უცნობია, არადა ხალხს მიხედვა და დახმარება სჭირდება!..

საზღვრისპირა სოფლები ყველაზე მეტ ყურადღებას საჭიროებენ, აქ მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა არასრული ან სრული საშუალო განათლებითაა, უნდათ რაიმე პროფესია ჰქონდეთ და საკუთარი შრომით ირჩინონ თავი, მაგრამ უმეტეს მათ იმის ფულიც არ აქვს დედაქალაქში ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქში ჩავიდეს და ელემენტარული კურსები მაინც გაიაროს. ამ ადამიანებს მხოლოდ მაკარონის და ფქვილის ჩატანით პრობლემა არ მოუგვარდებათ, მათ კონკრეტული პროგრამა და დახმარება ესაჭიროებათ.

მერეთში სხვა სოფლებთან შედარებით ერთი შეხედვით სიმშვიდეა და ხალხიც უფრო წალგამართულად ცხოვრობს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით.

14055571_1198088633576168_1142365096_n

-„აღარ ვწუწუნებთ, ვის შევჩივლოთ, უკვე კარგად დავინახეთ, გული არავის სტკივა, მხოლოდ ხანდახან თუ გავახსენდებით ვინმეს და ისიც ან ტელევიზიებთან ერთად მოდის, ან უცხოელებთან, მერე გრანტებს იღებენ, ჩვენ კი ვავიწყდებით. არ ვცხოვრობთ, შვილო, ვჯახირობთ და დღე მიგვაქვ, რასაც ვახერხებთ, ბავშვებს ვახმართ, ისეთი ნესტია სახლში, ორივეს ფილტვებზე პრობლემები აქვთ, წამალი კი ისე ძვირია…სათვალე მჭირდება და ის ვერ ვიყიდე, ვერც ექიმთან მივედი, ჩემი ჯანმრთელობა ბავშვების შემხედვარეს სულ დამავიწყდა. ჰაერი შეუცვალეთო-ექიმმა გვითხრა ბავშვებს? ოთახს ფანჯარა არ აქვს, იმის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. რა ვქანა, არაფერი საშუალება არ გვაქვს. ოჯახში არავინ მუშაობს, ერთი ძროხა რომ მყავდეს, დიდი შეღავათი ინება, მაგრამ აბა, ვინ მომცემს ძროხას…“-შემოგვჩივლა სონა მაისურაძემ, მისმა რძალმა-ელენე მარიამიძემ კი გვითხრა, ჭრა-კერვის კურსები რომ დამამთავრებინა, ხელობა მექნებოდა და თავს გავიტანდიო.

14031009_1198086846909680_901497006_n 14081408_1198087223576309_562161333_n

სოფელში გვითხრეს, თუ ვინმეს ყურამდე ხმის მიწვდენა შეგიძლიათ, ასლან გორგისელის ოჯახზე მოყევით, იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდეს და დაეხმაროს, ჩვენ კედლები მაინც გვაქვს, თუ წვიმს, ოთახში გობებს დავუდგამთ და ღამე დაძინება მაინც შეგვიძლიაო.

-„იმათ სახლში მიდით და ნახეთ სად ძინავს ამ კაცს, ახლა რომ აცივდება, რა უნდა ქნას არ ვიცით, მეზობლებიც ვერაფრით ვეხმარებით, ყველა ერთმანეთზე უარესი გაჭირვებული ვართ, რომ აღარ ვყვირით, რომ არ ვწუწუნებთ, ყველას თქვენსავით ჰგონია, რომ სოფელი ძლიერიაო“-გვითხრა სონა მაისურაძემ.

ჩვენც ასლან გორგისელის სახლისკენ გავწიეთ.

14031080_1198087106909654_1640059046_n 14055689_1198087110242987_1914490693_n

ორი პატარა ოთახი, არა, ერთი-სადაც დედა და სამი შვილი ცხოვრობს, ეს არის მათი სამზარეულოც, საძინებელიც, სააბაზანოც…მამა კი მეორე „ოთახში“ იძინება, რომელსაც სამი კედელი აქვს. დიახ, სამი კედელი და აქედან ერთი დანგრეულია. ოჯახის დიასახლისი, ასლანის მეუღლე, იალზა გორგიშელი მწოლიარე ავადმყოფია.

14017667_1198087103576321_287393974_n

იმ ოთახში წევს, სადაც საჭმელს აკეთებენ-ჩვენ რომ მივედით, ქალს მაღალი სიცხე ჰქონდა, გარეთ ტემპერატურა ალბათ 40 გრადუსს სცდებოდა, მის ოთახში კი ლობიო იხარსებოდა და ისე ცხელოდა, სუნთქვა შეუძლებელი იყო. დედას ქალიშვილი უვლის, წამლები ერთხელ მოგვცეს უფასოდ, ისიც მხოლოდ რამდენიმე დასახელების, სხვას ვერ ვყიდულობთ და გული მიკვდება, დედას წამალს რომ ვერ ვასმევო-გვითხრა ახალგაზრდა ქალმა.

