You are here
განსაკუთრებული მფარველობ… ყოველთვის ახერხებდა საქართველო გადარჩენისათვის ძალების მოკრეფას… მთავარი საზოგადოება 

განსაკუთრებული მფარველობ… ყოველთვის ახერხებდა საქართველო გადარჩენისათვის ძალების მოკრეფას…

საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციერი დედოფალია.

ხატზე “დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა” ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულია დედა ღვთისა: მას ხელში უპყრია ომოფორი – ვიწრო, გრძელი თავსაბურავი, რომელსაც იუდეველი ქალწულები იფარებდნენ თავზე. დედა ღვთისა თავის ბრწყინვალე ომოფორს განართხამს საქართველოს ეკლესიაზე; ასე ოდესღაც მან ვლაქერნის ტაძარში მლოცველებზე განიპყრო ომოფორი, როცა კონსტანტინოპოლი მტრის ალყაში იყო მოქცეული, თითქოს გიგანტური რვაფეხას საცეცებში მომწყვდეული.

ქართველმა კაცმა კარგად იცოდა, რომ მისი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრია. ოპტიმიზმი, გამოწვეული ამ ცოდნით, ხშირად არხეინობაშიც კი გადაზრდილა. მაგრამ, რაც მთავარია, ქართველს ვერ გატეხდი, მან იცოდა, რომ განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.

საინტერესოა, რომ წმიდა მოციქულთასწორი ნინოც ღვთისმშობლის მიერ არის გამოგზავნილი ივერიაში. ის სასწაულთმოქმედი ვაზის ჯვარიც, რომელიც უდიდესი სიწმიდეა ჩვენთვის, სიონის მთაზე გამოცხადებისას თავად ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა ნინოს (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, არსენ იყალთოელი, “ცხორება და მოქალაქობა ნინოისი”, გვ. 361, თბილისი 1978 წ.). აღნიშნული ჯვარი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება.

ღვთისმშობლის კვართმაც საქართველოში დაიდო ბინა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. როცა ბიზანტიას საფრთხე დაემუქრა, დედაღვთისას კვართი საქართველოში გადმოაბრძანეს.

ქართველმა კაცმა იცის, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ნათესავები, ბაგრატიონები გამოაგზავნა საქართველოშიო. ეს შემთხვევით არ მომხდარა.

ღვთისმშობლის წილხვედრობა, ქართული ენის ლაზარეობა, ბაგრატიონების დავითიანობა და უფლის კვართის საქართველოში დავანება, არის ის ძველი ქვაკუთხედები ეროვნული იდეოლოგიისა, რომლის საფუძველზეც ახერხებდა საქართველო გადარჩენისათვის ძალების მოკრეფას.

Comments

comments

Related posts