Home » ექსკლუზივი » არქივიდან: რას ფიქრობდა ნარმანია მერობის პირველ დღეებში და როგორი იყო მისი ხედვები…

არქივიდან: რას ფიქრობდა ნარმანია მერობის პირველ დღეებში და როგორი იყო მისი ხედვები…

თბილისის მერიაში ხვალ, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობა ბოლო სხდომას გამართავს. თბილისის მთავრობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.

რას ფიქრობდა ნარმანია მერობის პირველ დღეებში და როგორი იყო მისი ხედვები?

მასალა არქივიდან:

პირველი ინტერვიუ დავით ნარმანიასთან მერის თანამდებობაზე-2014წელი.

ქეთი მიქაძე

–    ბატონო დავით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე მემკვიდრეობაც  გერგოთ და ქალაქში როგორი მწვავე  პრობლემები და სოციალური ფონია შექმნილი, ისიც საკითხავია, რამდენად მოსალოცია ეს თანამდებობა  –  ამ შემთხვევაში არამარტო ბოლომდე გამოშიგნულ ბიუჯეტს, არამედ, იმ უკანონო გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ,რომელიც ჩვეულებრივი იყო მერიაში და რომლის გამოსწორებაც თქვენ მოგიწევთ. ამ მოკლე დროში რისი გააზრება გახდა შესაძლებელი და რამდენად ოპტიმისტურია თქვენი პროგნოზი?

– პროგნოზი ნამდვილად ოპტიმისტურია – მე და ჩემი გუნდი ვაცნობიერებდით იმ პრობლემებს, რაც დაგვხვდებოდა თბილისის მერიაში. დიახ, ამის შესახებ კარგად ვიცოდით, თუმცა, არ ვიცოდით პრობლემების სიღრმეები და სირთულეები, რომელიც უკვე გამოჩნდა. თუმცა, ეს არ გვაშინებს. ნებისმიერ წინააღმდეგობას შესაძლოა ადეკვატურად დახვდე. მთავარია, გქონდეს ძირითადი პრინციპები და  ბოლომდე დაიცვა იგი, რომ შედეგს მიაღწიო.
როგორც დედაქალაქის ხელმძღვანელი, რამდენიმე უმთავრეს პრინციპს ვუყენებ ჩემს გუნდში მომუშავე ადამიანებს – ეს არის პრინციპულობა და მიზანდასახულობა, ეს არის სიმტკიცე და პროფესიონალიზმი,  ეს არის საქმის კეთება არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ როცა საქმეს დასჭირდება,  24 საათიან სამუშაო რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს არის პერიოდულად მიღწეული შედეგების შეფასება და მისი გაუმჯობესების გზებისა და ღონისძიებების დასახვა.
მოგეხსენებათ, პრობლემები ყველა მიმართულებით არსებობდა, ზოგან მეტად რთული მდგომარეობაა, ზოგან შედარებით  ნაკლები., ჩემი გადასახედიდან ძირითადი სირთულეები მაინც ამ წლის ბოლომდე გველოდება. როცა თქვენი თქმის არ იყოს, გამოშიგნული ბიუჯეტის ფარგლებში გვიწევს მუშაობა. ჩვენ გვიწევს მუშაობა ხარვეზებით გაცემული მშენებლობების ნებართვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. უპირველესად რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე მშენებლობებს ვგულისხმობ… თუმცა, ნაწილი პრობლემებისა მოგვარდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ასევე დამტკიცდება ახალი ბიუჯეტი 2015 წლისთვის და მომდევნო წლიდან აქტიურად შევუდგებით მუშაობას.

–    რა იქნება ის ძირითადი საკითხები, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება  გათვალისწინებული და რა არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც თქვენს ხელწერას განსაზღვრავს?

– ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მომდევნო წლისთვის იქნება საბავშვო ბაღების განვითარება და საპენსიო ასაკის ადამიანებზე ზრუნვა, მეორე ეს არის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო პროექტების ინიცირება, რომლის ფარგლებშიც მოვიზიდავთ დაინტერესებულ ინვესტორებს. ამასთან, ეს იქნება იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომელთაც სოციალური დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდებათ. ერთი სიტყვით, ჩვენი პრიორიტეტი იქნება სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, სუფთა ქალაქზე, რეკრეაციული ზონების განვითარებაზე და ქალაქის განაშენიანებაზე ზრუნვა. ეს არის რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ მომდევნო წელს ვიმუშავებთ.

–    ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს მზიურის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ერთი კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო, ხოლო მეორე ადგილას დგას ტრაფარეტი, რომელიც იუწყება, რომ იქ აშენდება საცხოვრებელი კორპუსი, რაც თბილისელების აღშფოთებას იწვევს, რას ეტყვით ამ მხრივ „ივერიონის“ მკითხველს?

– მზიური არ არის ერთადერთი გამონაკლისი, სადაც რეკრეაციული ტერიტორიის სტატუსი მოიხსნა თავის დროზე და სადაც დაიწყო მშენებლობები. ეს ეხება ასევე დიღმის ტყე–პარკის ტერიტორიას, ასევე ვაკის პარკს და სხვა ყოფილ რეკრეაციულ ზონებს.
ჩვენ ჯერ კიდევ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ რეკრეაციულ ტერიტორიებს დავუბრუნებთ ასეთ სტატუსს და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. დამატებით ვიზრუნებთ ქალაქის გამწვანებაზე, იმ ადგილებში, რომლებიც  მუნიციპალურ საკუთრებაშია. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, დავიწყებთ აქტიურ გამწვანების ღონისძიებებს, რათა ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმ მშენებლობასთან მიმართებაში, სადაც კანონის დაცვითაა გაცემული ნებართვები მშენებლობაზე,  ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები ამის შეჩერების და არც არის მიზანშეწონილი. ამიტომ, ასეთი მშენებლობები გაგრძელდება, მაგრამ მომავალში მშენებლობების ნებართვის გაცემის დროს გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთი ნებართვები არ გაიცეს რეკრეაციულ ზონებში, არ გაიცეს ხეების გაჩეხვის ხარჯზე, არამედ  გაიცეს სხვა თავისუფალ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელია მშენებლობები მწვანე საფარის ხელყოფის გარეშე.

–    მინდა გავიხსენო გუშინდელი თქვენი შეხვედრა სტუდენტებთან, რომელმაც დიდი რეზონანსი  გამოიწვია მედიაში, სოციალურ ქსელებში. თქვენ სტუდებტებს შეპირდით, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი და გადაიხედება „მაღლივის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა. იქამდე რა მოხდება: შეჩერდება თუ არა ეს მშენებლობა და გაიწელება თუ არა დროში ამ პრობლემის მოგვარება?

– ნებისმიერი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი განმარტებები უშუალოდ მერის მხრიდან, მე მზად ვარ შევხვდე მათ, გავაცნო ამა თუ იმ საკითხებზე ჩვენი პოზიცია. მაღლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე პროექტი გვაქვს, მათ შორის, არის ჩემს მიერ წინასაარჩევნოდ ინიცირებული პროექტი ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე, რომელსაც ხელს არ უშლის გაზგასამართი სადგურის მშენებლობა. ამიტომ, ჩემთვის ცოტა რთულია არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა გავაჩეროთ იქ 2 მილიონიანი ინვესტიცია.
მეორე, ჩვენ ამ შემოდგომაზე მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოედნისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. ვესაუბრეთ სხვა დონორებს იქ არსებული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ერთი სიტყვით, ჩევნ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს ამ ტერიტორიის დამატებით განვითარებასთან დაკავშირებით. მე სტუდენტებს შევპირდი, რომ შეხვედრა გაიმართებოდა ჩემი ერთ-ერთი მოადგილის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილისა და  ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის მონაწილეობით, ვინაიდან ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული და ამიტომ მე მათ შევპირდი შეხვედრის ორგანიზებას, რომ უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მოისმინონ არგუმენტი და მათ დაუსვან შეკითხვები, რაც გააჩნიათ.

