Home » მთავარი » აუდიტორია 115 დღეს 1-ლი მაისის საპროტესტო აქციას მართავს

აუდიტორია 115 დღეს 1-ლი მაისის საპროტესტო აქციას მართავს

აუდიტორია 115

ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ სიღარიბის, ჩაგვრისა და სოციალური უსამართლობის დამარცხებაზე არავინ ფიქრობს. ქართული პარტიები ერთმანეთს სისტემის მართვის ბერკეტებისთვის, სისტემის ძალაუფლების სათავისოდ გამოყენებისთვის ებრძვიან. არავის სურს არსებული სისტემის დანგრევა.
ერთჯერადმა და ფრაგმენტულმა რეფორმირებამ, საზოგადოებაში ვერ გააჩინა რეფორმების შეუქცევადობის განცდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. კერძოდ, შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აღარ მოჰყვა მთავრობისგან დაპირებული რეფორმის მეორე, მესამე და შემდგომი ეტაპები, რომლითაც – უნდა გაუმჯობესებულიყო:

• ქვეყანაში კვლავ გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომითი პირობების გაუმჯობესება – ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის უდიდესი დისბალანსი, რომელიც არსებობს ქალისა და მამაკაცის შრომითი ანაზღაურების საკითხში და ეს განსხვავება საშუალოდ 40%-ს აღემატება. ხშირ შემთხვევაში, ქალები სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ დეკრეტული შვებულების უფლებით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბევრ ქალს გარემოვაჭრეობით გააქვს თავი. გარემოვაჭრეებს მთელს საქართველოში დევნიან, რათა შექმნან მდიდარი ქვეყნის სურათი და გადაფარონ სინამდვილე. სინამდვილე, რომელშიც ევროპის დაბალანაზღაურებად სამსახურებში მომუშავე ემიგრანტი ქალების ფულადი გზავნილები აცოცხლებს მოსახლეობის უმრავლესობას; რომელშიც ქალები თანხმდებიან ყველაზე მწირ ხელფასებს ოჯახის სარჩენად. საზოგადოების მხრიდან სათანადოდ არ არის დაფასებული ქალთა უხილავი და შეუმჩნეველი შინ შრომა;

• უნდა დაწესებულიყო შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტები სამუშაო ადგილებზე და შექმნილიყო შრომის ბაზრის ისეთი აუცილებელი ინსტიტუტი, როგორიცაა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომელსაც უნდა განეხორციელებინა სრულფასოვანი ზედამხედველობა, როგორც დასაქმებულთა სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე, ასევე შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე;

• უნდა გაგრძელებულიყო არსებული შრომის კანონმდებლობის დახვეწა მისი საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით;

ნაცვლად აღნიშნული მოსალოდნელი პროგრესისა, შრომის კოდექსში შეტანილი პოზიტიური ცვლილები მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების გამო გამოუსადეგარი გახდა.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოძრაობა „აუდიტორია 115“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, სხვა ჯგუფებთან ერთად ბრძოლისა და შრომის ახალი ფრონტის გახსნას გეგმავს. ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და პარტიების საქმე არ არის.
ბრძოლის ახალი ეტაპი საპირველმაისო დემონსტრაციით დაიწყება. ჩვენ ვითხოვთ:

– ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, რომელიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაწესების გარდა, ინვესტორსა და მუშას შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებსაც დაარეგულირებს, ექნება სანქციების დაწესების უფლება. ინსპექცია მორგებული იქნება ქალთა საჭიროებებზე და არ დატოვებს ქალებს დამსაქმებლის წინაშე მარტო.
– მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონის შემუშავებას.
– საბანკო სექტორის შეზღუდვას ახალი სარეგულაციო კანონმდებლობით. ბანკებს რეალურად უნდა აეკრძალოთ არაპროფილური ბიზნესის ფლობა და მევახშეობის საშუალებით მოქალაქეების ძარცვა.
– პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, ვაუჩერული დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას.
– გარერეფერირების მექანიზმის დანერგვას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
– ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ისათვის საკმარისი საერთო საცხოვრებლის მოწყობას.
– ვეტერანთა უფასო ჰოსპიტალის ხელახლა ამუშავებას.
– გარევაჭრობის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას (გარევაჭრობა დაშვებული უნდა იყოს სანიტარული ნორმების დაცვის შემთხვევაში).
– შეწყდეს პროპკავშირული ნიშნით დევნა და უზრუნველიყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება შექმნას და გაერთიანდეს პროფესიულ კავშირში.
– მოვითხოვთ კონსტიტუციაში შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმებთან ჩანაწერის გაკეთებას.
– „თავისუფლების აქტის“ და კონსტიტუციის 94-ე მუხლის გადახედვას ან გაუქმებას.

1-ლი მაისის საპროტესტო აქცია 13:00-დან დაიწყება უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. აუდიტორია 115, პროფკავშირების ახალგარდზული მოძრაობა და ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაიწყებენ მსვლელობას 14:00-ზე ვარდების მოედნისკენ, სადაც 15:00-ზე შეკრებილ ათასობით პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელს შეუერთდებიან და გაერთიანებული ძალებით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ აიღებენ გეზს.

იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!
არავინ არის თავისუფალი, სანამ ყველა არ გათავისუფლება!
თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის!
თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...