Home » ექსკლუზივი » „იმოქმედე, შსს! გამოფხიზლდი, მთავრობა! ტურისტს რომ ქვეყნიდან გააქცევ, ესეც კრიმინალია!“

„იმოქმედე, შსს! გამოფხიზლდი, მთავრობა! ტურისტს რომ ქვეყნიდან გააქცევ, ესეც კრიმინალია!“

ხელი აგვისტო კიდევ უფრო ცხელი ამბებით.

რუბრიკის „ხალხის ხმა“ სტუმარია „ჯიპას“ ლექტორი, რეიგანის ფონდის მეგობარი ზაზა სიამაშვილი.

Gem Fest-ზე დატრიალებული ტრაგედიისა და ბოლო მოვლენების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ეს ფესტივალი უნდა დაიხუროს და აღარ ჩატარდეს საქართველოში. ამ თემაზე და ბათუმში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ ზაზა სიამაშვილს დავუკავშირდით.

-ზაზა, თქვენ ხართ ლექტორი და ურთიერთობა გაქვთ ახალგაზრდებთან, აქედან გამომდინარე სიახლოვეც გაქვთ, იცით მათი აზრი და შეხედულება, როგორ ფიქრობთ, უნდა დაიხუროს ეს ფესტივალი? და საერთოდ, მხოლოდ ფესტივალზეა პრობლემა?

-არ ვარ მომხრე, რომ თუნდაც ეს ფესტივალი და საერთოდ რაიმე ფესტივალი და კონცერტი აიკრძალოს, მაშინ რას სთავაზობ ალტერნატივად? ფესტივალს კი  ნუ გამოეკიდებიან, არამედ პრობლემის თავი ეძებონ! გაარკვიონ ვინ არის ამ ნარკოტიკების ჩამომტანი და გამავრცელებელი! ან რატომ აძლევს შსს საზოგადოებას ეჭვის საბაბს, რომ ამ ყველაფრის მფარველია? ნუთუ არ ჰყავთ ისეთი ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ამ კონკრეტულ საკითხზე და პრობლემას აღმოფხვრიან? თუ ახალგაზრდებმა იციან სად და როგორ შეიძინონ ეს ნარკოტიკი, შსს-მ არ უნდა იცოდეს? იყვნენ ამ ფესტივალზე ჩემი სტუდენტებიც და მითხრეს, რომ ყველანაირი ნარკოტიკული საშუალებაა და ხელმისაწვდომიც. ესენი თუ არა სხვები იყიდიან, გასინჯავენ, რა ქნან ახალგაზრდებმა, როცა ანაფორიანებიც ერთობიან? ეს ცალკე თემაა, მაგრამ რა ფორმებში ჯდება ეს? აბა ერთი დაინტერესდნენ პატრიარქის ძმისშვილის ცხოვრებით!  ასე რომ ფესტივალის აკრძალვა კი არა, თავია საძებნელი საიდანაც ეს პრობლემა მოდის!

-როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკაზე რამდენად ცუდად აისახება ასეთი ფესტივალების დახურვა და აკრძალვა?

-ძალიან ცუდად აისახება. ზუგდიდის მოსახლეობამ ძლივს ცოტა სული მოითქვა. ამას წინათ ერთმა ზუგდიდელმა მითხრა, ჩემს ოჯახს თვეებია ხორცი არ უჭამიაო! აქ ხომ საუბარი არ არის უფროსებზე, აბა წარმოიდგინეთ 7-10 წლის ბავშვი, რომელიც ხორცს არ მიიღებს და ასეთები ასობითაა. მთავრობა რომ ხარ და მილიონრები და მილიარდელები გყავს პარლამენტში, მოიფიქრე და ელემენტარული დახმარება გაუწიე შენს ხალხს. კარგი, აკრძალე Gem Fest, რას სთავაზობ ზუგდიდლებს? ეს სეზონი აქვთ და ესეც უნდა მოუსპო? არ არის ბათუმის სანაპიროზე ფესტივალი, მაგრამ დათვალონ შპრიცები!

-და სად არის პატრული?

-ადრე ჩანდა, ახლა კი ნამდვილად საძებარია. ამას წინათ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით სანაპიროზე, არის ქაოსი, უკონტროლობა და არსად პატრული, ისიც კი გავიფიქრე შსს-ს გაფიცვა ხომ არ აქვს-თქო. აბსოლუტური უკონტროლობაა, დღისით, მზისით ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თავდასხმა მოხდა, საბედნიეროდ გოგონა გადარჩა, მაგრამ სულ გასისხლიანებული იყო. მერე დააკავეს თავდამსხმელი, მაგრამ სრული უკონტროლობაა!

