Home » ბლოგი » “ასეთი არეულობები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, მივეჩვიოთ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებას”.

“ასეთი არეულობები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, მივეჩვიოთ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებას”.

ამირან სალუქვაძე

ბათუმის ცხელი ღამის რეზიუმე

გუშინ ვინც იმის მოლოდინში იყო, რომ აქციები მეტ მასშტაბებს მიიღებდა და მთელ საქართველოს მოედებოდა, ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ლამის დავიჯერო, რომ არ გაუხარდებოდათ რევოლუციური განვითარება.

ხელისუფლების მოქმედებები:

– პროცესების განვითარება იყო გაუთვლელი
– პოლიტიკური რეაგირება იყო დაგვიანებული
– პოლიტიკური განცხადებები იყო დაგვიანებული
– ხელისუფლების მოქმედებების საინფორმაციო უზრუნველყოფა იყო და არის ძალიან ცუდი
– კარგია, რომ არ მოხდა გადაჭარბებული ძალის გამოყენება
– ასევე დადებითად ვაფასებ, რომ ძალის გამოყენება აქციის დასაშლელად არ მოხდა მღელვარების პიკზე და დაელოდნენ დუღილის ჩაცხრობას

აქციის გამომწვევი მიზეზების შესახებ:

– არც 200 ლარიანი ჯარიმა, არც პატრულის რეიდები არაა იმის გამამართლებელი, რაც ბათუმში მოხდა
– გუშინდელ აქციას ვერ განვიხილავ, როგორც დაგროვილი მუხტის შედეგად გამოწვეულს

პოლიტიკოსთა რეაქციების და მოქმედებების შესახებ:

– მკვდარ სულებს რომ ძალიან უყვართ ასეთი აქციები საკუთარი თავის გამოსაჩენად, გუშინდელმა ღამემაც აჩვენა და ადრინდელმა უბედურმა შემთხვევებმაც (13 ივნისი, ბავშვთა სამყარო და ა.შ.)
– თუ პოლიტიკოსებს გსურთ აქციის მოწყობა, გამოაცხადეთ, შეკრიბეთ ხალხი და ჩაატარეთ
– თუ აქცია სპონტანურად რაიმე სოციალური მიზეზების გამო მოხდა და ეს თქვენი ორგანიზებული არაა, იქ მისვლა და რევოლუციური განცხადებების გაკეთება ამორალურია და პოპულიზმია. ეს ნიშნავს, რომ სხვის უბედურებას იყენებთ საკუთარი ინტერესებისათვის.

მედიის მოქმედებები:

დიდი ხანია მიცნობთ და მგონი იშვიათად იპოვით ჩემი მხრიდან მედიის ან ჟურნალისტების კრიტიკას, იმის მიუხედავად ჭრიან ჩემს ინტერვიუებს, უკუღმა ატრიალებენ თუ საერთოდ არ უშვებენ, მაგრამ ახლა ორ სიტყვას დავწერ.
– როგორც ომის, სტიქიური უბედურობების ან არეულობების დროს მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს
– მედიას ამ დროს შეუძლია როგორც დაამშვიდოს სიტუაცია, ისევე უკიდურესად დაძაბოს, როგორც ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, ასევე გადაჭარბებულად გააზვიადოს, შეუძლია ცეცხლს წყალი დაასხას, შეუძლია – ნავთი
– რამდენიმე დღის წინ დავწერე სტატია, რომ მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში საინფორმაციო ტერორის და სოციალური ქსელების დამოკიდებულების ქვეშ იმყოფება.ამ მოსახლეობაში ხომ ყველანი შევდივართ ჩვენი ოჯახის წევრებით, ნათესავებით, მეგობრებით…
– ასეთი არეულობის დროს სულაც არაა ჩემთვის საინტერესო პოლიტიკოსთა განცხადებების მოსმენა მთელი ღამის განმავლობაში. ხომ გასაგებია, რომ ყველა ოპოზიციონერი, საპარლამენტოა თუ არასაპარალმენტო, ხელისუფლების ლანძღვისთვის და საკუთარი თავის გამოცენისთვის გამოიყენებს?
– ერთი წამით არავინ იფიქროს, რომ ინფორმაციის შეზღუდვაზე ვსაუბრობ, პირიქით, მეტი და მეტი, ოღონდ რეალური ინფორმაცია.
– ასეთ კრიზისულ ან კრიტიკულ სიტუაციებში ჟურნალისტს შესაძლოა ხელისუფალზე, პოლიციელზე მეტი შეეძლოს. თქვენს დამამშვიდებელ ხმასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– თუმცა ეს თქვენს მოვალეობებში არ შედის და ვერავინ დაგავალდებულებთ, ჟურნალისტი თავისუფალი პროფესიაა და უნდა დარჩეს ასეთად. ვინც მიცნობს, იციან, რომ ძალიან მიყვარს ეს პროფესია და ზოგადად ჟურნალისტები, ისინიც კი, რომლებიც მჭრიან ან ვერ მამჩნევენ.
– ყველაზე მეტი დროც სიყვარულით დაგითმეთ და იმ მიზეზით, რომ თქვენ ჩემზე/სხვებზე მეტი ძალა გაქვთ, ჩემზე/სხვებზე მეტი შეგიძლიათ ქვეყნისთვის.

