Home » ექსკლუზივი » „აფხაზეთი საქართველოა, აუცილებლად დავბრუნდებით და მე ვიპოვი ჩემი ძმის საფლავს“

„აფხაზეთი საქართველოა, აუცილებლად დავბრუნდებით და მე ვიპოვი ჩემი ძმის საფლავს“

გმირების სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა, გმირებზე დგას ჩვენი ისტორია.

ოჯახი, რომელსაც ყველა შვილი ფორმიანი ჰყავს, სხვაგვარად ალბათ წარმოუდგენელიც არის, რადგან ამ ოჯახმა საქართველოს გმირი აღუზარდა-აფხაზეთის ომის გმირი, გოგიტა კიკნაძე.

პოლიციის აკადემიის სტუდენტი  სულ 17 წლის იყო, სამშობლოს დასაცავად წასასვლელად ასაკიც კი დამალა.

“ვარ 20 წლის, კარგად ვფლობ იარაღს, გთხოვთ, ჩამწეროთ აფხაზეთში წამსვლელთა სიაში”-წერდა პატაკში.

გაჭრა ტყუილმა, წავიდა. 2 ოქტომბერს და მასზე ბევრად უფროსებს გმირობის უბადლო მაგალითს აძლევდა. გოგიტას ლეიტენანტის წოდება ომში მიენიჭა და კიდევ უფრო მეტი თავდადებით განაგრძო ბრძოლა. სახლში დედა ელოდა, მან ისიც კი არ იცოდა სად იყო შვილი და ეძებდა ყველგან.

გმირებს დედებიც გმირები ჰყავთ-არ უშინდებიან არაფერს და შვილის საძებნელად „რკინის ქალამნებს“ იცმევენ, გზად ყველას შვილივით პატრონობენ, ჭრილობას უხვევენ და დედობრივ სითბოს არ იშურებენ.

ქალბატონმა ელენემ გოგიტას გაგრაში მიაგნო, მერე ყოველ წუთს ელოდა მის დაბრუნებას, მაგრამ…

… გაგრაზე შეტევის დროს, საბრძოლო მანქანა, რომელშიც გოგიტა კიკნაძე, ალეკო დათებაშვილი და სერგო დავიდოვი ისხდნენ, აფეთქდა. ისინი დაჭრილები ამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული ჯავშანტრანსპორტიორიდან, სამედიცინო მანქანაში მოათავსეს და სამშვიდობოს გაყვანა სცადეს, მაგრამ მორიგი ჭურვი სწორედ სასწრაფო დახმარების მანქანას მოხვდა. დაჭრილი მეომრები ცეცხლში ჩაიწვნენ, მათ შორის გოგიტა კიკნაძეც.

გოგიტა გაგრაში დაიღუპა და ოჯახს მისი საფლავიც კი არ აქვს, ნუგეშს პატარა და ლამაზი სკვერი აძლევს, სადაც მოქალაქეები მიდიან და იმ უბანში ყველამ იცის ვინ იყო გოგიტა კიკნაძე, მისი მშობლიური 182-ე სკოლა ამაყობს გმირის სახელით, ოჯახი კი იმედით უყურებს მომავალს.

გოგიტას დები თამარ და მაია კიკნაძეები დღეს სამშობლოს სადარაჯოზე დგანან.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მომუშავე თამარ კიკნაძე პირველი ქალია, რომელიც ამ დაწესებულებიდან ავღანეთში მისიის შესასრულებლად იყო წასული.

ქალაქ ქაბულში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს მიიღო მედალი და ამაყობს, რომ პირველი მანდილოსანია,  რომელიც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან იმყოფებოდა მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც მიუხედავდ იმ უდიდესი საფრთხეებისა ღირსეულად გაართვა თავი ყოველივეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. ყველაზე ძალიან კი ის უხარია, რომ ღირსეულად აგრძელებს გმირი ძმის გზას და სამშობლოს ემსახურება, თუმცა თამარზე უფრო ვრცლად სხვა წერილსა და სიუჟეტში მოგიყვებით, დღეს მის იმედს და ოცნებას გაგანდობთ მხოლოდ. სამხედრო ქალბატონი ოცნებობს იმ დღეზე, როცა აფხაზეთში დაბრუნდება და მისი ძმის საფლავს მონახავს.

-„რამდენი ახალგაზრდაა, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს და მშობლებმა არ იციან მათი საფლავები, შაოსანი დედების ტკივილი ჩემთვის ძალიან ახლოა და ვცდილობ მათ გვერდით ვიყო,  ერთად ყველა გზა მოვნახოთ, რომ დაღუპული  ბიჭები ოჯახებს დაუბრუნდნენ.

აფხაზეთი საქართველოა! მე მჯერა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით და მე ვიპოვი ჩემი გოგიტას საფლავს“-ამბობს თამარი.

გოგიტა კიკნაძეს ლექსები მიუძღვნეს და ჭაბუკად დარჩენილი პირტიტველა ბიჭის სახელ

ერთხელ მოვედი ამ ქვეყნად
ერთხელ ვიცოცხლე კაცურად ,
უფალთან ისე წავედი
სათქმელი დამრჩა ბავშურად .
ნუ დამიტირებთ ხომ იცით
ვაჟკაცებს ცრემლი არ შვენით
დედა მე მარტო არა ვარ
გვერდით გამომყვნენ ბიჭები.
ჯარი ვართ დედა ხომ გესმის
“ვაჟკაცო ხელი ხმალს იკარ ”
რომ შემოვძახეთ სიმღერით
მტერმა შიშისგან გაჰკურცხლა
არ დაიდარდო დედაო,
გმირი გყავს შვილი იცოდე ,
ამ ქვეყნად სანამ იქნები
ჩემი სახელიც იცოცხლებს.

ოჯახი, რომელმაც სამშობლოს მებრძოლები გაუზარდა, დედა, რომელმაც ქვეყნის წინაშე ვალი პირნათლად მოიხადა და შთამომავლობა, რომელიც აუცილებლად მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით გაიზრდება…

დიდება გმირებს!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...