Home » მთავარი » იქმნება მყარი საფუძველი, რომ საქართველო ალიანსის წევრობას კიდევ უფრო მიუახლოვდეს…

იქმნება მყარი საფუძველი, რომ საქართველო ალიანსის წევრობას კიდევ უფრო მიუახლოვდეს…

“საპარლამენტო ასამბლეის მიერ 29 მაისს მიღებული დეკლარაცია უპირობოდ უჭერს მხარს ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ არჩევანსააშენოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გახდება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ 26-29 მაისს თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია შეაჯამა და განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი  დეკლარაცია პირდაპირ კავშირშია საქართველოს ნატო-შო ინტეგრაციასთან.

„დღევანდელი დეკლარაციის თანახმად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გამოხატავს აღფრთოვანებას საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების უწყვეტი მხარდაჭერით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, მიესალმება საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და უაღრესად აფასებს საქართველოს განგრძობად და ღირსეულ წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოს თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიის სფეროში, რაც პოზიტიური მაგალითია მთელი რეგიონისთვის. ასევე, აღიარებულია არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგი, რაც აძლიერებს  ქვეყნის მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობებს და ქმნის  მყარ საფუძველს, რომ საქართველო ალიანსის წევრობას კიდევ უფრო მიუახლოვდეს.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის დარღვევას და ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიას, რაც ფართო კონტექსტში საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღებული დეკლარაციის თანახმად, ასამბლეა იღებს ვალდებულებას დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესში და მოუწოდებს ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ასამბლეა მხარს უჭერს მოკავშირეთა პოზიციასრომ საქართველო გახდეს ნატო წევრი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას გააგრძელებს.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავაც გააგრძელებს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, ინსტიტუტების გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყნის უწყვეტ ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცებას, შეინარჩუნებს მედიაპლურალიზმს და მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, საერთაშორისო სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ძალზე მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში, თბილისს 600-მდე სტუმარი ეწვია.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია.საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა.

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...