Home » მთავარი » ზვიად გამსახურდიას სახელობის სკოლა „ლამპარმა“ პატივი მიაგო პირველი პრეზიდენტის ხსოვნას

ზვიად გამსახურდიას სახელობის სკოლა „ლამპარმა“ პატივი მიაგო პირველი პრეზიდენტის ხსოვნას

დღეს, ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა „ლამპარი“-ს დირექტორმა თეიმურაზ მენაფირემ, პედაგოგებთან და 5 კლასის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი  გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

დღეს, 31 მარტს  ზვიად გამსახურდიას 78 წელი შეუსრულდებოდა.

პირველი პრეზიდენტის პატივის მიგების დროს იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა თეიმურაზ მენაფირემ და მომავალ თაობას კიდევ ერთხელ შეახსენა გამსახურდიას განვლილი გზა.

-„დიდია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა სულისჩამდგმელი და მედროშე იყო. ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია.

სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ასევე 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე”- საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. აღსანისნავია, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი“.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...