Home » მთავარი » თეა წულუკიანი – იმედია, სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენს თაობას მისცემს ქვეყნის გაერთიანების საშუალებას

თეა წულუკიანი – იმედია, სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენს თაობას მისცემს ქვეყნის გაერთიანების საშუალებას

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

„მინდა, ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ჯარისკაცებს, ყველას, ვინც აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო, მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც 21 იანვარს ევროპულ სასამართლოში დადგა. ჩვენ, პირველად, დიდი ძალისხმევის შედეგად, შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას, ქვეყანა გააერთიანოს. თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს. ძალიან კარგია, რომ ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ტიტანური შრომა, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს მაშინ გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია და ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა. რადგან დავა უკვე დასრულებულია საზოგადოებას უფლება აქვს, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი და კომიტეტები ამ პროცესს კონკრეტულ ფორმას მისცემენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

Facebook Comments
x

Check Also

თეა წულუკიანი: ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა ...