You are here
დაპირება ბევრია, მაგრამ პოლიტიკურმა კანდიდატებმა დაასაბუთონ, რომ არ არიან პოპულისტური ლიდერები ეკონომიკა მთავარი 

დაპირება ბევრია, მაგრამ პოლიტიკურმა კანდიდატებმა დაასაბუთონ, რომ არ არიან პოპულისტური ლიდერები

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

 კანდიდატების დაპირება უფრო მეტია, ვიდრე ამომრჩეველს სჯერა

2017 წლის 21 ოქტომბერს ხუთი თვითმმართველი ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტი საკუთარ მერს და საკრებულოს აირჩევს.  კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებიდან შეიძლება აღინიშნოს: სივრცითი მოწყობის საკითხები, ეკოლოგიური პრობლემები, ინფრასტრუქტურული პროექტები,  სოციალური გამოწვევები, საპენსიო, დასაქმების და სხვა სოციალური საკითხები.

დასაჯერებელია, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს სურს ხალხს შეუქმნას უკეთესი ცხოვრების პირობები, მოაწესრიგოს სატრანსპორტო სისტემა, გააუმჯობესოს სოციალური ფონი, მომსახურების სისტემა, ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური რისკების კრისტალიზაციისა და აღნიშნული სურვილების დასაბუთებისათვის საჭიროა კანდიდატებმა წარმოადგინოს განვითარების კონკრეტულად გაწერილი გეგმები და პროგრამები.

ამჟამად, კანდიდატების პოლიტიკური აქტივობის შეფასებისას შეიძლება აღინიშნოს, რომ: თითოეული მათგანი გამოირჩევა ქალაქის სიყვარულით, პატიოსნებით, ბიუჯეტის პატიოსნად განკარგვის სურვილებით, კარგი საარჩევნო სლოგანებით, აქტიურობითა და დამაჯერებელი საჯარო გამოსვლებით. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობია ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა:

  • ბიუჯეტის შევსების კონკრეტული მექანიზმები და ახალი არხები;
  • ქალაქის, როგორც ბრენდის ინოვაციური კონცეფცია;
  • გეგმა, როგორ გახდეს თვითმმართველი ქალაქის სტრუქტურა უფრო მოქნილი,  ეფექტიანი,  პროდუქტიული,   მძლავრი  და  სიცოცხლისუნარიანი;
  • ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა და კონცეფცია. პრობლემების თემატურად წარმოჩენა არ განსაზღვრავს  კანდიდატის პოლიტიკურ დონეს;
  • პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები და მექანიზმები, რაც ბუნებრივია განსაზღვრავს ქალაქში არსებული პრობლემების „სიღრმის“ შესახებ  ინფორმირებას და ავლენს  უპირატესობას;
  • ქალაქის განვითარებას და საზოგადოების ოცნებების ასრულებას რამდენად უწყობს ხელს მათი რესურსი (სტრატეგიული უნარ-ჩვევები, პოლიტიკური ნდობა, ქარიზმა, ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამები, შექმნილი პროგრამები).

აღსანიშნია, რომ პოლიტიკურად მოძველებულია „წინადადებები“, მათ შორის  –  სოციალური ფონის გაუმჯობესება  ბიუროკრატიის ოპტიმიზაციითა და მათი შენახვისათვის საჭირო თანხების შემცირების ხარჯებზე. უფრო უპრიანი იქნება აქცენტები გაკეთდეს  და გეგმებით დასაბუთდეს ბიუჯეტის შევსების ახალი გზები და წყაროები, რაც თავის მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას უზრუნველყოფს.

ხაზგასასმელია, რომ ძველი პოლიტიკური „დერჟავის ტიტულებით“, მმართველობითი  უფლებებისა და პრივილეგიების მოპოვება ვერ გახდება  პოლიტიკური და მმართველობითი ძლიერების წინაპირობა. რაც ჯამში უარყოფითად ისახება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისტემების მუშაობაზე.

ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტში არსებობს არსებითი პრობლემები. ამიტომ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა კანდიდატებმა დაასაბუთონ, რომ არ არის პოპულისტური ლიდერი (მერი):

  1. მიზანშეწონილია აქცენტები აიღონ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე. ყურადღება გაამახვილონ მომსახურების ექსპორტის ზრდაზე (კერძოდ: უმაღლესი განათლების, სარემონტო, სარეკლამო, სამედიცინო, საფინანსო მომსახურების ექსპორტი);
  2. სასურველია ფოკუსირება მოახდინონ კერძო ინვესტირების ზრდაზე ციფრულ ტექნოლოგიებში, განათლებაში, სპორტში, კულტურაში. აღნიშნული სფეროები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალებია;
  3. უმჯობესია დაგეგმონ და წარმოადგინონ ბიზნესის ინოვაციური შესაძლებლობების ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებები;
  4. პოლიტიკურად მომგებიანი იქნება წარმოადგინონ მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და სექტორების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშემწყობი პროგრამები და ღონისძიებები (ინტელექტუალური წარმოებისა და მეცნიერების ხელშეწყობის ხარჯზე);
  5. საჭიროა გეგმებისა და პროგრამების საფუძველზე, საზოგადოებისათვის ნაჩვენები იქნას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის „მმართველობითი და პოლიტიკური რეფლექსები“;
  6. საჭიროა დაამტკიცონ, რომ წარმოადგენენ „საზოგადოებრივ ელჩს“ და არა პოლიტიკური სისტემის დანიშნულ კადრს; ქვეყანაში თუ პოლიტიკური აბორიგენიზმი არ დასრულდა, ჩვენი ეკონომიკური პრობლემები უსასრულო იქნება, რომლის დღევანდელი გამოძახილია „პატრონის გარეშე ვერაფერს მიაღწევ“;

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლიტიკურ სივრცეში, ჭადრაკის ფიგურების მსგავსად, „მოედანზე გვხდება“ იმ რესურსის ფიგურები, რომლის „სვლის“ შედეგიც და მასშტაბებიც წინასწარაა ცნობილი. შესაბამისად, სუბიექტების შეფასებაზე მეტად მნიშვნელოვანია აქცენტები გაკეთდეს არა ფიგურაზე, არამედ სისტემაზე, რომელიც ასეთ ფიგურას წარუდგენს საზოგადოებას.

პოლიტიკური ჰეგემონიის პირობებში, არსებული პოლიტიკა შენიღბული ეფექტიანობით წარმოდგება. არ ეფუძნება ფართო პოლიტიკურ ნდობას და გლობალურ  პოლიტიკას, ვერ  ცდება ქვეყნის საზღვრებს, არ ქმნის  ერში ახალი და რჩეული პოლიტიკური ფენის წარმოჩენის პირობას.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივ ასპარეზზე მყოფ დამოუკიდებელ პირებს (მეცნიერ-მკლევარებს, ინტელექტუალებს, ანალიტიკოსებს), რომელთაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული და აკადემიური პოტენციალი გააჩნიათ, პოლიტიკურ მოედანზე არ უკავიათ შესაბამისი ადგილი და  ვერ  ქმნიან პოლიტიკურ რეაქციას. ამიტომ, მათი წარმოჩენის ინიციატივა, საზოგადოებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

დასასრულს დავძენ, რომ  პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა კონკრეტული გეგმებითა და პროგრამებით პატივი უნდა სცენ საზოგადოებას, იმისათვის, რომ საბოლოოდ არ დაკარგონ ნდობა და არ წარმოქნას შესაბამისი ნაციონალური რეაქცია – პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის დაკისრებით.

Comments

comments

Related posts