Home » კატეგორიის გარეშე » “კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მივიღეთ”

“კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მივიღეთ”

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი

-“მთავარი, ალბათ, ის კი არ არის, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღეთ. ასეთი რამე ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრ ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მივიღეთ. კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთი მავანის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან. ასეთებმა იმრავლეს კიდეც. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ოპოზიციური ძალა კატეგორიულად არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი და მას მხოლოდ საპროტესტო მუხტის მითვისება და გაფანტვა ძალუძს. როგორც არ უნდა მიწყინონ, ეს ასეა. ხელისუფლებას არ ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ შემთხვევითი პოლიტიკური დემაგოგების ხელში ჩავარდება. ასეთი პარლამენტი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი ვერ იქნება. ისევ იმის იმედი თუ გექნება კაცს, რომ მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც რამდენიმე ადამიანს მაინც ესმის, თუ რა ცუდი სურათი მივიღეთ. დიდი ვერაფერი იმედია, მაგრამ სხვა რა გზაა?!
ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა (როგორც ამას უცხოელებმა უწოდეს) “ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი.” პოლიტიკური პარტიები “ერთადერთი და განუმეორებელი” ფეოდალების ხელშია, კბილებით რომ იცავენ თავის სამფლობელოებს. იდეოლოგიურ ტყუპისცალებს საერთო ენა ვერ უპოვნიათ. მავანთა პიროვნული მესიანიზმით ჩნდება და ქრება კარიკატურული პოლიტიკური წარმონაქმნები. თუ ადრე ამას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს უკვე ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკურ და პიროვნულ ნარცისიზმზე აღარაფერს ვიტყვი. სამარცხვინოა, ნარცისივით იქცეოდე და ასეთი შედეგები გქონდეს. იდეოლოგიური სნობიზმი და ზერელობა ხომ კიდევ ცალკე პრობლემაა. მოკლედ ვართ იქ, სადაც ვართ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ლუკა კურტანიძე: ეს გამარჯვება ჩემს სამშობლოს!

ლუკა კურტანიძე: ეს გამარჯვება ჩემს სამშობლოს! სამშობლოს სახელისთვის ბრძოლას ასაკი არ აქვს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ...