Home » ინტერვიუ » “ეს პანდემია ბიოსფეროში ბუნებრივი გადარჩევის გამოვლინებაა”

“ეს პანდემია ბიოსფეროში ბუნებრივი გადარჩევის გამოვლინებაა”

 

ფიქრია წიკლაური

მას შემდეგ რაც ერთმა პატარა  ბაქტერიამ მთელი ჩვენი პლანეტა ფეხზე დააყენა და თითოეული ქვეყნის ხელისუფლება მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიისგან თავის დასაღწევად გამოსავლის ძიებაშია, სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ჩნდება ინფორმაციები ბუნებაში კლიმატის ცვლილებების,  თუ ატმოსფერული მოვლენების მნიშვნელოვნად გადასხვაფერების შესახებ.
მაგალითად, ერთ-ერთ უცხოურ საიტზე აქტიურად განიხილავდნენ იტალიის მაგალითს  სადაც საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირება იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ ეს კოსმოსიდანაც შეამჩნიეს, ჰაერი და წყალი კი იმდენად დაიწმინდა, ვენეციაში ათწლეულების მანძილზე გაუჩინარებული თევზები და იხვებიც კი გამოჩნდნენ. აბეზარა მწერები კი, რომლებიც ბიძნური წყლის სიახლოვეს ირეოდნენ, უკვალოდ გაქრნენ.
თუ რა მოვლენები ხდება ბუნებაში, ჩვენ გავესაუბრეთ საქართველოს სარეკრეაციო ზონების სამეცნიერო მონიტორების ალიანსის წარმომადგენელს, გარემოს დამცველს ქალბატონ  ნინო გოცაძეს.
– მას შემდეგ რაც კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა, თითქოს კლიმატი შეიცვალა ყველგან. ეს უბრალო დამთხვევაა თუ რამე მოვლენასთან გვაქვს საქმე?

– კლიმატის ცვლილება კომპლექსურად მოქმედი არაერთი ფაქტორით არის განპირობებული. კლიმატის ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ პანდემიასთან კავშირში ალბათ სწორი არ იქნება, თუმცა, ამავდროულად, შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ პანდემიის გავლენაზე კლიმატის ცვლილების იმ კუთხით, რომ ბევრ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო და საკარანტინო მდგომარეობა, რამაც გამოიწვია საწარმოო მიმართულებების სრული, ან ნაწილობრივი პარალიზება, რომელთა ფუნქციონირებაც უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატზე. მნიშვნელოვნად შემცირდა (ან სულაც დროებით შეჩერდა) საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც ქვეყნებს შორის, ისე ქვეყნების შიგნით; შემცირებულია, ან სრულად შეჩერებულია წარმოებების უდიდესი ნაწილი, ავტომანქანების მოძრაობაც საგრძნობლად შემცირებულია. ამ მიმართულებების შეჩერებამ გამოიწვია ის, რომ აღარ ხდება ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროში მავნე და ტოქსიკური ნარჩენების ემისიები, აღარ ხდება მავნე აირების გაფრქვევა, ეს კი ბუნებრივია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე.

– ე.ი ბუნების განსაკუთრებულ მოვლენებებთან გვაქვს საქმე?

-ბუნებაში მიმდინარეობს ევოლუციური პროცესები, რომლიც ფარგლებშიც მუდმივად ხდება ცოცხალ ორგანიზმთა ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებაში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ადგილი და როლი აქვს, როდესაც ირღვევა ბუნებრივი წონასწორობა, ირთვება მისი აღდგენის მექანიზმები და ბუნება თავად იწყებს წონასწორობის აღდგენას. რომ დავუკვირდეთ და თვალი გადავავლოთ ისტორიას, 100-200 წლიანი ინტერვალებით არა ერთხელ დაფიქსირდა მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მძიმე ინფექციები, რომელმაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიკვდილი გამოიწვია. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ბუნებრივ გადარჩევად – ამ დროს ხდება პოპულაციური გენოფონდის განახლება. ყველაზე მძიმედ პანდემია იტალიას შეეხო, სადაც ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტული წილი ყველაზე მაღალია, გადარჩება ის ნაწილი, რომლებსაც სხვაზე უკეთესი იმუნიტეტი აქვს.
მძიმე თემაა და ალბათ ბევრისთვის არ იქნება მისაღები ეს პასუხი, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის ბუნებრივი გადარჩევა და არსებობისათვის ბრძოლაში გადარჩებიან ისინი, ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერები აღმოჩნდებიან და ისინი, ვინც სიფრთხილით მოეკიდებიან და დაიცავენ გადარჩენისთვის საჭირო და აუცილებელ მითითებებს.

– ანტარქტიდის კლიმატზეც იმოქმედებს ეს მოვლენები? გლობალურ დათბობის საფრთხეს ხომ არ ავიცილებთ თავიდან?
– ზოგადად, როდესაც ხდება კლიმატის ცვლილება, ეს ეხება მთელ დედამიწას და არა კონკრეტულ კონტინენტს. ამდენად, თუ კლიმატი შეიცვალა ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტებზე, ეს აუცილებლად აისახება ანტარქტიდის კლიმატზეც. რაც შეეხება გლობალურ დათბობას, ბუნებაში რაც ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა აქვს. წინა კითხვის პასუხს დავუბრუნდები, რამდენადაც ვთვლი, რომ ეს პანდემია ბიოსფეროში ბუნებრივი გადარჩევის გამოვლინებაა, ეს ასეც უნდა იყოს და გლობალური დათბობის პროცესები ზუსტად ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...