Home » მთავარი » ანალიტიკოსების შეფასებებს ნუ აღიქვავთ „ოპოზიციურ“ კონტექსტში!

ანალიტიკოსების შეფასებებს ნუ აღიქვავთ „ოპოზიციურ“ კონტექსტში!

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

-ქართულ პოლიტიკაში „ოპოზიციურ“ კონტექსტში აღიქვავენ ანალიტიკოსების აკადემიურ შეფასებებს. სამწუხაროდ, ცალკეულ პოლიტიკურ პირთა განცხადებებში იკვეთება ოპონენტებისა და ანალიტიკოსების, როგორც ობსტრუქციონისტებად აღქმა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანალიტიკოსის შეფასებები (მაგალითად, ეკონომიკური ანალიზი) ყალიბდება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციიდან გამომდინარე. ანალიზის საფუძველს წარმოადგენს დინამიკა და არსებული შედეგები, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევის მონაცემები. ანალიზი არგუმენტირებულია თეორიული დებულებებითა და პრაქტიკული გარემოებებით.

არსებითია აღინიშნოს აკადემიური შემფასებლების სახელმწიფოებრივი როლი (ანალიტიკოსის, ექსპერტის, საზოგადოებრივად აქტიური პირების როლი). როდესაც აკადემიური პირი მმართველობით (თუ პოლიტიკურ) მიღწევებზე საუბრობს არ უნდა იქნას გაგებული, როგორც პოლიტიკურ პოზიციად, ხოლო როდესაც ნაკლოვანებებზე საუბრობს, როგორც ოპოზიციად. მიიღეთ ისინი, როგორც „აკადემიური ჯარისკაცები“, რომელთა მიერ წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის გზები და მიდგომები მიმართულია მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნისა და ძლიერი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისკენ.

პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, საზოგადოება განწყობებითა და შეფასებებით არ უნდა დაყოს ოპოზიციონერებად და ოპონენტებად. უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორედ ოპონენტისა და ანალიტიკოსის რეკომენდაციები ქმნის პროგრესის საფუძველს. ამასთან, ზოგიერთი პირის პოლიტიკური კეთილხმოვანების საფუძველს, ანალიტიკოსების გაჟღერებული იდეები წარმოადგენს.

მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ შეფასებების „პოლიტიკურ წონას“ არ განსაზღვრავს მხოლოდ პოლიტიკური თუ მმართველობითი თანამდებობა. მას განსაზღვრავს კომპეტენცია, საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და აკადემიური ანალიზი. ამიტომ, ძირითად შემთხვევაში ანალიტიკოსების (თუ ოპონენტების) შეფასებები უფრო დიდი „პოლიტიკური წონისაა“, რის გამოც საკითხი პოლიტიკური ვნებათაღელვის საფუძველია.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც პოლიტიკური ნდობა მცირდება, იზრდება საზოგადოების მღელვარება, მატულობს უიმედობა და პროტესტის მასშტაბები. შესაბამისად, მკაცრდება შეფასებებიც. ამიტომ, მსგავს  შემთხვევაში თუ ფაქტები თქვენს მხარესაა, მოიტანეთ არგუმენტად. ნუ „უტევთ“ საზოგადოებას და ნუ „ახდენთ მათ დაყოფას“ პოლიტიკურ ჭრილში. უმჯობესი იქნება განახორციელოთ ქმედითი კომუნიკაცია და გადადგათ აკადემიური შეფასებების შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯები.

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...