Home » მთავარი » “ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება!”

“ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება!”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი დასკვნით ფაზაში შევიდა – რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს, რომ მან, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკებები შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფისათვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასთან ერთად, მთელი მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ საკითხის უახლოეს დროში წარმატებით დასრულებისკენ.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მოუთმენლად ელის ჩვენი ხალხი, ჩვენი დიპლომატიისა და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამსახურება იქნება. ამასთანავე, ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება და ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა საფუძველი და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დიპლომატის დღე ემთხვევა ამ დიდი, პროევროპელი მოღვაწის დაბადების თარიღს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ მთელი რიგი მაჩვენებლებით ჩვენი უდავო პროგრესის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ასევე, ჟენევის დისკუსიათა ფორმატში მონაწილე ყველა მხარის უდიდესი ძალისხმევისა, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ეს პრობლემა. ასევე, ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სრულიად ახალ დიალოგს, რომლის მონაწილეც, ბუნებრივია, საქართველო აუცილებლად იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments