You are here
„არგო“ საფრანგეთში საბავშვო შემოქმედების საერთაშრისო ფესტივალზე წასასვლელად ემზადება მთავარი საბავშვო 

„არგო“ საფრანგეთში საბავშვო შემოქმედების საერთაშრისო ფესტივალზე წასასვლელად ემზადება

ჩვენი მკითხველი ფოთის საბავშვო თეატრ „არგოს“ კარგად იცნობს, მაგრამ სანამ მათ ახალ მიღწევებზე გიამბობთ, მოკლედ გაგახსენებთ-„არგო“ ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში 1990 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი დაარსების დღიდან დღემდე გუჯა ქარაია გახლავთ.

საბავშვო თეატრი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის დიპლომანტი და გრანპრის მფლობელია.

„არგოს“ გვერდით უდგას ფოთის კულტურის სამსახური, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ადგილობრივი მთავრობა.

ჩვენ „არგოს“ წელს ისევ ფესტვალ „მაჩაბელაზე“ შევხვდით.

წელს თეატრმა ფესტივალზე მუსიკალური სპექტაკლი „ბოშები“ წარმოადგინა და  ნომინაციებიც მიიღო. „არგო“ სპონსორის სპეციალური პრიზის მფლობელიც გახდა.

შეიძლება თქვენც ნახეთ ეს პატარები ფესტივალის დასკვნით საღამოზე, როცა ისინი ათონელიდან ხორავას თეატრში გადადიოდნენ. ბოშების ფერად კოსტიუმებში ჩაცმულმა ფოთელმა „პატარა მსახიობებმა“ უმალ მიიქციეს ყურადღება.

„არგო“ ყოველ სეზონზე ახალ ბავშვებს უღებს კარს. წელსაც მატება აქვთ. ირაკლი, მარიამი, ლალო, სესილი, ანამარია, თეკლა-ძალიან მონდომებულები და ამაყნი არიან იმით, რომ მათ უკვე „არგოელებს“ უწოდებენ.

 

ახლა „არგო“ დიდ სამზადისშია, მათ ძალიან დიდი მისია აკისრიათ და უნდათ თავი კარგად გაართვან. როგორც თეატრის ხელმძღვანელმა, გუჯა ქარაიამ გვითხრა „არგო“ საფრანგეთში საბავშვო შემოქმედების საერთაშრისო ფესტივალზე წასასვლელად ემზადება.

წარმატებები ვუსურვოთ “არგოს” და ვიმედოვნოთ, რომ საფრანგეთიდანაც გამარჯვებულები დაბრუნდებიან საკუთარ ქალაქში.

Comments

comments

Related posts