–    თქვენ  ქალაქის გამწვანება ახსენეთ. როგორ აპირებს თბილისის მერია ქალაქის მწვანე საფარის დაცვას,  მხედველობაში მაქვს ხეების გადაბელვის საკითხი, რომელიც, როგორც წესი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება და რომელიც ამ ბოლო ხანებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობოების სალაპარაკო თემა გახდა. შეჩერდება გადაბელვის საკითხი თუ შემცირდება და საერთაშორისო სტანდარტებს დაექვემდებარება იგი?

– არ მესმის რატომ გამოიწვია 5 დაზიანებული ხის გადაბელვამ ამხელა აჟიოტაჟი. თუმცა, კარგია, რომ საზოგადოება ამაზე რეგირებს, ეს სიგნალია ჩვენთვის, რომ უნებართვოდ არავის მივცეთ ხის ჭრის საშუალება, თუ ვინმე დამატებით განავითარებს მწვანე საფარს და რამდენიმე ხის მოჭრა დაჭირდება მას, მაგრამ საამისოდ დარგავს რამდენიმე ასეულ ნერგს, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩანაცვლების პრინციპზე ვიმუშავებთ. თუმცა, არა მხოლოდ დარგვა უნდა იყოს პრინციპი, არამედ მათი გახარებაც. ჩვენ საერთაშორისო ნორმებს ვაანალიზებთ ხეების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით და ამ ნორმებს გამოვიყენებთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს დედაქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით. ამ შემოდგომაზე დაახლოებით 25 ათასამდე ხე დაირგვება თბილისის მოქმედ სკვერებში, პარკებში, საბავშვო ბაღების ეზოებში. ამაზე ინფორმაცია ჩვენ რაიონულ გამგეობებს და ბაღების მართვის სააგენტოს უკვე დავავალეთ, მათგან მივიღეთ შესაბამისი ინფორმაციები, სად რა ფართობი გვაქვს თავისუფალი. მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და შევისყიდით ნერგებს, რომლებსაც დავრგავთ და ჩვენს თავზე ავიღებთ მათ მოვლა-პატრონობას.
ჩვენ პარალელურ რეჟიმში უფრო მასშტაბურ პროექტებს ვაკეთებთ მომდევნო წლისთვის და ეს იქნება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ენდროლოგიური პარკის განვითარება და სხვა ტერიტორიებზე ასევე მწვანე საფარის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები. ამიტომ, მომდევნო წლის გაზაფხულიდან უფრო ფართო მასშტაბით წავა გამწვანების ღონისძიებები.

–    საკმაოდ გახმაურებული თემაა „სითი პარკთან“ დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც თქვენ სპეციალური სხდომაც მიუძღვენით და საჯაროდ განაცხადეთ, რომ ამ კომპანიასთან კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული, მაგრამ მისი ანულირება ამ დრომდე არ ხერხდება. ისმება კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ხელშეკრულების შეჩერება და როდემდე უნდა გააგრძელოს ამ კომპანიამ თბილისელების გაყვლეფა?

