Home » მთავარი » ბრწყინვალე შვიდეული – „გამარჯობის“ ნაცვლად „ქრისტე აღსდგა“ – „ჭეშმარიტად!“

ბრწყინვალე შვიდეული – „გამარჯობის“ ნაცვლად „ქრისტე აღსდგა“ – „ჭეშმარიტად!“

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ „ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!“ ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო….“ სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ – „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...