Home » ბლოგი » თბილისში ნაგავს აღარ ყრიან, მას გადაამუშავებენ სატელევიზიო შოუში

თბილისში ნაგავს აღარ ყრიან, მას გადაამუშავებენ სატელევიზიო შოუში

დავით დოლიძე 

“ლოს-ანჟელესში ნაგავს აღარ ყრიან, მას გადაამუშავებენ სატელევიზიო შოუში” –  როდესაც ცნობილმა კინორეჟისორმა ვუდი ალენმა ეს ფრაზა წარმოთქვა, ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა იმისა, რომ ლოს-ანჟელესზე ბევრად უფრო ტოქსიკური და გამოუსადეგარი ნაგავი ქართულ ტელესივრცეში მუშავდებოდა. უკვე მრავალი წელია, დაბალი ხარისხის  სატელევიზიო გადაცემები იპყრობს ქართველი მაყურებლის ყურადღებას.

ქართული მედია შემეცნებითი, ანალიტიკური და ინტელექტუალური გადაცემების დეფიციტს რომ უჩივის ნათელია. ანალიტიკური და შემეცნებითი გადაცემების ნაკლებობას კი იმ მოსაზრებით ხსნიან, რომ საქართველოში ადამიანებს უფრო მეტად ესაჭიროებათ განტვირთვა და დასვენება. გადახედეთ ქართული ნაციონალური მაუწყებლების პროგრამულ ბადეს და დარწმუნდებით, რომ მათი სატელევიზო პროდუქციის თითქმის 80% სწორედ გასართობი შოუებია.

რა თქმა უნდა, პოპ-კულტურის ფენომენი არაა საშიში, მით უმეტეს, მიუღებელი. არც ის შეხედულებაა სწორი, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მასობრივი კულტურა მდარე გემოვნებასთან ასოცირდება. კარგა ხანია, მსგავსი სატელევიზიო ფორმატის გადაცემების ასეთი შეფასება არასერიოზულად მიიჩნევა, რადგან მასობრივი კულტურა ის სოციალურ-კულტურული რეალობაა, სადაც არსებობა გვიწევს.

ესაა კულტურის სახეობა, რომელშიც ერთდროულად კარგი და ცუდი პროდუქციაც იქმნება.

შედარებით მდარე ხარისხის სატელევიზიო გადაცემებს  გვერდს ვერ უვლიან დასავლური მედიასაშუალებები, მაგრამ მათი უმეტესობა მასობრივი კულტურის ხარისხიანი პროდუქტის საზოგადოებისთვის მიწოდებას, მეტ-ნაკლებად, წარმატებით ახერხებს. ჩვენთან კი „ხარისხის ფილტრი“, ფაქტობრივად, არ მუშაობს.

გასართობი შოუების ყველაზე მდარე პროდუქცია ქართული მედიის მოხმარების საგანია, ამ მხრივ მართლაც ვერაფერი შეედრება სატელევიზიო მედიას, რომელსაც მასობრივი მომხარებელი ჰყავს და თავის პროდუქციას დიდი წარმატებითაც ყიდის. ზოგადადაც ხომ პოპ-კულტურა კომერციულ მოგებაზე გათვლილი კულტურაა და ასეთი ინტერესისთვის ტელევიზიებს ვერ დავძრახავთ, თუმცა სწორედ ამიტომაც, საყურადღებოა იმ სატელევიზიო პროდუქციის თვისებრიობაზე დაკვირვება, ასე მონდომებით რომ სთავაზობს ქართული ტელემედია მაყურებელს.

ამგვარად, მდარე ხარისხის, არაფრის მომცემი ტელეგადაცემები გართობასა და მოგებაზეა ორიენტირებული, ხოლო ტელესივრცის ყველაზე პოპულარული პროდუქტი სხვადასხვა ტიპის საპნის ოპერები და სერიალებია.

რა მხატვრული ღირებულებისაა ქართული ტელესივრცის მიერ შემოთავაზებული სერიალები? სამწუხაროდ, ქართული მედია თავს არ იწუხებს საპნის ოპერების ხარისხის განსაზღვრით. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, მაუწყებლები უპირატესობას ანიჭებენ იმ სერიალებს, რომელთა შეძენაც იაფი უჯდებათ. ფაქტი ერთია, მაყურებელი ამ სერიალებს ჰყავს და მარტო ტელევიზიათა მესვეურების დადანაშაულება იმაში, რომ ასეთი პროდუქცია ნაციონალურ მაუწყებლების მეშვეობით გადაიცემა, არასწორი მგონია.  ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს საეთერო სივრციდან „გაქრა“ ინტელექტუალური გადაცემები და დაგვრჩა არაფრისმომცემი ტოქ – შოუები და უცხოეთიდან შემოსული იაფფასიანი სერიალები.

სამხრეთ ამერიკული საპნის ოპერები, რომლებიც ასე პოპულარული იყო წლების წინ, დღეს ინდურმა და თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა. ინდური სერიალების პრიმიტიული სიუჟეტები: რძალ-დედამთილიანი, ყავლგასული, სტერეოტიპული დაპირისპირებანი, ყველაზე ბანალური ოჯახური პრობლემები და სერიათა რაოდენობაც, მათ დაბალ ღირებულებაზე მიუთითებს. არც თურქული და რუსული საპნის ოპერები გამოირჩევა იდეური და მხატვრული ღირებულებით.

რაც შეეხება ქართულ ნაწარმს, მედია ორი ტიპის პროდუქციას გვთავაზობს- დრამასა და კომედიური ჟანრის სერიალებს. „ჩემი ცოლის დაქალები“ წლებია, პოპულარულობით სარგებლობს და ჩვეულებრივ, აქტუალურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას, იგი ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქციაა, რაც ჩვენს ტელესივრცეში იქმნება. მაგრამ სერიალი, რომელიც სტერეოტიპების დანგრევას ისახავს მიზნად, ხშირად თვითონვე ქმნის სტერეოტიპულ სახეებს, მაგალითად, პროვინციელი პერსონაჟები საკმაოდ არაესთეტიკურად და სასაცილოდ, დაკნინებულად არიან წარმოჩენილნი.

ქართული მედია გვთავაზობს პოპ-კულტურის ისეთ სახეებს, როგორებიცაა მუსიკალური შოუები. მსოფლიოში პოპულარული პროექტები „იქს ფაქტორი“ და „ვოისი“ კომერციულად მომგებიანია საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან მედია ამ შოუებს, გარდა კომერციული ინტერესებისა, მაყურებლის გემოვნების განმსაზღვრელ საშუალებადაც იყენებს.

გარდა იმისა, რომ მსგავსი შოუების რეპერტუარი, ფაქტობრივად, არ იცვლება, კონკურსების ჟიურიში ვხედავთ პერსონებს, რომლებსაც მუსიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ან ისეთ „პოპულარულ“ შემსრულებლებს, რომელთა მუსიკალური „პროდუქცია“, უბრალოდ, კრიტიკასაც ვერ უძლებს.  უცხოური შოუების დადებითი მხარე ისაა, რომ ჟიურიში იწვევენ პროფესიონალ მუსიკოსებსა და პროდიუსერებს, რომლებიც შეიძლება აკუსტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ და ღირებულ მუსიკას არ ქმნიან, მაგრამ პროდუქტიულობითა და მუსიკალური ხედვის მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩევიან. ჩვეთან სამწუხაროდ ასე არ ხდება.

ქართული მედია მრავლად შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ, ასევე მედიაში ხშირია სექსიზმის შემთხვევები. ამ ყველაფერს კი ნათლად ვხედავთ პოპ-კულტურის ისეთ გამოვლინებებში, როგორებიცაა მასობრივი შოუები, მაგალითად, „ნიჭიერი“, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს, მსგავსი დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მაგრამ იმავდროულად, თვითონ ხდება სექსიზმისა და სხვადასხვა დისკრიმინაციის წამახალისებელი. ამ მხრივ საკმარისია, გავიხსენოთ 2015 წლის „ნიჭიერი“ და ჟიურის დამოკიდებულება სხავადასხვა მონაწილისადმი, თუნდაც, ჟანა წითლაურისა და მოცეკვავე ევა შიანოვასადმი.

წლებია კიჩშოუები, მაგალითად, „კომედიშოუ“, გარდა იმისა, რომ მდარე იუმორით ხასიათდება, ასევე მცდარი სტერეოტიპების დამამკვიდრებელიც ხდება. ეს გამოიხატება მაგალითად, „ლგბტ“ თემის წევრი პერსონაჟების სახეებში. ასევე „კომედიშოუ“ ხშირად ავრცელებს მასკულინური და სექსისტური დისკრიმინაციის შემცველ არაერთ სკეჩს, საზოგადოებაში მისაბაძ მაგალითად რომ იქცევა ხოლმე. სხვადასხვა პერსონაჟთა სპეციფიკური საუბრის სტილის, მანერის ან სხვადასხვა ფოკუსჯგუფისა და სუბკლუტურის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი ფრაზების პოპულარობა მეტყველებს იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ასეთი შოუები ახდენს მაყურებელზე.

მასის ყურადღების მისაპყრობად შექმნილ გადაცემებს უეცარი ტრანსფორმაციები ახასიათებს და მისი ეს თავისებურება ქართულ მედიასივრცეშიც შევნიშნეთ, როდესაც ტოკ-შოუ „პროფილი“, რომელიც წლების განმავლობაში ეთიკურ სტანდარტს არც თუ სამაგალითოდ იცავდა, დღეს უკვე სოციუმში არსებული მძიმე კულტურული და სოციალური თემების მოსარჩლედ მოგვევლინა. სამწუხაროდ, მასობრივი კულტურის მსგავსი პროდუქციის ტრანსფორმაცია იშვიათად თუ სრულდება წარმატებით. ასე მოხდა ამჯერადაც. დღემდე გადაცემა „პროფილი“ ვერ ელევა მასობრივი აუდიტორიისთვის გათვლილ „სპეცეფექტებს“, თემების ხელოვნურად დრამატიზებას, მუსიკითა და გამოსახულებით მანიპულაციას. გადაცემა გამოირჩევა არა პრობლემებზე ორიენტირებული დისკუსიით, არამედ კვლავ შოუს დადგმითა და სენსაციების შექმნითაა დაკავებული.

საერთოდ, სკანდალებსა და ბულვარულ თემებზე აგებული შოუები მასობრივი კულტურის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. დღეს, სამწუხაროდ, ქართულ მედიასივრცეში ამ გამოვლინების არაერთ სახეს ვხვდებით, მათ შორის ერთ-ერთი ,,მძიმე“ შემთხვევაა „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძეთან ერთად“, გადაცემა, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდება, შოუ, რომელიც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის დისკრიმინაციის პროპაგანდისტია.  ალბათ, ქართულ მედიასივრცეში მსგავსი სატელევიზიო ფორმატის ყველაზე მდარე, არაფრისმთქმელი მაგალითი სწორედ „სხვა რაკურსია“, რომელიც დაწყებული თემატიკით, დამთავრებული სტუმრებით, ყველაზე მეტად არაფრისმომცემი გასართობი თემატიკის, როგორც დაბალი ხარისხისა და ღირებულებების მქონე კულტურის, გამავრცელებლის სახელის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ მე არ მჯერა არც იმ ტრანსფორმირებული თოქშოუების წამყვანების გულწრფელობის, რომლებმაც უცბად ქალთა უფლებების დაცვა გადაწყვიტეს და არც “ნიჭიერის” ჟიურისა და პროდუსერების ლიბერალობის. რადგან მიმაჩნია, რომ მსგავში შოუები არამხოლოდ ინდივიდებისთვისაა ზიანის მომტანი, არამედ სამოქალაქო ცნობიერების განვითარებასაც აბრკოლებს და ხელს უშლის.

მსგავსი ტიპის სატელევიზიო ნაგავი ადვილად აქცევს ადამიანს ცნობილ სახედ, ეს თვისება ქართულ მედიაში ყველაზე მძლავრად იგრძნობა. გამოჩნდება თუ არა რაიმე ნიშნით არაორდინალური ადამიანი, ჯერ ინტერნეტსივრცის „ვარსკვლავი“ ხდება, მალევე კი სხვადასხვა შოუს სასურველ სტუმრად იქცევა ხოლმე და ასე იქმნება ე.წ. ვირტუალური ცნობადობა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტელესივრცე პოპ-კულტურის მდარე პროდუქციითა შევსებული, მაინც მოიძებნება გადაცემები, რომელთა ავტორებიც ცდილობენ, ხარისხსა და გემოვნებაზეც იზრუნონ. ამ მხრივ გამოირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებელი. კერძოდ კი გადაცემები „კომუნიკატორი“ და „ტრანსმისია“ – რომლებიც ერთგვარ კულტურულ ექსპერიმენტს გვთავაზობს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის ორიგინალური ქართული ტელეთამაში „წიგნების თარო“, რომელიც ასევე საინტერესოდ აზავებს საგანმანათლებო მიზნებს გართობის ელემენტებით, ასევე აღსანიშნავია ტელეკომპანია იმედის ეთერში გამავალი გასართობ-შემეცნებითი გადაცემა „ცოდნა ფულია“.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ტელეარხებზე მდარე ხარისხის გადაცემებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა როგორც სერიალები, ისე სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, კომედიური და მუსიკალური შოუების უმრავლესობა ხარისხით არ გამოირჩევა. სამწუხაროდ, მაყურებელს პოპ-კულტურის ყველაზე მდარე ტიპის პროდუქცია მიეწოდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაცემების რეიტინგულობიდან გამომდინარე, ეს შოუები წარმატებით „საღდება“. თუ რა არის ამის მიზეზი, ეს უკვე სხვა, ღრმა კვლევის საგანი უნდა გახდეს.

ფაქტია, რომ დღეისთვის ქართული ტელევიზიები წარმატებით ახერხებენ იდეურად სუსტი და შინაარსობრივად მწირი თუმცა რეიტინგულად მიმზიდველი გადაცემებით მაყურებლის ყურადღების მიპყრობას.  სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვუდი ალენს ფრაზა ოდნავ შევუცვალოთ და ქართულ რეალობაში გადმოვიტანოთ. „ქალაქ თბილისში ნაგავს აღარ ყრიან, მას გადაამუშავებენ სატელევიზიო შოუში“!

 

 

Facebook Comments
x

Check Also

საოკუპაციო ძალებმა 17 წლის ბიჭი ცხინვალში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – ასეთი ...