Home » მთავარი » დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას

დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი დილემის წინაშეა, თუ რუსეთის მხარეს არ დაიკავებს, რუსეთის საპატრიარქო მარტივ შანტაჟზე წავა – აუცილებლად მიიერთებს ან ავტონომიას მიანიჭებს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და ამით საქართველოს ეკლესიას “დასჯის”.ხოლო თუ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლსა და უკრაინას არ დაუჭერს მხარს, შესაძლებელია, მსოფლიო საპატრიარქოში აფხაზეთიდან გაგზავნილი მოთხოვნის განხილვა დაიწყოს. სოხუმიდან 2016 წელს, კრეტის საეკლესიო კრების წინ, გაიგზავნა მოთხოვნა, რომ კონსტანტინოპოლმა მათ ავტოკეფალია მიანიჭოს.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ილია ||-ს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ეწვივნენ და ახლა უკვე მოსკოვსა და კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) მოუთმენლად ელოდებიან.

ამ ბრძოლაში ვის დაუჭერს მხარს საქართველოს ეკლესია – კონსტანტინოპოლსა და უკრაინას, თუ რუსეთს.

უახლოეს დღეებში სინოდის სხდომის მოწვევაც იგეგმება, სადაც მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების პოზიციების განიხილავენ და ქართველმა მღვდელმთავრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა პოზიციის დაკავება სჯობს.

თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ჩვენთვის რუსეთის ეკლესია ბევრად უფრო სახიფათოა, რადგან რუსეთის პატრიარქი უმალვე გააქტიურებს აფხაზეთის საკითხს, ხოლო ბევრად უფრო ნაკლებია ალბათობა, კონსტანტინოპოლმა მიიერთოს ან ავტოკეფალია მიანიჭოს აფხაზეთს, რომლის ე.წ. პოლიტიკურ დამოუკიდებლობას დასავლეთში არავინ აღიარებს და კონსტანტინოპოლი “არაღიარებული პატარა აფხაზეთის” გამო საქართველოსთან თუნდაც ნელ-თბილ ურთიერთობას საბოლოოდ არ გააფუჭებს.

“საქართველო ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ სჯობს, ამ საკითხში საერთოდ თავი შეიკავოს, ორივე მხარეს ბოდიში მოუხადოს და თქვას, რომ საკითხს დააკვირდებიან.

“თუ მსოფლიო საპატრიარქო გამოაცხადებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ვნახოთ, რას იზამენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც არ არიან იმდენად მძიმე მდგომარეობაში, როგორც ჩვენ, რომელთაც არ აქვთ ტერიტორიული პრობლემები და რუსეთი ვერაფრით ვერ დაემუქრება.

“ვნახოთ, ისინი რას იზამენ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩემი აზრი ასეთია და მგონია, რომ ჩვენი ეკლესიაც ასე მოიქცევა”, – აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ნახევარზე მეტმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია სულ 14-ია. მათგან ბერძნულენოვანი ეკლესიები მსოფლიო საპატრიარქოს მხარდამჭერები არიან. რუსული ეკლესიის ე.წ. ბანაკში მოიაზრებიან ბულგარეთის, ანტიოქიისა (იმავე სირიის) და საქართველოს ეკლესიები.

სწორედ ეს ეკლესიები არ წავიდნენ 2016 წელს კრეტის კრებაზეც, რის შემდეგაც უფრო გამწვავდა დაპირისპირება კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის. ახლა კი უკრაინის თემა, შესაძლოა, უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდეს დიდი განხეთქილებისთვის, რადგან რუსეთი უკრაინის ეკლესიის გამოყოფით რამდენიმემილიონიან მრევლს კარგავს და ამით მის გავლენასაც და ავტორიტეტსაც ჩრდილი მიადგება.

 

მომზადებულია გაზეთ “რეზონანსის” მიხედვით

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...