Home » ეს საინტერესოა » “დაკრძალეს,როგორც მეფე! მოთხარეს, როგორც მონა!”- დიდი ქართველები

“დაკრძალეს,როგორც მეფე! მოთხარეს, როგორც მონა!”- დიდი ქართველები

მარინა ლათიბაშვილი

დავით სარაჯიშვილი -,,ეკონომიკა ვიღას ახსოვს, გადავყევით ამ პოლიტიკას!”..

-,, მე ვარ თბილისის ძირეული მოქალაქე.აქ დავიბადე და აღვიზარდე,’’-წერდა დავით სარაჯიშვილი.მის წინაპრებს თბილისის მოქალაქეობის ტიტული 18-ე საუკუნეში მიუღიათ.იგი ქართლის მეფეს ვახტანგ მეექვსეს დაუწესებია.
უაღრესად განათლებული,უამრავი რეგალიების მფლობელ დავით სარაჯიშვილს უფრო იცნობენ, როგორც ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელს. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მან თბილისში კონიაკის ქარხანა დააფუძნა და 1888 წელს ქართული კონიაკის პირველი პარტია ჩამოასხა. მისი ემბლემა იყო კლდეზე შემართული ჯიხვი,რომელიც დავითის სახლის გალავანსაც ამშვენებდა.ეს ქანდაკება დღესაც დგას კონიაკის ქარხნის ეზოში. საერთაშორისო შეთანხმებით იგივე ტექნოლოგიით დამზადებულ სასმელებს ,, ბრენდი’’ ჰქვია .ვარაუდობენ,რომ სარაჯიშვილს ფრანგებისგან პატენტი უნდა ჰქონოდა ნაყიდი,რადგან ქართულ კონიაკს მაშინაც და ახლაც ,,კონიაკი’’ აწერია.

14724406_1945447419016010_8969121671993092894_n
მაგრამ, დავით სარაჯიშვილი მხოლოდ მეწარმე არ გახლდათ. იგი ცნობილი მეცენატი იყო. ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მისი ხარჯით მიიღო ევროპული განათლება. დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები იყვნენ: დიმიტრი არაყიშვილი,მელიტონ ბალანჩივაძე,ვანო სარაჯიშვილი,იაკობ ნიკოლაძე,გიგო გაბაშვილი,მოსე თოიძე და კიდევ ვინ მოთვლის…. მაგრამ,მისი აზრით,ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ქველმოქმედების იმედად არ უნდა ყოფილიყო: ,,კომერციულ საქმეს კომერციული ნიადაგი უნდა ჰქონდესო. ეკონომიკა აღარავის ახსოვს,ლამის გადავყვეთ ამ პოლიტიკას!’’-ამბობდა თურმა გულნატკენი.
დავით სარაჯიშვილი გარეგნულადაც წარმოსადეგი კაცი ყოფილა.უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩს ,,ვეფხისტყაოსნის ‘’ილუსტრირებისას იგი შოთა რუსთაველის პორტრეტის პროტოტიპად დაუხატავს. განუყრელი მეგობრები ყოფილან დავით სარაჯიშვილი და ილია ჭავჭავაძე.,,ილია ხშირად თავის ნაწარმოებებს პირველად მის სახლში კითხულობდა.მომხდარა ისეც,რომ ნაწარმოების ნათლია თავად დავითი გამხდარა.თანაც,ისეთი გულუხვი ნათლია,რომ ,,ნათლობასაც’’ თვითონ იხდიდა .ასე ,,მოინათლა’’ ილიას ,,განდეგილი’’ და ,,ოთარაანთ ქვრივი’’,-იგონებს იაკობ მანსვეტაშვილი.

14691050_1945446825682736_3876871494583929704_n-%d0%ba%d0%be%d0%bf%d0%b8%d1%8f
დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებით ქვეყანას მოუკვდა დიდი მოჭირნახულე.ანდერძის მიხედვით უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ერთი ახლობელი და არც საკუთარი ქვეყანა.მაგრამ,მოხდა ის,რაც არ ეკადრებოდა და არც იმსახურებდა ეს დიდებული მამულიშვილი: გარდაცვალებიდან 28 წლის შემდეგ,ავადმოსაგონარ 30-იან წლებში დავით სარაჯიშვილის ახლობლები აიძულეს დავითისა და მისი მეუღლის,ქეთევან ფორაქიშვილის ნეშტები დიდუბის პანთეონიდან გადაესვენებინათ.მიზეზი-დავითი მრეწველი,კაპიტალისტი იყო ?!…პანთეონში კი ხელოვნების მოღვაწენი და ლიტერატორები უნდა დაეკრძალათ. ახლობლებმა მათი ნეშტები ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს. ერთადერთი სახსარი მათ გადასასვენებლად ის საქორწინო ბეჭდები იყო,რომელიც ცოლ-ქმარს სამარეში ჩაატანეს.მოგვიანებით, როგორც იტყვიან,სამართალმა პური ჭამა და დავითი და მისი მეუღლე მისსავე აგებულ ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადაასვენეს. დავით სარაჯიშვილის ერთ-ერთმა ახლობელმა ასე გამოხატა ამ დიდი ადამიანის ტრაგედია:
,,-დაკრძალეს,როგორც მეფე! მოთხარეს, როგორც მონა! და ვაბარებთ მიწას,როგორც წმინდანს!’’ დავით სარაჯიშვილი იყო ადამიანი,რომლისთვისაც სიმდიდრე იყო მსახური და არა -ბატონი!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...