Home » ექსკლუზივი » “ვინც ვერ გააკეთებს საქმეს, ის უნდა წავიდეს სახლში!..ცესკოს საქმიანობაც გადახედვას მოითხოვს…”

“ვინც ვერ გააკეთებს საქმეს, ის უნდა წავიდეს სახლში!..ცესკოს საქმიანობაც გადახედვას მოითხოვს…”

ფიქრია წიკლაური

რატომ გვაქვს ქვეყანაში მუდმივად ერთპარტიული მმართველობა, რატომ მისცა “ქართულ ოცნებაზე” იმედგაცრუებული მოსახლეობის უმეტესობამ ისევ მმართველ პარტიას ხმა და რატომ ვერ უწევენ ოპონენტები მათ ღირსეულ კონკურენციას?!.. ქვეყანაში 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და საერთოდ, მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ პროფესორ დემურ გიორხელიძეს ვესტუმრეთ და მისეული შეფასება მოვისმინეთ.

-არჩევნები ფორმალური თვალსაზრისით კი არ არის შესაფასებელი, არამედ –ამომრჩევლის მენტალობის თვალთახედვით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს. სტაბილური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეყრდნობა ამომრჩეველთა მსოფლმხედველურ ჯგუფებს დღეს საქართველოში არ არსებობენ.

-ჩვენთან არჩევნები არის მხოლოდ კადრების როტაცია. ის არ ცვლის ქვეყნის კონსტიტუციას, არ ცვლის ქვეყნის ორიენტაციას. პოლიტიკა იქმნება იმისდა მიხედვით, თუ რა მსოფლმხედველობითი ჯგუფები მოვლენ ქვეყნის სათავეში. ვინც ვერ გააკეთებს საქმეს, ის უნდა წავიდეს სახლში. ჩვენ გვჭირდება ნელ-ნელა ამ რელსებზე გადასვლა.

– მოსახლეობის უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებაზე” იმედგაცრუებულია, მაინც ამ პარტიის მხარდამჭერად გვევლინება. რა არის ამის მიზეზი?

– როგორც წესი, ქართველი ამომრჩეველი, ისტორიული მენტალობიდან გამომდინარე ყოველთვის ხმას აძლევს ხელისუფლებას, თუ ამ უკანასკნელმა რამე ისეთი არ დააშავა და არ გაამწარა ადამიანი. (როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს მოხდა.) საქართველოში უფროსი ადამიანის მიმართ პატივისცემა, მონობა, ყმობა არის დღეს ისევ შემორჩენილი. სწორედ ამიტომ არ ირჩევს ხალხი ხელისუფლებას საქმის კეთების მიხედვით. თუ რას გააკეთებს ესა თუ ის კანდიდატი, ამომრჩეველს ნაკლებად აინტერესებს. მთავარია მას მოსწონს, უყვარს ის და არჩევანსაც ემოციურ ფონზე აკეთებს. მიუხედავად იმისა საქართველოდან მილიონ ნახევარი მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლუკმა-პურისსაშოვნელადაა წასული და შარშანდელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა 20 ათასით ნაკლებია, ისევ სამუშაო ადგილების პრობლემაა, სიღარიბის პრობლემაა და ჩვენ მაინც იგივეს ვირჩევთ.

-ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა..

-თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობა ძალიან შორს არის სრულყოფილებისგან. როდესაც ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასზე მეტი მოსახლეა და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 3 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, სასაცილოა. ამ პატარა ქვეყანაში, სადაც 3 ათასი უბანია, უკვე დღეებია ვერ დათვალეს ბიულეტენები, ამერიკაში კი მეორე დღის 4 საათის მერე ყველა შედეგი ცნობილია. ცესკოც და საარჩევნო კომისიების საქმიანობაც სერიოზულ გადახედვას მოითხოვს.