იყო თუ არა აქცია ორგანიზებული?

ჩემი შეფასებით იყო და აი რატომ:

– გთავაზობთ რამდენიმე ცნობად ადამიანს ვცადოთ და შევკრიბოთ ათასი ადამიანი აქციაზე. ვერ შევკრიბავთ. ხალხი ხან გაწყობილ სუფრაზე არ მიდის
– ქვების და კოქტეილების მიტანაზე ბევრმა დაწერა უკვე და არ განვმეორდები
– საიდან მოიტანეს შუა მარტის თვეში ამდენი პიტარდები? იცით, რომ ასეთი მასალების შემოტანაზე ნებართვას შსს იძლევა, თუ არ ვცდები ერთი თვის ვადით თუ იანვრის ბოლომდე. შემდეგ ვალდებულნი არიან ეს ფეთქებადი და აალებადი მასალები ჩააბარონ? ჰოდა მაინტერესებს შუაღამით საიდან მოიტანეს ეს პიტარდები? გამოძიება დაადგენს.
– რამდენიმე დღით ადრე იყო მოთხოვნები პოლიციის უფროსის გადაყენებასთან დაკავშირებით. როგორ აგორდა პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმის გამო ამოდენა აქცია? ისე მეც დავჯარიმდი რამდენჯერმე სითი პარკის და პატრულის მიერ (ველოსიპედთან მეყენა მანქანა, მეორედაც ალბათ რაღაც მსგავსი იყო, არ ვიცი. იარაღი დავიჭირო, თუ ქვები ვისროლო? დავაშავე და დავისაჯე. ძალიანაც რომ მოვინდომო, მიუხედავად ცნობადობისა, ალბათ 200 კაცსაც ვერ შევკრიბავ.

რა უნდა გაარკვიოს ხელისუფლებამ?

– რა მოხდა რეალურად, რამდენად სამართლებრივად სწორად იქნა გამოწერილი ჯარიმა
– ჰქონდა თუ არა ადგილი შეურაცხყოფებს და როდის?
– რამდენიმე კაციანი აქცია პოლიციის უფროსის გადაყენებასთან დაკავშირებით მანამდე მოეწყო. იყო თუ არა ეს გეგმის ერთი ჯაჭვი?
– შეფასდეს პატრულის მოქმედებების (დაჯარიმების) სტატისტიკა სხვა თვეებთან შედარებით და გაირკვეს მართლაც ზედმეტად გადაჭარბებულად ხომ არ ტარდებოდა საპატრულო რეიდები. სტატისტიკა ჯიუტია.
– ვის მიერ, როგორ იქნა გავრცელებული ინფორმაცია 6 პირის დაკავების შესახებ და როგორც მოხდა ხალხის შეკრება? ექვსიც დაუკავებიათ და ოცდაექვსის, მაგრამ ათასი კაცი კი არა ოჯახის წევრები არ მისულან სრული შემადგენლობით.
– თუ გუშინდელი არეულობები ორგანიზებული იყო, გაირკვეს და გამოცხადდეს რა ძალების მიერ. ამის გარკვევა არ უნდა იყოს რთული.
– იყო თუ არა აქციასთან კავშირში უცხო ქვეყნის, ანუ გარე ძალები?

დღეს თურქეთ-რუსეთის და ზოგადად ჩვენს ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ვაპირებდი სტატიის დაწერას, თუმცა გუშნდელმა მოვლენებმა თემა შემაცვლევინა. ამის მიუხედავად არ გამოვრიცხავ გარე ძალების მცდელობებს სიტუაცია არიონ ქვეყანაში. ამის დადგენა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია.

ყველა შემთხვევაში ჩვენს მოსახლეობას დიდი გონიარება მართებს. შარშან ზაფხულიდან ვწერ, გუშნდელი ღამის პოსტშიც დავწერე (წაიკითხეთ, იწყება სიტყვებით: “მიდით, ამოატრიალეთ ქვეყანა…”) ნაწილობრივ, რომ რთული პოლიტიკური წელი გველოდება გეოპოლიტიკური ვითარების გამო. რუსეთ-თურქეთის დაახლოება, ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოლოდინები, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და სხვა.

ასეთი არეულობები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მივეჩვიოთ არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებას.

სხვათაშორის ჩვენს კიდევ ერთ კუთხეში, აფხაზეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. მგონი არც გახსენია არავის.

ჩემს ბლოგს კი გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვებით დავასრულებ:

“ღმერთო, მიეცი ჩემს ქვეყანას ბედი და ბედნიერება,
ღმერთო, მიეცი ჩვენს ქართველებს სწავლა და მეცნიერება,
ღმერთო, ჩაუდე მათ გულში ძმობა და სიყვარული,
რომ გაუწიონ ერთმანეთს ერთგული სამსახური.”

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...