დღეს, ტრაბახობენ რომ მშვიდად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ ორი იმდენს, რაც მანამდე ჰქონდათ დაღვრილი – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამასთანავე, მისი თქმით, 2012 წელს ძლიერი მენეჯერის ყველა თვისება გამოამჟღავნა და ხალხის მობილიზება მოახდინა.
„თუ ვინმეს პროცესების შეფასება შეუძლია და მენეჯმენტი ესმის, მე შემიძლია ვიტრაბახო, მაშინ მე ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და ხალხის მობილიზება გავაკეთე. ეს არ მომხდა რა თავისით, რა თქმა უნდა, ხალხს განწყობა ჰქონდა, ჩემი და ჩვენი გუნდის წვლილი აქ შეიძლება, ნახევარი იყოს. იმხელა თავყრილობა ჩვენს საზოგადოებას არ ახსოვს. ამბობენ, რომ 700 000 ადამიანი იყო გამოსული. ხალხი ყავარჯნებით გამოვიდა იმდენად გამწარებული იყო და აი, ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების მწვერვალი, ამ ყველაფრით წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არა იმით, რომ ვითომ, მშვიდად წავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ამერიკიდან ძალიან აქტიური იყო, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა. საწყის ეტაპებზე ბევრი პოლიტიკოსი მეუბნებოდა, რომ დავჯერებოდი ოპოზიციას და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა.
მე ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დავულაგე სპუტნიკიდან გადაღებული კადრები და ვაჩვენე ხალხის მასა და ვუთხარი – მე ამის გამჩერებელი არ ვარ, ეს ხალხი არ გაჩერდება, მე მათ გაჩერებას არ ვეცდები, არასწორი იქნება-მეთქი.
დღეს, ტრაბახობენ რომ მშვიდათ წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ ორი იმდენს, რაც მანამდე ჰქონდათ დაღვრილი. ჩვენ მათ გასასვლელი არ მივეცით, რადგანაც რეალური ძალის მობილიზაცია მოხდა და არა ყალბი.
რისკები უდიდესი იყო. ჩემი დაცვის წევრები, რადგანაც გამოუცდელები იყვნენ თავიანთი „მეგობრები“ „უყრიდნენ“ და ეუბნებოდნენ, რომ თუ ხიდზე გადავიდოდი ამაფეთქებდნენ. ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველი-მეთქი. დღეს ყველა ახსენებს, რომ პასუხისმგებლობის მეშინია და იმიტომ მივდივარ. სადაც გაცლაა საჭირო მე იქ ვეცლები, მაგრამ ის, რაც მოხდა 2011 – 2012 წლამდე ყველაფერი გონებით დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი დიდი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ მშიშარა ხალხით ჩამოყალიბებული გუნდია. მათ, შიშის ფონზე ნახეთ რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება. უშიშარი კაცი ასე არ მოექცევა მავანს, არათუ თავის თანამოძმეს, მშიშარაა საშინელება. თუ ქველმოქმედება გამიკეთებია სწორედაც რომ აქ გავაკეთე, როდესაც ისინი გავუშვით.
მე ვამაყობ, რომ ძლიერი მენეჯმენტი ჩავატარეთ და ღირსეულად ვძლიეთ მოძალადეებს, რომლები დღეს საცოდავ დღეში არიან,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.