Home » მთავარი » ალტერნატიული წინადადებები დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტისათვის

ალტერნატიული წინადადებები დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტისათვის

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოებრივი მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე უცვლელად გთავაზობთ:
ალტერნატიული წინადადებები დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტისათვის (ველი წინადადებებს, განვიხილოთ, შევქმნათ სრულყოფილი დოკუმენტი და დავდოთ შეთავაზება) ვითვალისწინებთ რა დევნილი საზოგადოების მაღალ ინტერესს დევნილთა შემწეობის რეფორმის მიმართ, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ დე-ფაქტო ვითარებას და აქედან გამომდინარე მის პოლიტიკურ ასპექტებს;
გამოვდივართ რა საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებიდან (თავი 1, მუხლი 1 – საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო) და საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებიდან, გთავაზობთ ალტერნატიულ წინადადებებს და პრინციპებს დევნილთა შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტისათვის.
1. პრინციპები: ა. რეფორმა არ უნდა არღვევდეს დევნილთა უფლებებს და არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის დისკრიმინაციის ნიშნებს;
ბ. რეფორმა არ უნდა უკარგავდეს დევნილს მოტივაციას რეგისტრაციის გასავლელად, არ უნდა ქმნიდეს წინაპირობას დევნილთა რაოდენობის ხელოვნურად შემცირებისთვის;
გ. რეფორმის შედეგად დევნილთა მატერიალური და სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს;
დ. მნიშვნელობა არ აქვს თუ როდის დაიბადა დევნილი. ომის შემდეგ დაბადებული დევნილის პრეტენზია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანატოვარ ქონებაზე არის ლეგიტიმური და მისი ეს უფლება განმტკიცებულია კონსტიტუციით (მუხლი 21, პუნქტი 1 – საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.).
ე. მოწყვლადი ჯგუფების (ომის ინვალიდები, ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, პენსიონერები, ობლები) მუდმივი საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილება მოხდეს პირველ რიგში. მათ უნდა გაეზარდოთ შემწეობის ოდენობა ორჯერ.
2. დაუშვებლად მიგვაჩნია დევნილთა ერთი კატეგორიის დისკრიმინაციის ხარჯზე დევნილთა მეორე კატეგორიის კეთილდღეობის უზრუნველყოფა მათი კეთილი ნების გამოხატვის გარეშე, ვინაიდან ყოველმა მათგანმა ომის შედეგად განიცადა დევნა, ფსიქიური და ფიზიკური ზეწოლა, სტრესი, შეერყა ჯანმრთელობა. სახელმწიფო ვალდებულია გასცეს კომპენსაცია თითოეულ დაზარალებულ პირზე. სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება ეზრუნა დევნილებზე და უზრუნველეყო ისინი მუდმივი საცხოვრებელი ადგილით. ზ. დევნილებად ჩაითვალონ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული დევნილები.
3. რეფორმის პოლიტიკური ასპექტები:
ა. „დევნილი“ -არის პოლიტიკური სტატუსი; პირის დევნილობაში ყოფნა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკური სტატუსის სოციალურ სტატუსში აღრევა;
ბ. დაუშვებელია დევნილთა რიცხოვნობის ხელოვნურად შემცირების გზით სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობამ გადააჭარბოს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა რაოდენობას. ასეთი ვითარება სეპარატისტულ რეგიონებში შექმნის ნებისმიერი სახის რეფერენდუმის ლეგიტიმურობის საფუძველს.
გ. საქართველოს ხელისუფლებას, დევნილთა სამინისტროს, ვაძლევთ რეკომენდაციას დაიწყოს რუსეთის მიერ საქართველოსთვის მოყენებული ზიანის დათვლა და შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებში მოითხოვოს რუსეთისგან მისი სრულად ანაზღაურება
4. წინადადებები დევნილთა შემწეობის რეფორმის დოკუმენტისათვის:
ა. ვინაიდან 2014 წლის დევნილთა რეგისტრაციის შედეგები მნიშვნელოვან ცდომილებაშია 2008 წლის დევნილთა რეგისტრაციის შედეგებთან, 2017 წლის ბოლომდე ჩატარდეს დევნილთა ახალი რეგისტრაცია დევნილთა რეალური ოდენობის დადგენის მიზნით;
ბ. შეიქმნას სპეციალური „სოლიდარობის ფონდი“, სადაც თავს მოიყრის ის თანხა, რაც ესაჭიროება დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას; „სოლიდარობის ფონდში“ თანხების აკუმულირება უნდა ხდებოდეს კეთილი ნების პრინციპით (მეწარმეთათვის დასაშვებია სპეციალური საგადასახადო შეღავათების დაწესება);
გ. საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების დასაცავად, შეიქმნას ფონდის ფინანსური საქმიანობის მაკონტროლებელი სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი კომპეტენტური პირებისგან; კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობოები, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური სტრუქტურები, დევნილთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, დევნილთა საინიციატივო ჯგუფი..
დ. დევნილებისთვის, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი სულ მცირე 3-ჯერ აჭარბებს საარსებო მინიმუმს, შემწეობის ოდენობა დარჩეს 45 ლარი (რეალურად ეს ნიშნავს შემწეობის შემცირებულ ოდენობას, ვინაიდან: დევნილთა შემწეობის 45 ლარამდე გაზრდის წესის ამოქმედების მომენტში 2013 წლის 1 მარტს ლარის კურსი შეადგენდა 1.6583 აშშ დოლართან მიმართებაში, ხოლო ამჟამად, 2017 წლის 17 თებერვალს ლარის კურსი შეადგენს 2,6419 აშშ დოლართან მიმართებაში, რაც იმავე პერიოდის 28,2 ლარის ექვივალენტია. ინფლაციის გათვალისწინებით შემწეობის ადექვატური ოდენობა იქნებოდა 71,7 ლარი). გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინც საკუთარი სურვილით უარს ამბობს შემწეობის მიღებაზე „სოლიდარობის ფონდის“ სასარგებლოდ;
ე. მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახებს მიეცეთ წინადადება უარი თქვან სახელმწიფოს მიერ მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გადაცემაზე;
ვ. დევნილებს, რომლებიც მოიაზრებიან მოწყვლად ჯგუფში, გაუორმაგდეთ შემწეობის ოდენობა. ისინი ასევე პირველ რიგში უნდა იქნენ უზრუნველყოფილნი მუდმივი საცხოვრებელი ადგილით;
ზ. დევნილები, რომლებიც არ მოიაზრებიან მოწყვლად ჯგუფში, მაგრამ განიცდიან ფინანსურ და მატერიალურ შეჭირვებას, დევნილთა რეგისტრაციის მსვლელობისას შეავსებენ სპეციალურ ანკეტას, სადაც მოითხოვენ მათი მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ასეთი დევნილები შეადგენენ მეორე ჯგუფს.
თ. ჯანდაცვის სამინისტრომ ომგამოვლილ დევნილებს ჩაუტაროს ჯამრთელობის საყოველთაო გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს მათ უფასო რეაბილიტაცია.
Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...