-თქვენი პოსტებიდან გამომდინარე, ვიცით რომ ბათუმში ფასებიც კატასტროფულად მაღალია, რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი ტურიზმზე?

-ტურისტს რომ ქვეყნიდან გააქცევ, ესეც კრიმინალია! ფასების აწევაში აქ ერთმანეთს ეჯიბრებიან. გასამართლებლად კი ამბობენ-რა ვქნათ, ეს ერთი სეზონი გვაქვსო, იმას კი არ ფიქრობენ, რომ მეორე სეზონი შეიძლება სულაც აღარ იყოს, რადგან ფასებით შეშინებული ტურისტი მეორედ აღარ ჩამოვა. ნახეთ საიტი tripadvisor.com, მსოფლიო ეცნობა იქ მოყოლილ ამბებს, ხოდა სწორედ მაქ წერენ უკვე ნამყოფი ტურისტები, რომ ბათუმი კარგია მხოლოდ 1-2 დღით. წერენ რომ ყველაფერი ძვირია. კარგი იქნება ჟურნალისტები წახვიდეთ სხვა ქვეყნებში და იქ ნახოთ ტურისტული სეზონი როგორია. ერდოღანი ხომ დიქტატორია და მოსახლეობას ბევრი რამ არ მოსწონს, მაგრამ ტურისტულ სეზონზე ფასებს დაბლა სწევს. ახლა ჩემი სტუდენტები იყვნენ ანტალიაში და 4 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება ყველა სერვისით 450$ დაუჯდათ, აბა მითხარით, რაში ეყოფათ ეს თანხა ბათუმში? თქვენ გგონიათ ის ტურისტები ვერ ხედავენ, რომ რესტორნებს 2 მენიუ აქვთ? ერთი ტურისტებისთვის და მეორე ადგილობრივებისთვის და ეს მენიუები ფასებით განსხვავდებიან. ტურისტების მენიუ უფრო ძვირია. აი, დაინტერესდით და გადაიღეთ რესტორნიდან გამოსული უცხოელი ხელებს რომ შლის და  უკმყოფილოდ აქნევს თავს! ის მეორედ ჩამოვა? ან სხვას არ ეტყვის აქ რა ხდება? კი, ბატონო, არ მიკვირს ეს ფასები, ტურისტულ სეზონს ელოდებიან ეს ადამიანები, რომ რაღაც შემოსავალი ჰქონდეთ, მაგრამ შენ რომ მთავრობა ხარ, გაქვს ტურისტული სააგენტო, მოიფიქრე და დაეხმარე კერძო ტურიზმს! ნუ დააფრთხობ უცხოელს და ნუ აფიქრებინებ, ეს რა ვქენი საქართველოში რომ ჩამოდევიო! მთავრობა რომ ხარ, გადახედე რა ხდება ამ სეზონზე სხვა ქვეყნებში! აი, მაგალითად ანტალიაში 70-80%-ით იწევს ფასები დაბლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკაზე.

-სად არის გამოსავალი?

-კორექტირებასა და რეგულირებაში. სად არის ფინანსური პოლიცია? ვინმემ იცის საერთოდ რამდენი თანხა შემოდის საქართველოში და პირიქით, რამდენი გადის? ჩაატარონ საზოგადოებაში გამოკითხვა, დააწესონ კონტროლი და საერთოდ, დროა გამოფხიზლდნენ! ასეა Gem Fest-ზეც. კორექტივები საჭიროა, მაგრამ აკრძალვა არა! წავა ეს ხალხი და იქ დახარჯავს ფულს, სადაც ჩაატარებენ, წავა ჩვენი ახალგაზრდობაც და მაინც მიიღებს მონაწილეობას. ამხელა შემოსავალი რომ აქვს მთავრობას, ხალხისკენაც გაიხედონ. კახა კალაძეს იმისი ჭკუა ეყო, რომ ხელფასი არ აეღო, რადგან ისედაც აქვს კაპიტალი, მაგრამ მთავრობაში რომ ნაყოფია და მისთანები არიან, მხოლოდ შეძახილია საჭირო-გაიღვიძე, მთავრობავ!

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...