– ჩვენი ყველაზე მთავარი მოთხოვნა,  რაც საზოგადოებას ჰქონდა, ის იყო, რომ გაგვესაჯაროებინა „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, ეს უკვე მიღწეულია და თბილისის მერიის ვებ-გვერდზე უკვე ორ კვირაზე მეტია დევს „სითი პარკთან“ გაფორმებული  ხელშეკრულება და მასში განხორციელებული სამივე  ცვლილება. შემდგომი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ასევე დამატებითი მდგომარეობის გაუმჯობესება დედაქალაქში – კერძოდ, ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე წაყვანის აკრძალვა. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისის ბიუჯეტმა პარკირების მოსაკრებელიდან უფრო მეტი შემოსავლები მიიღოს.
„სითი პარკთან“ ხელშეკრულებაში ცვლილება იოლი საქმე არ არის, იმიტომ, რომ ხელშეკრულება მთლიანად კომპანიის ინტერესებზეა მორგებული და ჩვენ ეს საჯაროდ განვაცხადეთ. ზუსტად დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გამოიყო 50 ათასი ლარი იმისათვის, რომ საერთაშორისო კვალიფიციური აუდიტი დავიქირაოთ, აუდიტი გააკეთებს ხელშეკრულების სამართლებრივ-ფინანსურ ანალიზს და მოგვცემს კვალიფიციური დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ხელშეკრულებაში. ჩვენ მზად გვაქვს ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანი პროექტი, მაგრამ გვჭირდება  კვალიფიციური აუდიტის დასკვნა, რომ მეტად ვიყოთ დარწმუნებული ასეთი ცვლილებების საჭიროებაში.
ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ „სითი პარკისგან“ დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ და კიდევ ველოდებით სხვა დამატებით ინფორმაციას. ამიტომ, მომდევნო პერიოდში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით.

–    ალბთ ცალკე საუბრის თემაა თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული შოკის მომგვრელი ფაქტები. სულ რამდენიმე ხნის წინ „ივერიონმა“ გამოაქვეყნა ბატონ თემურ ხომერიკთან ინტერვიუ და მკითხველმა კარგად დაინახა, თუ როგორ იფლანგებოდა თბილისის განვითარების ფონდის ბიუჯეტი. რას იტყვით, როგორ  მოხდება ამ ბიუჯეტის შევსება და გაგრძელდება თუ  პრემიებით თუ დანამატების სახით მერიის თანამშრომლების განებივრება?

– პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებული შესაძლებლობები ჩვენ უკვე დავადგინეთ, ცალკეული თანამდებობის პირებზე დანამატების მოცულობა შემცირდა. ეს ვერ იქნება ცალკეული თანამდებობის პირების კეთილ ნებაზე დამოკიდებული, ვინაიდან ჩვენ ბიუჯეტში რთული მდგომარეობა დაგვხვდა – ქამრები უკვე შემოვიჭირეთ, ანუ ადმინისტრაციული ხარჯები დავზოგეთ.
მომდევნო წლის ბიუჯეტთან ერთად ჩვენ ვამზადებთ შრომის ანაზღაურებისა და დანამატების ერთიან წესს. ამ წესის შესაბამისად, ფარეგულირდება ეს საკითხებიც. რაც შეეხება თბილისის ფონდთან დაკავშირებულ საკითხებს, იქ მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. იქ იყვნენ დასაქმებულები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ თბილისის განვითარების ფონდიდან, გარდა ამისა თბილისის განვითარების სახსრები არარაციონალურად იხარჯებოდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ამიტომ, ყველა ძირითადი პრობლემა ჩვენი მხრიდან უკვე შესწავლილია – ფონდის საშტატო განრიგში ცვლილებები შევიტანეთ, ფონდის ხელმძღვანელების ანაზღაურება შემცირდა, ისევე შემცირდა ფონდში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. პროექტებთან დაკავშირებით ვამუშავებთ ახალ წესებს და მოწესრიგებული ფორმით წარიმართება მომავალში მშენებლობებთან და რეაბილიტაციათან დაკავშირებული საკითხები.

–    გაჟღერდა ინფორმაცია ყვითელი ავტობუსების შეცვლასთან დაკავშირებით. ამ თემამ საზოგადოებაში უარყოფითი ემოცია გამოიწვია.  რა აუცილებლობითაა  განპირობებილი უკვე არსებული ავტობუსების შეცლა ახლით იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს თბილისში საკმაოდ გვაქვს?