-ეჰ, დედაჩემს მე მაინც ვუვლი, ჩვენს სოფელში თინა გუგუშვილი ცხოვრობს, დიაბედით არის დაავადებული და დაბრმავდა, მეუღლე ჰყავს და  ორი ბიჭი, ისე გვეცოდება ყველას, კაცი ქალს რას მოუვლის, თან ისე უჭირთ…თუ რამე შეგიძლიათ იმათთან მიდით და ნახეთ“-დასძინა მან.

მივდიოდით მოხუცებთან და გზად ვფიქრობდი-ამდენი გაჭირვება, შიში, უქონლობა და უყურადღებობა გამოაირეს ამ ადამიანებმა და მაინც ერთმანეთზე ზრუნავენ, ერთმანეთის სტკივათ და უხარიათ…სულით არ გაეცნენ და ხვალინდელი დღის იმედი მაინც აქვთ…

ამ ფიქრებში ტარიელ და თინა გუგუშვილების ოჯახს მივადექით. მოხუცი მამაკაცი გამოგვეგება, არც კი იცოდა ვინ ვიყავით და რატომ მივედით-დასხედითო გვითხრა.

-თქვენ გაიხარეთ, შვილებო, ხმის გამცემი და დამლაპარაკებელი ღმერთმა გამოგგზავნათ, ეს ჩემი ქალი სულ ოხრავს და ოხრავს, რა ვუთხრა, რომ დაველაპარაკო რით ვანუგეშო, შვილები ქალაქში წავიდნენ, წვალობენ რომ რამე ფული იშოვონ და პური მაინც გვიყიდონ. ხოდა, ასე მტელი დღეები მარტო ვარ, სადმე გავიდე, თინას მარტო ვერ დავტოვებ, წყალი რომ მოუნდეს, ხომ უნდა მივაწოდო“-გვითხრა პაპა ტარიელმა (ასე ეძახიან სოფელში) და გვთხოვა-მითხარით ქვეყანაზე ახალი რა ხდებაო…

როგორც გავარკვიეთ მოხუცი ქალი დიაბეტონზეა, წამალზე დახმარება არ აქვს. 65 წლის ალი ლოგინზეა მიჯაჭვული და ვერ დადის. ეტლი მაინც რომ გვონდეს, ხანდახან გარეთ გამოვიყვანოო-თქვა ტარიელმა.

-ტარიელ, ვინ არიან? სტუმრებია? არ შემარცხვინო, კაცო, წყალი მაინც შესთავაზე და ბოდიში მომხადე, აქაც მისალაგებელია, რომ ოთახში შემოვიპატიჟო. გეყურება, ადამიანო? ვაი, ჩემს დღეს, რად მინდა ასეთი სიცოცხლე-ატირდა ქალი და ხმამაღლა მოთქმა დაიწყო.

პაპამ გამოგვაცილა.

-ხშირად მოდით, შვილებო, ჩვენ ყველაზე მეტად ადამიანების ნახვა და ლაპარაკი გვინდა, აბა ტელევიზორი არ მაქვს და რადიო, ის მაინც გავიგო ქვეყანაზე რა ხდებაო…

ეს ბოლო ოჯახი იყო, იმდენად ემოციურად ვიყავით დატვირთული, სხვა სოფელში გადასვლა ვერ შევძელით.

თბილისისკენ რომ მოვდიოდით, გზაში ვფიქრობდი-ამდენი ბილბორდის, ბუკლეტის, პლაკატის ბეჭდვას, ერთ ამისთანა ოჯახს რომ მიხედონ, რა კარგი იქნებოდა…ამდენ ლაპარაკს, ერთი აგური რომ დავდოთ, რამხელა საქმე გაკეთდებოდა…რა სამწუხაროა, რომ ამ სოფლებთან სულ ახლოს მავთულხლართებია, რომელიც სულ უფრო და უფრო სოფლებისკენ იწევა, ალბათ ის რუსი ჯარისკაცებიც ხედავენ ეს ხალხი უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული…მიტოვებულ ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან!

მოგმართავთ ყველას. თუ ვინმეს შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ ამ ადამიანებს ერთად დავეხმაროთ-მოგვწერეთ და ნუღარ დაველოდებით „სოფლის მამიდებს“, ჩვენ, უბრალო ადამიანებმა დავუბრუნოთ ერთმანეთს სიკეთის რწმენა და ამ ხალხს არ ჩავუქროთ ხვალის  იმედი…

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...