Home » მთავარი » „აქ მაცხოვრებლებს დიდი განსაცდელები აქვთ, სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან…“

„აქ მაცხოვრებლებს დიდი განსაცდელები აქვთ, სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან…“

საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებული ტაძრები

ფართო საზოგადოებამ კარგად იცის, რა ვანდალური საქციელი ჩაიდინეს კომუნისტებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსასპობად: იავარქმნეს მრავალი ტაძარი და გადააკეთეს ბოსლებად, აბანოებად, საწყობებად, თეატრებად და საცხოვრებელ სახლებად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ღვთის წყალობით, რელიგიურმა ნაგებობებმა და სიწმინდეებმა კვლავ დაიბრუნეს უპირველესი სულიერი ფუნქცია და უმაღლესი ღვთაებრივი დანიშნულება, სამწუხაროდ, XXI საუკუნის საქართველოში დედაქალაქის ცენტრში კვლავ არის შემორჩენილი საცხოვრებელ სახლად გადაკეთებული რამდენიმე ტაძარი.

ავლაბარში, ყოფილი რობესპიერის, ამჟამად მთავარანგელოზის #23-ში მდებარეობდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია. ტაძარი აუგიათ 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის ხელმძღვანელობით. პლატონ იოსელიანის ცნობით კი იგი აუშენებიათ 1805 წელს. მაშენებლებად დასახელებულნი არიან მეტეხის ეკლესიის დეკანოზი ზაქარია და მისი ძმა იოსებ სულხანოვები. შენობა გადაკეთებულია სამსართულიან სახლად, მას გვერდებიდან აქვს უკანონო მინაშენებიც. ტაძარი ფუნქციონირებდა 1923 წლამდე. იგი ჯერ ბოლშევიკების მიერ გადაკეთდა სასამართლოდ, შემდეგ პოლიკლინიკად, ბოლოს პურის ქარხნის საერთო საცხოვრებლად, საბოლოოდ სახლის იერი მიიღო 1938 წელს. ამ შენობაში ამჟამად ცხოვრობს 22 ოჯახი, ტაძრის ორივე სართული დატიხრულია ოთახებად, საკურთხევლის ტერიტორია გამოყენებულია დერეფნად. საკურთხევლის თავზე დაშენებულია ტუალეტები.

ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ მაცხოვრებლებს დიდი განსაცდელები აქვთ. მობინადრეთაგან ასაკოვანი არავინ მომკვდარა, სულ ახალგაზრდები და მცირეწლოვანები იღუპებიან. ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში იყო სასულიერო სემინარია, რომელიც 1923 წელს გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად, აქვე მდებარეობდა სასაფლაოც. მოსახლეობა შესაბამისი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში თანახმაა, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ერთ-ერთი მოსახლის ცნობით, უმრავლესობა დააკმაყოფილეს ბინებით, მაგრამ ზოგიერთი ვერ ელევა აქაურობას.

რუსთაველის #48-ში მდებარეობდა წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აგებული რუსული ხუთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც აუშენებიათ XIX საუკუნეში კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელი ორგანიზაციის დახმარებით. ტაძარი ხელყვეს კომუნისტებმა 1924 წელს. ამ ტაძართან დაკავშირებით ჟურნალ “ნიანგის” მე-2 ნომერში გამოქვეყნდა კარიკატურა სახელწოდებით “სარწმუნოება ხალხისთვის ოპიუმია”, სადაც გამოსახული იყო წმინდა თეოდორეს ხუთგუმბათიანი ტაძარი და სამრეკლოსთან მდგარი რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც რეკავდნენ ზარებს, მათ წინ კი იდგა ყურებში თითებგაჩრილი ლენინის ბიუსტი და ამბობდა: ,,ყველას ჩემი გამოჯანსაღება სურს. არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ეგ სურვილი, მაგრამ მე მაინც მალე მოვმჯობინდებოდი, რომ ამ განუწყვეტელი ზარების ხმას არ მოეწამლა ჩემი არსება”. ამჟამად შენობის ფართს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ.

წყარო: კარიბჭე

-rustavelis 48 1

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...