Home » მთავარი » ვახტანგ გომელაური: გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც

ვახტანგ გომელაური: გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთაც განისაზღვრა. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს ინიციატივით მიღებულია ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე – მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

“2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, უწყებისთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაზარალებულისა და მოწმის მხარდაჭერა.

“სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, სამომავლოდ იგეგმება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, დანაშაულის პრევენციის მიზნით არასრულწლოვნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან კომუნიკაციის დოკუმენტის შემუშავება და სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია.

x

Check Also

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს” შეხვდნენ  – „დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის,  ბატონებო და ქალბატონებო”

ეკონომიკის მინისტრი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნათია თურნავა და  ლევან დავითაშვილი „რიონის ...