Home » ეკონომიკა » ეკონომისტებთან ბოდიში, თქვენს ბოსტანში არ ვიჭრები, მაგრამ რატომ ვაპანიკებთ საზოგადოებას?!.

ეკონომისტებთან ბოდიში, თქვენს ბოსტანში არ ვიჭრები, მაგრამ რატომ ვაპანიკებთ საზოგადოებას?!.

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.

სანამ ფასების გამო დავაპანიკებთ მოსახლეობას და ამ საკითხს არჩევნებს დავუკავშირებთ, მსოფლიო ბირჟებს გადავხედოთ.
დიდი ეკონომიკური განათლება არ ჭირდება საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და მარტივ ანალიზს.

რამდენიმე დღის წინ საბითუმო საწყობებში შაქრის დეფიციტი შეიქმნა. როგორ ფიქრობთ, არჩევნებს უკავშირდება თუ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას?

არც ერთს და არც მეორეს.

მსოფლიოში შაქრის ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება ბიზნესი და მათ შორის საქართველოში შაქრის მწარმოებელი (თუ შემფუთავი) კომპანიები როგორც შაქრის, ასევე სავალუტო ბაზრის ტენდენციებს უნდა მოერგონ. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ?

ასეთ დროს ბიზნესი ყოველთვის თავის თავზე და გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობს, როგორ მოახდენს რეალიზაციას დღეს, ხვალ, ზეგ. შაქარი პირველადი მოხმარების პროდუქტია და დიდ მოცულობებთან გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა ხდება ხოლმე ფაქტებით და ინფორმაციებით მანიპულირება, ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებისათვის.

მაგალითად, “ჯი-ეიჩ-ენი” ზაფხულში წერდა, რომ მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასები იზრდება, რუსეთში შაქრის ჭარხლის მოსავალი 20%-ით შემცირდა.

ეს ასე არაა. რუსეთში იმპორტული შაქარი თითქმის ორჯერ გაძვირდა, ხოლო საკუთარი წარმოების შაქარი კი გაიაფდა 65-70 მანეთიდან 50-55 მანეთამდე. იცით რატომ? იმიტომ, რომ შაქრის ჭარხლის არნახული მოსავალი მოვიდა, კომბაინები აღებას ვერ ასწრებენ, ლამის სამ სმენაში მუშაობენ. ანუ კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ოღონდ ეს რუსეთში და არა მთელ მსოფლიოში.

ასე რომ, თუ შაქარი გაძვირდება, აქ მთავრობა არაფერ შუაშია, არც არჩევნები.

პოლიტიკოსებო და ინფორმაციების გამვრცელებლებო, ნუ გვაპანიკებთ, თქვენთვის ჩაატარეთ არჩევნები, ჩვენ მოვალთ და ხმას მოგცემთ. სწორი ინფორმაციები მოგვაწოდეთ, სწორი.

ფასები იზრდებაო. ვინც მიცნობს, იციან, რომ 2005-2009 წლებში, ანუ როცა ჯარიდან გამომიშვეს, სარესტორნო ბიზნესით ვიყავი დაკავებული და საქსტატს ვერ შევეჯიბრები ფასების ცოდნაში, მაგრამ ზოგი რამ მახსოვს.

აბა მოდით და ეს “ზოგი რამ” გავიხსენოთ.

ფასების ზრდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე როდის მოხდა? როცა ლარი მკვეთრად გამყარდა და 1,6 ნიშნულზე ჩამოვიდა. მაშინ გაძვირდა პროდუქტები, მედიკამენტები და სხვა დანარჩენიც.

მედიკამენტები კიდევ ცალკე თემაა და, ისევე როგორც იმპორტულ პროდუქტებზე, მონოპოლიზმთან და გარიგებებთან გვაქვს საქმე, რაც წლებია გრძელდება.

ახლა გავიხსენოთ ხორცის ფასი. საქონლის ხორცი ძვლიანი ღირდა 7 ლარი, უძვლო 9 ლარი, ე.წ. სუკი – 12-14 ლარი. შემდეგ უცებ, ერთ დღეში ხორცის ფასი ავარდა 24-25 ლარზე. რატომ? იმიტომ რომ ცენტრალური სასაკლაო გააკეთეს, გლეხს აეკრძალა ხორცის პირდაპირ ბაზარში შეტანა, ერთ სულ საქონელზე გლეხი 250 ლარს იხდიდა (მგონი დღესაც იგივეა), პლუს სხვა ხარჯებია. ეს ძალიან დიდი გადასახადია. შესაბამისად გაიზარდა ჩაბარების ფასი. თუ ჩაბარების ფასი იზრდება, სარეალიზაციო ფასს რა გააჩერებს ერთ ადგილას? დაამატეთ ბაზრის სულ მცირე 20-30%.

