Home » მთავარი » “არ დავუშვათ დესტაბილიზაცია, რაც რეალურია, დაუტოვეთ საქართველოს შანსი!”

“არ დავუშვათ დესტაბილიზაცია, რაც რეალურია, დაუტოვეთ საქართველოს შანსი!”

ვაჟა ბერიძე

პოლიტოლოგი

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – დაუტოვეთ საქართველოს შანსი!

მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. მივმართავ საჯარო სივრცეში – დაუტოვეთ საქართველოს შანსი! არ მაქვს რა მასთან პირადად შეხვედრის საშუალება, მინდა ეს აქედან გავაკეთო.

არჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი: პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ იქნება. მაგრამ ოპოზიცია ემზადება არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, რასაც, , ქვეყანაში , შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოჰყვეს.
საქართველოს შანსი აღარ აქვს, რადგან დღევანდელი ოპოზიცია ვერ იქნება „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა.

– ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას ხელისუფლებაში არ მიიღებს ქართველი ხალხი. მისი ის 50-60%, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების ვინაობას და რაობას. ამა თუ იმ ხელისუფლების სიმტკიცეს კი, სწორედ ეს 60% განსაზღვრავს.

– „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა ვერ იქნება „ევროპული საქართველო“, რადგან მისი ლიდერების „ნაციონალური“ წარსული ამ ძალასაც მიუღებელს ხდის საზოგადოებისთვის.

– ალტერნატივად „პატრიოტთა ალიანსის“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ჩამოყალიბება (ჩემი ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად) აღქმული იქნება ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის წინაპირობა, იმ ვალდებულებების ეჭვქვეშ დაყენება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს აშშ-სა და ევროკავშირის წინაშე, რომლებიც, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, საქართველოს პერსპექტივის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი გარანტიაა.

– პოლიტიკურ ძალთა ამგვარი განლაგების პირობებში ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა უაღრესად სათუო ხდება.

ამიტომ, ბატონო ბიძინა, იმოქმედეთ ოპერატიულად. სამომავლოდ უნდა ვიფიქროთ ხელისუფლების სხვა რეალურ ალტერნატივებზე, რაც არანაირად არ გამორიცხავს ზემოაღნიშნული პოლიტიკური ძალების არსებობას და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებაში მოსვლის ჩათვლით. ოღონდ, არა დღეს და არა ამ საშინაო და საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის არსებობის პირობებში. ეს თქვენ უშუალოდ გეხებათ, რადგან 2012 წლიდან თქვენ განსაზღვრავთ საქართველოში პოლიტიკური პროცესების შინაარსს.

– მოსახლეობა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, უკიდურესად შეშფოთებულია ფაროსანას პრობლემით. იქნებ ხვალვე, უახლოეს დღეებში, დაუყოვნებლივ, პირადი სახსრებით დაიწყოთ ამ მასშტაბურ პრობლემასთან ბრძოლის დაფინანსება.

– რადგან საზოგადოებამ ფაქტობრივად არაფერი იცის „პანორამა თბილისის“ მართლაც შესანიშნავი პროექტების შესახებ, შეპირდით საზოგადოებას, რომ ყოფილი ცეკავშირის ადგილზე აგებულ სასტუმროს და მიმდებარე ტერიტორიას გადასცემთ ქალაქ თბილისს საკუთრებაში. თქვენ ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაგიდგამთ.

– აღადგინეთ პირდაპირი დიალოგი საზოგადოებასთან, რადგან ამას თქვენს მიერ პოლიტიკურ ლიდერებად დანიშნულები ვერ ახერხებენ.

– თქვენი თანამოაზრე ქვეყანაში ბევრია, მაგრამ თქვენ არ გყავთ მხარდამჭერები სამოქალაქო სექტორში, საექსპერტო წრეებში, მედიაში. ესეც გამოსასწორებელია დაუყოვნებლივ, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი აზრი თქვენი და თქვენი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგია.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაც რეალურია, ვითარების სირიის სცენარით განვითარებას გულისხმობს და დამღუპველი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად რეგიონისთვის.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...