Home » მთავარი » ერგნეთში ამ წუთებში შეხვედრა იმართება – რისი მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს

ერგნეთში ამ წუთებში შეხვედრა იმართება – რისი მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს

გვსურს ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა წარმოადგენს რამდენიმე დღის წინ სოფელ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელებას.

„ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. ჩორჩანაშიც დავაფიქსირეთ და აქაც გვინდა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ აღნიშნული საპოლიციო საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით და მათ აქვთ სტანდარტული ეკიპირება, იგი არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხის შემცვლელი, პირიქით, მისი ამოცანაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას და უპირველეს ყოვლისა, საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე სოფლებში, რათა დარწმუნდეს ყველა, რომ ადგილზე აუცილებელია სტაბილური გარემოს შენარჩუნება, რომ აღნიშნული პოსტი უზრუნველყოფს სიმშვიდეს და სტაბილურობას. რა თქმა უნდა, ის მდებარეობს ცალსახად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება და ეს არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე დაძაბულობის გრადუსის დაწევას და ბოლოს მოუღებს იმ აჟიოტაჟს, რაც მუდმივ სტრესში ამყოფებს განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ მოსული ვართ სასაუბროდ იმ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, გააჯანსაღებს გარემოს და ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქართული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლა არ არის დღის წესრიგში“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ახალგორთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვაპირებ შესაბამის შეხვედრის მონაწილეებს მივმართო ამ შეკითხვით, ვინაიდან გარკვეული პერიოდულობით და გამოგონილი მიზეზით ხდება ხოლმე ამგვარი ქმედებები, რაც უკანონოდ ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და არ უწყობს ხელს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. მე მივმართავ შესაბამის მონაწილეებს ამ კითხვებით, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში საჭიროა სიზუსტე და ინფორმაცია უნდა მივიღოთ უშუალოდ პირველწყაროსგან“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 

Facebook Comments