Home » მთავარი » დავით უსუფაშვილი ივანიშვილზე, „ოცნებაზე“, „ნაციონალებზე“ და შეცდომებზე, რომლებიც არავის აღარ ეპატიება…

დავით უსუფაშვილი ივანიშვილზე, „ოცნებაზე“, „ნაციონალებზე“ და შეცდომებზე, რომლებიც არავის აღარ ეპატიება…

   პარლამენტის თავმდჯომარე და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია გუშინ ვინ გაგვახარა, გინდ ჩემპიონობით, გინდ ქველმოქმედებით, გინდ პოლიტიკური წარმატებებით.

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხვალ ვინ გამოგვადგება!

ვინ გაიყვანს ქვეყანას ფონს, აი ამ ძალიან მძიმე ვითარებაში.

ეს არჩევანი კი თითოეულმა ჩვენგანმა 8 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

მე ვამბობ, დიახ მე ვერ შევძელი ცხოვრებაში ბევრი მილიონის შოვნა, მე ვერ შევძელი ოლიმპიური მედლის მოპოვება, ხვალ რომ გამიშვათ რაღაც მიმართულებით, ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია და რაც ვიცი, სწორედ სახელმწიფოსთან, დემოკრატიასთან, ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყებნებასთან, საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებია. ამ ყველაფერზე მზად ვარ სრულიად პოლიტიკურ სპექტრს გავეჯიბრო. დიახ, მე მაქვს ეს ამბიცია და შესაბამისად მზად ვარ ნებისმიერთან პაექრობისთვისაც. რა თქმა უნდა არის უამრავი სხვა თემა, რომელშიც მე არ ვარ მზად ასე ყოჩაღად ვინმესთან სასაუბროდ და ზუსტად ამაშია საქმე! “რესპუბლიკური” პარტიიდან, ან ჩემგან, როგორც კი მოისმენთ, რომ მხოლოდ ჩვენ გადაგარჩენთ ხალხო და დანარჩენები რაში გჭირდებათ, აი იმ წუთშივე დამისვით ჯვარი, რომ თურმე მეც გამირეკია. ასე რომ, თუ ვინმე გვეუბნება, რომ მორჩა დამთავრდა ყველაფერი, პრობლემები მოვაშორეთ, ვინც გასაშვები იყო გავუშვით, ვინც ჩასასმელი იყო ციხეში ჩავსვით, ახლა აგერ ვარ მე და ჩემი გუნდი და ამ ქვეყანას უკვე ჩვენ მივხედავთ – აი აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. რადგან, ჩვენ ქართველებმა, ბევრჯერ ვნახეთ, ბევრჯერ გავიარეთ ეს და კიდევ ერთი შეცდომა დაუშვებელია, აღარ გვეპატიება.

   სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი არის “რესპუბლიკური” პარტიის კონკურენტი “ქართული ოცნების” არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც , სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი. ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი იმ ვითარებაში სადაც არის… თუმცა მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს. მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს! ხმას აძლევს მაგალითად “რესპუბლიკურ” პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება?! არ მინდა ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად “ქართული ოცნება” არ არსებობს. რადგან, პოლიტიკურად თუ “ქართულ ოცნებას” გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად. დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ “ქართული ოცნება” მმართველი პარტია ვეღარ იქნება. ეს ყველაფერი ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ მე ვაკნინებ იქ მყოფი ადამიანების მნიშვნელობას. რადგან თუნდაც გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი ეს არის ცალკე ღირებულება! ასე რომ, მე “ქართულ ოცნებასთან” ვიპაექრებდი და არა მის ასეთ ვითარებაში მყოფ ლიდერთან, რომელსაც ხელს ვერ მოკიდებ, ვერ გაეჯიბრები და ა.შ. ზოგადად, მე რასაც ვუყურებ, როგორც ჩანს 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, სახელისუფლებო ტვირთმა ოცნების დამფუძლებელს შესაძლოა პრიორიტეტები შეუცვალა, რასაც დაპირებების გარკვეულწილად შეკვეცა მოყვა კიდეც… მართალია ამის უამრავი მიზეზი იყო, როგორც საგარეო, ასე საშინაო ფაქტორები.. მაგრამ ეს მაინც მისი არჩევანი იყო. ამიტომ ახლა, 8 ოქტომბეს, უკვე ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ყველას თავისი უნდა მიაგოს. უმადურობას უნდა შევეშვათ ჩვენ მოქალაქეები და ყველას თავისი დავუფასოთ. მაგრამ ამასობაში არჩევანი მომავალზე უნდა გავაკეთოთ. იმაზე, თუ ხვალისთვის ვინ გამოგვადგება. გუშინ ვინ გაგვახარა, გინდ ჩემპიონობით, გინდ ქველმოქმედებით, გინდ პოლიტიკური წარმატებებით, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ხვალ ვინ გაიყვანს ქვეყანას ფონს, ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, აი ეს არის უმთავრესი. მიტუმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს შემოგარენში, კავკასიაში, კიდევ უფრო დიდ ევრაზიულ კონტექსტში, არის უკიდურესად დაძაბული. აი აქ გვჭირდება სწორედ სახელმწიფოს პატრონობის შემძლე ხალხი! პირადად მე, მზად ვარ გავუწოდო თანამშრომლობის ხელი ამისთვის მომართულ ადამიანებს. მაგრამ გამიჭირდება ამ ხელის გაწვდენა მათთვის, ვინც 4 წელი პარლამენტში იყო და არ იპარლამენტარეს. 4 წელი ერთად ვიყავით და 4 წელი მათ ძებნაში გავლიე… და ასეთი ხალხი თუ კიდე იქნება უმრავლესობაში, ეს ხალხი თუ იქნება ისევ სასურველი ჩვენი მომავლისთვის, ეს მე უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია. კი, თითეული მათგანი გადასარევი პიროვნებაა, წარმატებულებიც არიან, მაგრამ ამ საქმეს, პოლიტიკას, პარლამენტს, მთავრობას ჭირდება ადამიანები, რომლებსაც ამისთვის ცალია, რომელთათვისაც ეს საინტერესოა და მათი მიზანიცაა. ბოლოს კი, მე მინდა დავამშვიდო ყველა, სანამ მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი- ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!

სახელმწიოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება. ეს უბრალოდ აღარ გვეკადრება! ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე რომ ეს ვერ გავიაზროთ. ჩვენ ცოტა სხვა გამოცდილების და ხედვების ხალხი ვართ. რეალურად კი, მე მიმდინარე პროცესებში უფრო სხვა ლიდერებისგან ვხედავ პრობლემებს და მე არ მინდა, რომ უცხოეთში გაქცეული თუ გადახვეწლი ავანტურისტული იდეებით დაკავებული ყოფილი თუ დღევანდელი ლიდერები, რაღაც პროვოკაციის მსგავსს გვიწყობდნენ გამუდმებით. აი მათ თემებზე უნდა ვიყოთ ყურადღებით. რადგან სამწუხაროდ, ნაციონალებმა ვერ დააღწიეს თავი იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზე არ უნდა წავიდნენ. თორემ, ჩვენ შემთხვევაში, სამივეს მაგივრად გაძლევთ პირობას, რომ არჩევნების წინ კი, ეს იქნება პოლიტიკური კონკურენცია, პაექრობა, მაგრამ ეს არ იქნება მტრობა, კანონის დარღვევა, არც ზნეობის და ეთიკის ნორმების დარღვევა.”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...