მერე გვახსოვს, რომ პრეზიდენტი და ქალაქის მაშინდელი მერი ჩაერთვნენ ამ პროცესში და ფასები ერთ დღეში 16-18 ლარზე ჩამოსწიეს. ეს არ ვიცი რა ადმინისტრციული მეთოდებით მოხდა, მაგრამ ასე იყო.

როგორ აისახა ეს სარესტორნო ბიზნესზე იცით? წლების განმავლობაში, მომხმარებელი რომ არ დაეკარგათ, ფასებს არ ზრდიდნენ (არ ვზრდიდით) საკუთარი მოგების ხარჯზე.

შემდეგ საკოლმეურნეო ბაზრებში ხორცის ფასი 12 ლარამდე ჩამოვიდა, ხოლო ჰიპერმარკეტებში დარჩა თითქმის იგივე დონეზე. 2007 წლის ფასებთან შედარებით ჰიპერმარკეტებში გარომაგებულ ფასებში ხდება ხორცის რეალიზაცია. ეს მაშინ, როცა გვეუბნებიან, რომ ხორცის საკუთარი წარმოება აქვთ.

ისე, ევროპის მეგაპოლისებში ხორცი გაცილებით იაფი ღირს, 7-8 ლარია პირველი კატეგორიის ხორცი.

აქაც შეიძლება დაკლება მოხდეს. სასაკლაოებმა დაუწიონ ტარიფებს, გლეხს მივცეთ უფლება პირდაპირ ბაზარში შეიტანოს ხცორცი, ან გამყიდველმა ჩამოიტანონ სოფლიდან. ამისათვის გავამკაცროთ სანიტარული კონტროლი და ამ დარგში არ დავუშვათ კორუფცია.

კარაქის თემა მინდა გამოვყო. ადგილობრივი წარმოებიდან მხოლოდ სანტინოს შეიძლება ვუწოდოთ კარაქი. დანარჩენი მწარმოებლები რითი გვკვებავენ არ ვიცი. არ გამოვრიცხავ პალმის ზეთის მასიურ გამოყენებას, რაც ძალიან მავნეა.

ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნე ვიდეო. რუსეთში კანონი მიიღეს, რომლის თანახმად მწარმოებელი ვალდებულია პროდუქციაზე შავი ფერის დიდი შრიფტით დააწერონ “შეიცავს პალმის ზეთს” (როგორც სიგარეტის კოლოფებზე). მგონი დროა ჩვენც მივიღოთ ასეთი კანონი.

სანტინოს ფასი კი უტოლდება მსოფლიო ბრენდებს, ზოგს უსწრებს კიდევ. მერწმუნეთ, ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას ადგილობრივ მწარმოებელს, თუ ნორმალურ ხარისხს და ფასს გვთავაზობს. უკაცრავად, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის გამო ნაგავს ოქროს ფასად ვერ ვიყიდი.

სხვა ფასებს გადავხედოთ. კიტრი, პომიდორი, ბოსტნეული არასდროს ყოფილა ასე იაფი. წელს ზაფხულში კარგი პომიდორი ლარზე ნაკლები ღირდა და ახლა, სეზონურად ფასი ნელ-ნელა იმატებს. იგივე ეხება კარტოფილს (80 თ.) და ბევრ იმ პროდუქტს, რომელებიც სამომხმარებლო კალათის აუცილებელ ჩამონათვალს შეადგენს.

მოკლედ ძალიან მინდა, რომ არჩევნები დღესასწაულად ვაქციოთ. ზუსტად ამ ფრაზით ვიწყებ სტატიას არჩევნების შესახებ, რომელსაც ერთი კვირაა გულს ვერ ვუდებ (თორემ ამ ბლოგს ზუსტად 40 წუთი მოვანდომე), რადგან ძალიან მღვრიე თემაა. მაინც დავწერ.

გადახედავ ხოლმე დილიდან საინფორმაციო ლენტებს, ფეისბუქის პოსტებს, რაც ველზე შემომდის, პირდაპირ, საინფორმაციო ტერორია.

დილით, თვალებს რომ გაახელთ, კარგი რამ გაიფიქრეთ, გაიღიმეთ, დილა მშვიდობისა თქვით, ივარჯიშეთ, ყავა დალიეთ, ბავშვებს მოეფერეთ. ყველაფერი კარგად იქნება!

p.s. ეკონომისტებთან ბოდიშს ვიხდი. თქვენს ბოსტანში არ ვიჭრები. ეს მომხმარებლის სამოყვარულო ბლოგია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„შავი დილა“ ისტორიაში და ხალხის ცხოვრებაში!

1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე, საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ...