Home » ექსკლუზივი » “არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთხელაც არ გაუვლიათ და არ უკითხავთ, ვის რა აწუხებს”

“არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთხელაც არ გაუვლიათ და არ უკითხავთ, ვის რა აწუხებს”

ვიწყებთ რუბრიკას ამომრჩეველი და დეპუტატი. ჩვენ ყველა რაიონში მივალთ გავიგებთ კმაყოფილები არიან თუ არა მოქალაქეები თავიანთი არჩევანით.

ვეცდებით გავაგონოთ ხალხის ხმა საკრებულოს თუ პარლამენტის დეპუტატებს.

ვნახოთ რა ხდება ლოტკინზე და რას ამბობენ ადგილობრივები.

დავით დოლიძე

არჩევნების წინ ხალხზე და შემდეგ თანამდებობაზე შეყვარებული ქართველი დეპუტატები

მრავალფეროვანი პოლიტიკური არენა და ამომრჩეველზე “შეყვარებული” დეპუტატები – ხალხის ხმები “სა-ოცნებო” მომავლის სანაცვლოდ… თანამედროვე, ქართველი “ჟოზეფ ფუშეები” სტაბილურად კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად ნიადაგის განოყიერებას იწყებენ.

ის, რომ ხალხის სიყვარული პერიოდულად „შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხიან“ პირებშიც ინაცვლებს, როგორც წესი, სწორედ ამ დროს, წინასაარჩევნოდ მჟღავნდება. ოთხ წელიწადში ერთხელ პოლიტპარტიების „რჩეულები“ უბრალო მოქალაქის პრობლემებით თეორიულად ინტერესდებიან და იმ ეტაპისთვის დროებით კარგად ამოქმედებულ მეხსიერებასაც ეფექტურად ამუშავებენ, პარალელურად, პროტესტის გამოხატვის უნარ-ჩვევებსაც იძენენ და სათანადო რეაქციებითაც გამოირჩევიან. ემოციებს ვერც ტელეეთერებში მალავენ და წინა არჩევნებზე მიღებულ ხმებსაც ასევე “ემოციურად” აყვედრიან ხელისუფლებას.

რაც შეეხება მმართველ ძალას და მის მიერ წარდგენილ კანდიდატს, სხვებისგან განსხვავებით, უკვე “ბევრი გაკეთებულის” ფონზე, ის ხალხს “მეტის გაკეთების” დაპირებით აბრუებს. თუ გაუმართლა და ამომრჩეველმა “იცნო”, ცოტა მეტის თქმის საშუალება მიეცემა, თუ არადა, უკვე სათავეში მყოფი “დიდი პერსონების” ნაცვლად, მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის თავის მართლება მოუწევს.

უკვე დიდი ხანია ნაძალადევის რაიონი მივიწყებულია მმართველი ძალის კანდიდატების, შემდგომში კი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ. პარლამენტსა და საკრებულოში რბილ სავარძლებზე მსხდართ არც კი ანაღვლებთ მათი პრობლემები, ვინც ხმა მისცა. წინასაარჩევნო პერიოდში ლამის დატკეპნილ და დაზეპირებულ ქუჩებში, გამარჯვების შემდეგ ერთხელაც არ გაუვლიათ და არ უკითხავთ ვის რა აწუხებს. ეს ინდიფერენტულობა განსაკუთრებით გამაღიზიანებელია მოსახლეობისთვის. საშინელი გრძნობაა, როცა გიჭირს და დახმარების იმედი უშედეგოდ გაქვს იმ ადამიანისგან, ვინც შენი წყალობით ზის საკანონმდებლო ორგანოში.

ლოტკინის დასახლების ქუჩებში გაკრული პლაკატებიდან დღემდე შეხვდებით მომღიმარი სახით მომცქერალ სოფიო კილაძეს.

რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში დასახლების ყველა მაცხოვრებელს ახსოვს მისი ტყუილი დაპირებები, ფუჭი სიტყვები და ხელოვნური ემოციები. დღეს მას ეს ყველაფერი აღარ ახსოვს. სამაგიეროდ ხალხს ახსოვს და ძნელია დაივიწყო.

“არასდროს იტყუებიან იმდენს, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ” – ოტო ფონ ბისმარკი.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი. 42.5%-ს არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. მოსახლეობის 61%-მა არ იცის, სად მდებარეობს მათი მაჟორიტარის ბიურო. ოლქის დეპუტატს მოსახლეობის 52.6% წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრია, არჩევნების შემდეგ კი მასთან კავშირი მხოლოდ 13.8%-ს ჰქონია. დეპუტატის ბიუროსთვის დღემდე 5.3%-ს მიუმართავს.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, ვინ რისთვის იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან? რატომ ვერ ცნობს ამომრჩეველი არჩეულს?

ამირან ნადირაძე, ლოტკინის დასახლების მაცხოვრებელი: არჩევის დღიდან ერთხელაც არ მინახავს ჩვენი უბნის დეპუტატი. ამბის მოკითხვას ვინ დაეძებს, ვერსად გამოვიჭირე, რომ ჩემი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. მოხუცი კაცი ვარ, ავადმყოფი ცოლი მყავს სახლში. ვცხოვრობთ ავარიულ ბინაში, რომელშიც წესით არ შეიძლება გაჩერება. ჩვენი პენსია წამლის ფულად ძვლივს გვყოფნის, ნახევარზე მეტად მშიაერი ვართ. უკვე ორი 8 თვეა რაც სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. არადა კილაძე არჩევნების წინ დახმარებას გვპირდებოდა. თურმე ჩვენი ხმები სჭირდებოდა და ის სიტყვები თვალში ნაცრის შეყრა გამოდგა. ხალხი მუდმივარ საჭირო იდიოტები გამოვდივართ.

ანალოგიური განწყობა აქვს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი არჩევნების წინ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობასა და მძიმე სოციალური ფონის არსებობაზე აპელირებენ.

ციური ბერუაშვილი, ლოტკინის დასახლების მკვიდრი: როგორ მახსოვს კილაძის სიტყვები, მე მუდმივად ვივლი თქვენთან და ვეცდები თქვენი პრობლემების მოგვარებასო. არჩევნების მეორე დღიდან მისი ფეხიც არავის უნახავს აქ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. რა ნამუსით ამოვა მანდატის დასრულების შემდეგ და მოგვთხოვს ხელახლა მხარდაჭერას? ანდა რა ნამუსით ითხოვდნენ მის წინ მყოფები. მერაბ სამადაშვილი 8 წელი იყო მგონი ჩვენი უბნის დეპუტატი და რვაჯერ არავის უნახავს.

მაჟორიტარები ამომრჩევლებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. საყურადღებოა, რომ გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მაჟორიტართან ურთიერთობა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა, შემდეგ აღარ უნახავს. რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატობის კანდიდატს გაცნობიერებული აქვს, ამომრჩეველთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მანდატის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობასთან ურთიერთობის ინტენსივობა იკლებს, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ წყდება. ისინი არც საკუთარ კაბინეტში იღებენ მოსახლეობას და არც თავად მიდიან მათთან. მათ ავიწყდებათ ვის მიერ და რის გამო აქვთ მინიჭებული ამხელა ნდობა და პრივილეგიები.

P.S. მოსახლეობაში განწყობა ერთნაირია, ბევრმა გვითხრა, სახელი და გვარი დაწერეთ, იქნებ სასაყვედუროდ მაინც მოვიდნენ, ამდენი რატომ ილაპარაკეთო და ჩვენც ჩვენი პრობლემები მასე მაინც ვუთხრათო, ზოგმა გვთხოვა, არც ობიექტივში მოგვახვედროთ და არც ვინაობა დაწეროთო, სიმართე უნდა ითქვას, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გვითხრეს, რომ დეპუტატსაც იცნობენ, ყველა პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ ინტერვიუს მოცემა არ ისურვეს-დაუნახავები მაინც ვერაფერს დაინახავთო.

ისე კი,  ჩვენი საქმე ყველამ კეთილსინდისიერად რომ შევასრულოთ, ქვეყანაში გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნება. მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის მიერაა დაქირავებული. მანდატის ხიბლში კი არ უნდა ჩავარდეს, ვალდებულება უნდა შეასრულოს. კეთილი ინებოს და ამომრჩეველს ემსახუროს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...