-წინასაარჩევნოდ იყო მუქარებიც, ზოგიერთმა კანდიდატმა არეულობაც დააანონსა, თუმცა აგრესიას გადავურჩით……

-დაპირისპირების მუხტი წინა წლებთან შედარებით დაბალია, არჩევნების შემდგომი პერიოდიც მძაფრი აღარ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა. კომფრონტაციული, შეურაცხმყოფელი ლექსიკა, გაყალბებეზე მუდმივი აპელირება, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლაზე მუდმივი საუბრები ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

– როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ახალარჩეული მერი თბილისელების იმედებს?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება მას და რამდენად კვალიფიციურ ადამიანებთან იმუშავებს.

– საქართველოში თითქმის ყველა არჩევნების დროს ერთი პარტია იმარჯვებს და ქვეყნის ბედიც ამ სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს ეწირება.

– ერთპარტიულობის შედეგად ჩვენ მივიღეთ არაკონდიციური კონსტიტუცია, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნები სულაც არ იყო მთავარი და არსებითი. თუ ჩვენ სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი, 2020 წელს გადავა ქვეყანა მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე, თუ 2024 წელს, ამით არაფერი იცვლება. ჯერ-ჯერობით პარტიების არარსებობის გამო საპარლამენტო რესპუბიკის მოდელზე გადასვლა ცოტა ხელოვნურია. თუმცა უპასუხისმგებლო მმართველობისთვის საკმაოდ დიდ თავშესაფარს იძლევა.

_მაგრამ საქართველოში ათეულობით პოლიტიკური პარტია ფუნქციონირებს.…

-ძალიან ბევრი პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ არა ჩამოყალიბებული. დასავლური გაგებით, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაცია ყოველდღე ფუნქციონირებს, ჰყავს თავისი მუდმივმოქმედი ორგანოები რეგიონებსა და დიდ ქალაქებში. მას პოლიტიკური საქმიანობაც პროფესიულ რელსებზე აქვს გადაყვანილი. ჩვენი პარტიების საქმიანობა კი მხოლოდ არჩევნების წინ იწყება და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.

– ალბათ ადმინისტრაციულ რესურსსაც იმიტომ იყენებს ყველა ხელისუფლება ასეთი მონდომებით..

– როდესაც ასეთი ჩამოუყალიბებელი ქვეყანა გაქვს, ტრაგედიას არ უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიდგომა, თუმცა კანონმდებლობის დონეზე ეს ყველაფერი უნდა შეიზღუდოს. ყველა ხელისუფლებას აქვს მცდელობა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს, მათ შორის დასავლეთშიც, მაგრამ ოპოზიციური პარტიები არ აძელევენ ამის საშუალებას. საქართველოში კი სუსტი ოპონენტების პირობებში ხელისუფლება იყენებს ამ შესაძლებლობას. დღეის მდგომარეობით ოპოზიციური პარტიები არ არიან იმ დონეზე, რომ ხელისუფლებას დაშვებული შეცდომების გამო პრობლემა შეუქმნან. თუმცა არც “ქართული ოცნება” იქნება დიდხანს ქვეყნის სათავეში, რადგან ის არ წარმოადგენს პოლიტიკური მოღვაწეებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციას.

-დღეს მოღვაწე ოპოზიციური პარტიებიდან ალბათ ნელ-ნელა გამოჩნდება ღირსეული ლიდერი, რომელიც ხალხის დაკვეთას შეასრულებს..…

-მე ვფიქრობ, რომ ამას დრო სჭირდება. ალბათ არაერთ პოლიტიკოსს მოუწევს სახლში წასვლა რეიტინგის არქონის გამო. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გაიწმინდება პოლიტიკა იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც 90-იანი წლებში ჩარჩენილის ტონით ლაპარაკობს.
ბოლო დროს ხშირად მსმენია, როგორ ელოდება ხალხი ახალ სახეებს პოლიტიკაში. უცებ ახალი სახე ვერ გამოჩნდება, ახალი ფიგურები წლების განმავლობაში უნდა ყალიბდებოდნენ, საზოგადოების თვალწინ. ისინი ამა თუ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაში რაღაც ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ, აქტიურობდნენ, დამოუკიდებლობით, აქტუალური საკითხებისადმი მიდგომით უნდა ჩამოყალიბდნენ, გამოიწრთონ. პოლიტიკურ ლიდერს თუ არ დააკვირდი წლების განმავლობაში, მისი ნდობა არ შეიძლება, სამწუხაროდ, იმდენად მიამიტია ჩვენი ამომრჩეველი, წავა და ისევ იმას მისცემს ხმას, ვინც ბელადად მიაჩნია. დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე კი შეუძლებელია რჩებოდეს პატრონყმობის მენტალობის ფარგლებში. ის ასევე კონსოლიდირებული უნდა იყოს თავისუფლად მოაზროვნე სხვა ადამიანებთან მიმართებაში. შეხედეთ დღეს რა ხდება – ახლობელი, ნათესავი ადამიანები შეურაცხყოფენ ერთმანეთს ვიღაცის გამო, რომელიც თვალითაც არ უნახავთ.

ქვეყნის მასშტაბით მერებთან ერთად ავირჩიეთ საკრებულოს 2058 დეპუტატი. ამ რაოდენობის მმართველები რეალურად თუ აკეთებენ რამეს?

– ამ დეპუტატების რაობაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის ფუნქციები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რაც მათ უნდა შეასრულონ. Aადგილობრივი თვითმმართველობა კი ყალბია საქართველოში, მათ არ გააჩნიათ არანაირი საკუთარი ექსკლუზიური უფლებები, დამოუკიდებელი ფინანსები, ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება განაგებს. მათ არც ბევრისაქმე აქვთ გასაკეთებელი, ისინი ადგილზე ზედამხედველის ფუნქციას ასრულებენ, გარკვეული პოლიტიკური სიტუაციები რომ აკონტროლონ და მომავალი არჩევნებისთვის კვლავ მოამზადონ ნიადაგი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯოს.

-ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს, რა უნდა გააკეთოს თვითოეულმა მოქალაქემ?

-ძალიან დიდია საზოგადოებაში იმედგაცრუება არსებული ხელისუფლების მიმართ, რადგან 57 % არ მივიდა არჩევნებზე.
მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს სჭირდებათ თვითრეალიზაცია, ერთმანეთთან კავშირები, ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ სამომავლოდ რა გვინდა, როგორი სახელმწიფო გვსურს, არავის იმედად ყოფნა, არავინმეს ხელებში ყურება, არამედ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის თვითორგანიზება. მე ამას ვაკეთებ ახლა და მინდა სტიმული მივცე ამ პროცესს. ათასობით ადამიანი თვითორგანიზებული უნდა იქნას, რომ რეალურ ძალად იქცეს, რომელსაც ვერც მიწებს გაუყიდიან, ვერც ჩვენთვის არასასურველ კანონებს მიიღებს ვინმე, ვერც ქვეყნის განვითარებას შეუქმნის საფრთხეს. ჯერ-ჯერობით ასეთი მუხტი არ არის, ჩვენი ხალხი ისევ მორჩილად ელოდება ხელისუფლებას, რომელსაც იმედი აქვს რომ ის ყველაფერს მოუგვარებს. როგორც წესი, ხელისუფლება ბევრ რამეს ვერ აკეთებს, ამიტომ ხალხმა თავისთავზე უნდა აიღოს. ყველაფერი კომპლექსურადაა გასაკეთებელი.

-აღარ ჩანხართ და აღარც აქტიურობთ, რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ?

-ამჟამად ვმოღვაწეობ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ვკითხულობ ლექციებს, ვმუშაობ ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოებზე, რომლებიც ლექციების კურსს მოიცავს და რომელიც პირველია საქართველოში-“უმაღლესი მაკროეკონიმიკა და მისი მიმდებარე კურსები”. წელიწადნახევარში სამი წიგნი გამოვა. ძალიან ბევრ მუშაობას მოითხოვს და შედარებით ნაკლებად ვაქტიურობ პრესასა და ტელევიზიაში. პოლიტიკაშიც ამჟამად ნაკლებად აქტიური ვარ, თუმცა არსად წასვლას არ ვაპირებ.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...