– არავის არ უთქვამს, რომ ჩვენ ავტობუსებს დღესვე ვცვლით,პრობლემებს, რაც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს,  ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ და ვიწყებთ ყველაზე მწვავე პრობლემებით იგივე წყალთან დაკავშირებით, გზებთან დაკაშირებით ძალიან ბევრი პროექტი დავძარით ადგილიდან. მომავალი წლის ბიუჯეტში უფრო მეტი დაფინანსება იქნება გათვალისწინებული. წყალმომარაგების კომპანიამ აიღო ვალდებულება ჩვენთან არსებული დეტალური განხილვის შემდგომ, რომ 50 მილიონ ლარზე მეტს ჩადებს მომდევნო წელს წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის განვითარებისთვის დედაქალაქის ტერიტორიაზე.
მოგეხსენებათ, ეტაპობრივად გამოდის მწყობრიდან დედაქალაქში არსებული ავტობუსების სისტემა და გვინდა უფრო თანამედროვე, ენერგო დამზოგავ სისტემაზე გადავიდეთ.თუმცა, ამას ჯერ სჭირდება კვალიფიციურად შესწავლა. ვიდრე არ გვეცოდინება დეტალურად არსებული მდგომარეობა და ვიდრე შესწავლა არ დასრულდება, მანამდე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ბრმად ვერ მივიღებთ. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ.

–    რა ხედვები აქვს დედაქალაქის მერს ახალგაზრდების მომავლის განვითარებასთან დაკავშირებით და რა ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით?

– მათ შეუძლიათ მეტი დეტალიზაციისთვის ნახონ ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც დევს კოალიცია „ქართული ოცნების“ ვებ-გვერდზე – მე მინდა, რომ თბილისი იყოს ახალგაზრდულად ცოცხალი ქალაქი და ერთი თვე არ გავა ისე, რომ რაიმე კონკრეტული ახალგაზრდული ღონისძიება არ ჩატარდეს დედაქალაქში. ეს იქნება ოლიმპიადები,  კონფერენციები, თუ სხვადახვა სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
სტუნდენტური და ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მშენებლობასაც ჩვენ დავიწყებთ, სწორედ ემსახურება იმას, რომ თბილისში იყოს თანამედროვე ევროპული ახალგაზრდული სივრცე, სადაც იქნება ახალგაზრდების შეკრების ადგილი, სადაც ჩატარდება გამოფენები, კონფერენციები, სემინარები ახალგაზრდებისთვის, რაც მათ განვითარებას და პროფესიული თვალსაზრისით ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ჩვენი ხელშეწყობით და მხარდაჭერით თბილისის მერიაში არსებობს სპეციალური IP ახალგაზრდებისთვის, ეს IP ძლიერდება და პროგრამულად ჩვენ უფრო მეტად დავტვირთავთ, ისევე როგორც რაიონულ გამგეობებში იმუშავებენ ადამიანები კონკრეტულად ახალგაზრდებათან დაკავშირებულ საკითხებზე.

–    და ბოლო კითხვა: თქვენი აზრით, თბილისის მერი მენეჯერი უნდა იყოს  თუ პოლიტიკოსი?

– ჩემის აზრით, დედაქალაქის მერი უპირველესად კარგი მენეჯერი უნდა იყოს. ამაში მე თანდათან ვრწმუნდები, დედაქალაქის მერია, ეს არის უზარმაზარი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც სწორი მენეჯმენტი და არსებული პრობლემების სწორად გაანალიზება და დაგეგმვა სჭირდება. ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი უნდა შეასრულონ, მათ სჭირდებათ შესაბამისი მოტივაცია და სჭირდებათ კონტროლი. თუმცა, ამავდროულად პოლიტიკოსის ნიშან-თვისებებიც უნდა ჰქონდეს და სწორი პოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაჩნდეს – არ უნდა გადაუხვიოს იმ პოლიტიკურ კურსს, რა კურსიც აქვს ზოგადად ქვეყანას აღებული, ანუ დედაქალაქის მერი ქვეყნის სწორი პოლიტიკური კურსის ადგილობრივი პოლიტიკის გამტარებელი მენეჯერი უნდა იყოს!

P.S. რა შესრულდა, რა გაგმები დარჩა განსახორციელებელი და საერთოდ, როგორ მერად დაამახსოვრდათ თბილისელებს დვით ნარმანია, ეს თავად საზოგადოების გადასაწყვეტია.

Facebook Comments
x

Check Also

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ...