Home » ინტერვიუ » „გაყალბებაზე მოსაუბრე განაწყენებული პოლიტიკური ორგანიზაციების პროცენტებს თუ შევკრიბავთ, ჯამი 200% –ს სცილდება”

„გაყალბებაზე მოსაუბრე განაწყენებული პოლიტიკური ორგანიზაციების პროცენტებს თუ შევკრიბავთ, ჯამი 200% –ს სცილდება”

„იმედს ვიტოვებ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს თბილისი მერის პოსტზე ნარმანიაზე უკეთესი მერი იქნება…“

„…მეორე ტური მოსალოდნელია…გაერთიანების გარეშე რთულია სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება …“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღე დარჩა. როგორ ჩანს წინასაარჩევნო პროცესი გვერდიდან?

ჩვენ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორს  ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ.

-მთელი წინასაარჩევნო ერიოდი აქტიურობდით სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არჩევნებამდე სამი დღე რჩება. თქვენ ამ არჩევნებს გარედან აკვირდებოდით, როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო და ჰქონდათ თუ არა კანდიდატებს თანაბარი პირობები?

-სატელევიზიო სივრცეში კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება წარმოედგინათ პროგრამა და საკუთარი ხედვა დებატების რეჟიმში. გააჩნია რა იგულისხმება თანაბარ პირობებში? ზოგადად სრულიად თანაბარი პირობები ვერ იქნება, რადგან ჯერ ერთი რომ ფინანსებს არჩევნებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ასევე სახელისუფლებო კანდიდატს ყოველთვის ექნება თუნდაც მცირე, გარკვეული ჰანდიკაპი, რასაც სახელისუფლებო რესურსი ჰქვია. მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემო შესაძლოა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.

-თქვენი აზრით, როგორ იმუშავა ოპოზიციამ და შეძლო თუ არა სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანა?

-გააჩნია ვის ვეძახით ოპოზიციას? დღეს ოპოზიცია ორ ნაწილად უნდა დავყოთ, ნაციონალური მოძრაობა საკუთარი განაყოფებით და დანარჩენი ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს და მათ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მათ ზურგს უმაგრებს ყველაზე რეიტინგული არხი “რუსთავი 2”, ამომრჩევლამდე საკუთარი პლატფორმის მიტანის პრობლემა არასდროს გააჩნიათ. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას მათ ვერც ამჯერად მოახერხეს გაერთიანება ერთობლივი კანდიდატების წამოსაყენებლად. ზოგადად საზოგადოება პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან მრავალგზის მოტყუვდა, მათ ნდობა პარტიების მიმართ აღარ აქვთ და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოში ხმას ძალიან მცირე პროცენტი თუ აძლევს პროგრამის გამო, რადგან ყველამ იცის რომ წინასაარჩევნო დაპირებების უმრავლესობა ბლეფია. ამის გათვალისწინებით, ამომრჩეველს იმდენად ის კი აღარ აინტერესებს ვინ რას სთავაზობს, არამედ ვის რა დაუშავებია, ან გაუკეთებია, ვინ როგორი პოლიტიკური ცხოვრება განვლო, ზნეობრივი საკითხები და ა. შ.

– უნდა იყოს თუ არა ეგზიტპოლები?

-. ჩემი აზრით არა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლები მხოლოდ სავარაუდო შედეგებს გვაწვდიან, ეს გავლენას ახდენს ელექტორატზე. თუ ეგზიტპოლის შედეგებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოაცხადებენ, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ.

-კანდიდატები მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობენ…

-ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები, გაყალბებაზე საუბარის გარეშე ჩაევლოს. რა თქმა უნდა გაყალბება ჩვენთან არჩევნების თანმდევი მოვლენაა, მაგრამ მაშტაბებს გააჩნია, ზოგჯერ ისეთი მცირე მასშტაბია, რომ ეს ძირითად შედეგზე გავლენას ვერ ახდენს ხოლმე, ზოგჯერ პირიქით. ხშირად კურიოზული სიტუაცია იქმნება, როდესაც გაყალბებაზე მოსაუბრე განაწყენებული პოლიტიკური ორგანიზაციების პროცენტებს თუ შევკრიბავთ ჯამი 200% –ს სცილდება…

-როგორ  ფიქრობთ, მეორე ტური მოსალოდნელია? როგორც მერის, ისე კანდიდატების შემთხვევაში?

-მეორე ტური კანდიდატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს. სავარაუდოდ მერის შემთხევაშიც მოსალოდნელია, რადგან კანდიდატების სიმრავლეა და ხმები გაიყოფა. ჩემი პროგნოზით კახა კალაძე არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. რადგან დღეს გაერთიანების გარეშე ძალიან რთულია სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება. საკრებულოს რაც შეეხება, ქართული ოცნება უმრავლესობით მოვა საკრებულოში, მეორე ადგილს ისევ ნაციონალური მოძრაობა დაიკავებს. “ევროპულ საქართველოსაც” აქვს შანსები საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეს. მივესალმები თუ საკრებულოში სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოხვდებიან, რადგან ეს აუცილებელია თუნდაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის თვალსაზრისით. პირადად ვგულშემატკივრობ ჩემს მეგობარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რადგან მისი საკრებულოში საქმიანობა “საზოგადოების ქომაგის” არსებობას უდრის საკრებულოში!

-როგორც ამომრჩეველი რას ელით ამ არჩევნებისგან?

-ბისმარკის სიტყვების კიდევ ერთხელ გამართლებას, რომელმაც თქვა “ისე არასდროს იტყუებიან, როგორც არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგო“. შესაბამისად ამ არჩევნებისგანაც ბევრს არაფერს, მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს თბილისი მერის პოსტზე დავით ნარმანიაზე უკეთესი მერი იქნება, თუნდაც მცირედით და ამის იმედი ნამდვილად მაქვს. საკრებულოს შესახებ კი ვერაფერს გეტყვი, უკეთესობის დიდი მოლოდინი არ მაქვს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...