Home » მთავარი » “ერთი წუთით განზე გადავდოთ განათლების მინისტრის ლიტერატურული გემოვნება…”

“ერთი წუთით განზე გადავდოთ განათლების მინისტრის ლიტერატურული გემოვნება…”

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი

ერთი წუთით განზე გადავდოთ განათლების მინისტრის ლიტერატურული გემოვნება. ეს მისი პირადი საქმეა და იმედი მაქვს, განათლების შინაარსზე არ აისახება. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი გადაწყვეტილება უმაღლეს სასწავლებლებში გრანტის მიმღებთა ყოველწლიური შეცვლის შესახებ არა მხოლოდ გამართლებულია, არამედ აუცილებელიც. არ შეიძლება, სახელმწიფო ეხმარებოდეს იმას, ვინც ამას არ იმსახურებს. ბოლო წლების განმავლობაში მინახავს ბევრი გამორჩეული სტუდენტი, რომელიც მისაღები გამოცდების შედეგების გამო იძულებულია სწავლის გადასახადი იხადოს.

არადა, დაუშვებელია, როდესაც უნარიან ახალგაზრდას ადრეული ასაკიდანვე დაჰყვება აზრი, რომ მისი ბედი, ახლობლების გარდა, არავის აინტერესებს. არადა, ასეთი ადამიანები ჩვენი ეროვნული კაპიტალია და ქვეყნისა თუ თითოეული ჩვენთაგანის მომავალი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, შევძლებთ თუ არა მათზე ზრუნვას. ვიმეორებ: ისინი ჩვენს ეროვნულ კაპიტალს წარმოადგენენ.

ვფიქრობ, უახლოეს ხანებში კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. უნდა შეიქმნას სახელმწიფო ფონდი, რომელიც სასკოლო ოლიმპიადების თუ სხვა საგანგებოდ შემუშავებული ღონისძიებების მეშვეობით გამოავლენს უნარიან უფროსკლასელებს და დაუფინანსებს სწავლას მათთვის სასურველ სასწავლებელში. იმ შემთხვევაში, თუ მათ სასწავლებლის შეცვლის სურვილი არ ექნებათ, თანხა ყოველწლიური დახმარების სახით უნდა მიიღონ. მათ მასწავლებლებს კი, ვინც მათთან მუშაობდა, მნიშვნელოვანი სახელფასო დანამატი უნდა მიეცეთ. ეს ძალზე ზოგადად. ცხადია, ბევრი რამ იქნება დასაზუსტებელი.

ცხადია, მხოლოდ ეს ღონისძიებები არ შველის განათლების სისტემის გამართვის პრობლემას, მაგრამ, ვფიქრობ, ის გარემოება, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდებისა და მათი პედაგოგების მიმართ ყურადღებას და მზრუნველობას გამოხატავს, უკვე მნიშვნელოვანი იქნება საიმისოდ, რომ ამ სისტემის შინაგანი რესურსების ამოქმედებას შევუწყოთ ხელი. სისტემურ ცვლილებებს და ა.შ. მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ განათლების ნება იქნება გაღვიძებული და ახალგაზრდა ადამიანი ადრეული ასაკიდანვე გაიაზრებს, რომ მის განათლებაში მთელი საზოგადოებაა დაინტერესებული.

P.S. განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული ევროპული არისტოკრატიისა და ბურჟუაზიის ბევრი წარმომადგენელი საგანგებოდ ეძებდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა ისინი გზაზე დაეყენებინათ. ბევრგან ნიჭიერი ახალგაზრდის სწავლა საგანგებო სახელმწიფო ზრუნვის საგანი იყო. შედეგად რაც მივიღეთ, ყველამ ვიცით. დღევანდელი ცივილიზებული სამყარო, ყველაფერ სხვასთან ერთად, შექმნა იმანაც, რომ უნარიანი ადამიანი საზოგადოებრივ კაპიტალად იქნა გაგებული.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...