Home » მთავარი » ენმ-მოვითხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღსდგეს ქართული სკოლის სტატუსი!

ენმ-მოვითხოვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღსდგეს ქართული სკოლის სტატუსი!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა და პარტიის წარმომადგენელმა მარიამ რამინაშვილმა გამართეს.

“აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის 2016-17 სასწავლო წელს განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. დღევანდელი მდგომარეობით არცერთი ქართული სკოლა არ ფუნქციონირებს. ამ რთულ მდგომარეობას დაემატა ის ფაქტიც, რომ გასულ სასწავლო წელს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქართული, გრიფირებული სახელმძღვანელოების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის მიწოდება. შესაბამისად, მოსწავლეები სასწავლო პროცესში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წიგნებს იყენებდნენ.

მოვითხოვთ მთავრობისაგან დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების 97%, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების 91% ეთნიკურად ქართველია, მათი მშობლიური ენა კი ქართულია, 2016-17 სასწავლო წლისათვის აღდგეს ქართული სკოლის სტატუსი.

ასევე, რეგიონში მცხოვრებ ყველა ქართველ მოსწავლეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ სასწავლო პროცესისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი.

2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე.წ. ,,სასკოლო რეფორმა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31- დან 11-მდე შემცირდა. მოგვიანებით, 2015 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სკოლის სტატუსი საერთოდ გაუქმდა და ქართული ენა 2-საათიან არასავალდებულო საგნად მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დარჩა, ისიც დაწყებით საფეხურზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლამდე სახელმწიფო აქტიურ და გამოკვეთილ თანამშრომლობას ახორციელებდა დე-ფაქტო საზღვრის მიღმა დარჩენილი ქართული სკოლების პედაგოგებთან. მიუხედავად აკრძალვებისა და საფრთხეებისა, ახერხებდა, პედაგოგები მუდმივად ჩართული ყოფილიყვნენ საგანმანათლებლო რეფორმის სხვადასხვა აქტივობაში, ესწრებოდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებს, იღებდნენ რესურსებსა და დამხმარე მასალას, რათა დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგაკვეთილო პროცესი მიეწოდებინათ. მუდმივად ხდებოდა სახელმძღვანელოებით მათი უზრუნველყოფა. ამ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის ნოემბერიდან უკვე პირველი პრობლემები გაჩნდა.

არსებული მდგომარეობა, კიდევ ერთხელ, მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გააზრებული მიდგომა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ პრინციპული პოზიციები და ადეკვატური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არაა. ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...