Home » მთავარი » ახალი სტრატეგიული ხედვა თავდაცვის სისტემაში

ახალი სტრატეგიული ხედვა თავდაცვის სისტემაში

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს

ახალი სტრატეგიული ხედვა ოთხწლიან დაგეგმვის პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია ძლიერი, ეფექტური თავდაცვის სისტემებისა და ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და შედეგზე ორიენტირებული შეიარაღებული ძალების ფორმირება, რომელიც არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად იქნება დაბალანსებული, მოქნილი, ადაპტირებადი და თვითმყოფადი. სტრატეგიული ხედვა ფართო შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ლევან იზორია სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ უწყების ინიციატივების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან განხილვის ტრადიცია ჩამოყალიბდება. „ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებთან არის დაკავშირებული. გვინდა გარკვეული ფორმატი და ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ. ამ ინიციატივების წარდგენამდე ყველა დაინტერესებულ უწყებას, განსაკუთრებით კი, საკანონმდებლო ორგანოსა და უშიშროების საბჭოს დავპატიჟებთ იმისთვის, რომ წინა მომზადების ეტაპზე განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარვადგინოთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის უწყებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, დეპუტატების ჩართულობა და ინფორმირებულობა რეფორმების განხორციელების პროცესში სახელისუფლებო შტოების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარემ უწყებაში ჩატარებული რეფორმისა და ოპტიმიზაციის პროცესი დადებითად შეაფასა. „აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმები დაანონსებული იყო 4-5 თვის წინ. ბატონმა მინისტრმა, მართლაც, გაბედული ნაბიჯი გადადგა. ყველამ ვიცოდით – წინა მინისტრებმაც, პარლამენტის მნიშვნელოვანმა რგოლმა, რომ თავდაცვის უწყებაში მთელი რიგი სტრუქტურული, საშტატო რეფორმები განსახორციელებელი იყო. რაც გაკეთდა, აუცილებელი იყო. თუმცა, ნებისმიერი უწყებისთვის რეორგანიზაცია – ეს აუტანელი სიტყვაა. განხორციელებული რეფორმა იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ამ უწყებებში სიტყვა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია აღარ უნდა გავიგოთ. რიგით თანამშრომელს, ჯარისკაციდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, კარიერული დაგეგმვის შესაძლებლობა; უწყებას ჰქონდეს ძლიერი სტრუქტურა, რომ განვითარდეს და გაფართოვდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პროცესს ყურადღებით აკვირდება. „პრეზიდენტი ჩართულია და აღნიშნულ პროცესს ყურადღებით აკვირდება. რეფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მნიშვნელოვანია რომ გატარდეს, რადგან ქვეყანას არსებული საფრთხეების ადეკვატურ მზაობასთან მიიყვანს. არის რიგი საკითხები, რომლებსაც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში უშიშროების საბჭოზე განვიხილავთ“ – განაცხადა მან.

გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. კერძოდ, საუბარი შეეხო უწყების ხედვას, რეფორმების მიზანს, გამოწვევებს, განხორციელებულ და განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომლებიც შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საუბარი შეეხო უწყებაში საშტატო წოდებრივი ოპტიმიზაციის, წოდებრივი ანაზღაურების, ასევე, პროცესის შედეგად დაზოგილი თანხების შეიარაღებული ძალების ინფრასრტუქტურული პროექტებისკენ მიმართვის საკითხებს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოთქვეს.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...