You are here
არასრულწლოვან პირთა ჩართვა პროსტიტუციაში-კანონი ლოიალურია და უნდა ვიფიქროთ მის გამკაცრებაზე! მთავარი საზოგადოება 

არასრულწლოვან პირთა ჩართვა პროსტიტუციაში-კანონი ლოიალურია და უნდა ვიფიქროთ მის გამკაცრებაზე!

ლექსო სვიმონიშვილი

იურისტი

ვინაიდან გადაცემაში ვერ შევძელი ვრცლად მესაუბრა ამ პრობლემის შესახებ, გადავწყვიტე აქ გადმოვცე ჩემი შეხედულება.

პროსტიტუცია ისე, როგორც მთელ მსოფლიოში დაუძლეველი პრობლემაა. სხვადასხვა თეორიების და მიდგომების მიუხედავად იგი დღემდე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს თითქმის ყველა ქვეყანაში.
სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს სწორი პოლიტიკა და განვსაზღვროთ სტრატეგია, თუ რომელ თეორიას მივანიჭებთ უპირატესობას, მოვახდენთ ამ საქმიანობის სრულ აკრძალვას და დამნაშავედ გამოვაცხადებთ ყველა მონაწილე პირს (მომხმარებლები და სექსმუშაკები) თუ მოვახდენთ მის ლეგალიზებას და ამ გზით შევძლებთ ამ სფეროს რეგულირებას და მკაცრი კონტროლის განხორციელებას.

პირადად მე მიმაჩნია, რომ აკრძალვა არ მოიტანს სასურველ შედეგს, იგი ტრადიციულად გაგრძელდება კანონგარეშე მოქმედი პირების ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. არც ლეგალიზება არ მგონია გამოსავალი და არც ლეგალიზებით არ ვფიქრობ აღიკვეთება პრობლემა, უბრალოდ ლეგალიზება უნდა შევაფასოთ, როგორც მექანიზმი, რომელიც მოგვცემს კონტროლის საშუალებას, რაც თავის მხრივ მოგვცემს შესაძლებლობას მკაცრი კონტროლის პირობებში შემცირდეს სამედიცინო ხასიათის საკმაოდ მწვავე რისკები.

ჩემთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია არასრულწლოვან პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაული, კერძოდ, არასრულწლოვან პირთა ჩართვა პროსტიტუციაში. მიმაჩნია,რომ კანონი ამ დანაშაულის მიმართ ზედმეტად ლოიალურია და უნდა ვიფიქროთ მის გამკაცრებაზე. მაგალითისთვის მოგიყვანთ სსკ-ის 171- ე მუხლს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი პირის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის ან მოტყუების გარეშე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. იგივე კოდექსის 253-ე მუხლის მიხედვით არასრულწლოვანი პირის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობით, შანტაჟით ან მოტყუებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

ასევე საინტერესოა სსკ-ის 254 მუხლიც, რომლის მიხედვითაც პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება 2-დან 4 წლამდე, თუმცა თავად პროსტიტუციის მონაწილე პირის ე.წ. სექსმუშაკის მიმართ კანონმდებელი არა სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172 მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, სექსმუშაკი ისჯება ადმნისტრაციული სახდელით, იგი იღებს გაფრთხილებას ან ჯარიმდება. ეს მუხლი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებიც იძულებით მოხვდნენ პროსტიტუციაში და არიან მსხვერპლნი. გამოდის რა, ადამიანს, რომელიც პროსტიტუციისთვის სექსმუშაკს გადასცემს საცხოვრებელ ფართს მის მიმართ დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ცხადდება დამნაშავედ, ხოლო თავად სექსმუშაკები ითვლებიან გადამცდომელად და მათ მიმართ გამოიყენება გაფრთხილება ან ჯარიმა. აშკარაა, რომ არ გვაქვს გააზრებული სამართლებრივი მიდგომა, რაც ერთმნიშვნელოვნად ართულებს ამ პრობლემის შინაარსს.

 

Comments

comments

Related posts