Home » TV (სააგენტოს გადაცემები) » …კიდევ ერთი ოჯახის ოცნება იმსხვრევა!..(ვიდეო)

…კიდევ ერთი ოჯახის ოცნება იმსხვრევა!..(ვიდეო)

ოჯახი, რომელზეც ახლა მინდა გიამბოთ, ორი წლის წინ სრულიად შემთხვევით გავიცანი. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობრის პოსტი წავიკითხე, რომელიც ძალიან წუხდა, რომ რუსთავში ახალგაზრდა ოჯახი ღამით ღია ცის ქვეშ დარჩებოდა, რადგან ქირას ვეღარ იხდიდნენ და ბინის მეპატრონე სახლის დაცლას აიძულებდა. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, მაგრამ იქვე კიდევ ასეთი სტატუსი ვნახე, მერე ვიღაც დახმარებას ითხოვდა სხვა სტატუსში და…საღამოს წვიმა დაიწყო, უცებ გამახსენდა ის ოჯახი, წარმოვიდგინე როგორ იქნებოდნენ წვიმიან ღამეში ღია ცის ქვეშ და მაშინვე მეგობრებს დავურეკე, მოკლედ მოვუყევი და უკვე ნახევარ საათში რუსთავისკენ მივდიოდით…

ლალი ბარათაშვილის სახლთან რომ მივედით, დავინახეთ ორი ახალგაზრდა კაცი, რომლებსაც სადარბაზოდან ნივთები გამოჰქონდათ, ეს ლალის მეუღლე ელიზბარ შინდაგორიძე აღმოჩნდა. გამოველაპარაკეთ, ლალი ჯერ ბინაშია და ბავშვს აცმევსო- გვითხრა და სახლში აგვიყვანა. ოთახში რომ შევედით, გაოცებისგან ვერც ერთი ვერ ვიღებდით ხმას-ლალი შშმ პირი აღმოჩნდა. მას დაბადებიდან ცერემბრალური დამბლა ჰქონია, არავის ეგონა, ოდესმე ფეხზე თუ დადგებოდა, მაგრამ იმდენი იბრძოლა, დასძლია კიდეც ავადმყოფობა, ოჯახიც შექმნა და პატარა ბიჭი-გაბრიელიც შეეძინა…

მერე ლალიმ მოგვიყვა, რომ გაბრიელი გულის მანკით დაბადებულა, 4 ოპერაცია გაუკეთებიათ ბავშვისთვის-სულ კეთილი ადამიანების დახმარებითო-ტიროდა ლალი.

13178727_1089998921072001_2540943278107274177_n

მისი მეუღლე კი ძეგვის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელია, მოკლედ, ასეთი ოჯახი ნამდვილად არ შემხვედრია. ეს ორი ახალგაზრდა დაუღალავად იბრძვის ცხოვრებისთვის.

იმ ღამით ბინის პატრონმა როგორღაც გამოიჩინა მოწყალება და სახლში დატოვა. მერე საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარეთ რუსთავში, ხალხიც დაგვეხმარა და ოჯახს 2 თვის ქირის ფული და საკვები პროდუქტები დავუტოვეთ. კიდევ ჩავდიოდით მათთან. ერთხელაც ვკითხე, მერიას ან საკრებულოს თუ მიმართა.

-„კი, ყველა შევაწუხე, სად არ ვიყავი და მითხრეს-„პროფილში“ წადი, იქნებ რამე გეშველოსო“. შარშან მაია ასაიანმაც მიიწვია ოჯახი გადაცემაში, დიდი იმედი ჰქონდა ლალის, იქნებ მეც გამომიჩნდეს ვინმე ღვთის მადლითო, მაგრამ…

…მერე ისევ დადგა ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის საშიშროების წინაშე, აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქველი“ და ისევ კეთილი ადამიანების დახმარებით ქირის ფულს აძლევდა, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ შეძლებდა და ისევ შიშობდა ლალი, ჩემი თავი ჯანდაბას, ბავშვი რომ გამიცივდეს, გართულებები ექნებაო. უფალი დიდმოწყალეა და კიდევ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგა ახალგაზრდა ოჯახს, თუმცა ესეც დროებითი იყო…

-„ნეტავი რამე სამუშაო მაშოვნინა, რომ სხვას არ შევყურებდე, ქირის გადასახდელი ფული მაინც რომ გვქონდეს, მერე ისე აღარ შემეშინდებოდა, ან ჩემი მეუღლე მაინც მუშაობდეს..“-წუხდა ლალი.

მერე ყვავილების ლამაზი კოლოფების გაკეთება დაიწყო, შიგ ყვავილებს ალაგებდა  და ქუჩაში ატარებდა, მაგრამ არც ამან გაუმართლა…

12805860_1070651959673364_2802603099319679594_n 13015289_1070651903006703_7882948574916667488_n

და აი ახლა უიმედობით შებყრობილი ოცნებასაც ვეღარ ბედავს-მისი ოცნებაა საკუთარი სახლი ჰქონდეს, რომ მისი პატარა გაბრიელი აღარასოდეს დარჩეს ქუჩაში.

წარმოიდგინეთ, ლალი ის ადამიანია, რომელსაც არასდროს დაუყრია ფარხმალი, ბავშვობიდან ებრძოდა ავადმყოფობას, მერე შვილის ავადმყოფობას და ახლა ებრძვის ულმობელ ცხოვრებას.

რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი? დღეს დილით მისგან წერილი მივიღე და კიდევ ერთხელ შემიპყრო სიბრაზემ-ნუთუ არ შეიძლება ამ ოჯახს საკუთარი ჭერი ჰქონდეს! თავად ლალი, ამდენი გაჭირვების მიუხედავად როგორც კი გაიგებს ვინმეს გასაჭირს, თუ რაიმე შეუძლია მაშინვე ეხმარება, გიგა ოთხოზორიას გასვენების დღეს თბილისში ჩამოვიდა ოჯახთან ერთად, რომ მისი გულისტკივილი გამოეხატა და კიდევ ერთი ხმა შეემატებინა პროტესტისთვის.

DSC00296

ნუთუ გინახავთ ასეთი მებრძოლი ოჯახი სადმე? ახლა კი ლალის წერილში უიმედობა და გულგატეხილობა დავინახე, მივხვდი როგორ კარგავს რწმენას და ეს ძალიან ცუდია!..

მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობთ, გადაეცით სხვებსაც, იქნებ მოვახერხოთ და ხმა მივაწვდინოთ ყველას-ოჯახს დახმარება სჭირდება! გამოგიტყდებით და ეს ჩემი ოცნებაცაა, ამ ოჯახს ვინმემ ბინის გასაღები გადასცეს, პირველი შემთხვევა ხომ არ იქნება, ხომ გვაქვს ამის პრეცედენტები, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდებს უნდათ გვერდით დგომა და მხარდაჭერა…ჯერ კიდევ იმედი აქვს ლალის, ჯერ კიდევ ცდილობს ელიზბარი ხმა მიაწვდინოს ყველას…ვხედავ და არ მინდა დავიჯერო-კიდევ ერთი ოჯახის ოცნება იმსხვრევა!

გავერთიანდეთ, ერთად ხომ ყველაფერს შევძლებთ!

მივმართავთ რუსთავის მერიას, მაჟორიტარ დეპუტატს და გამგეობას, იქნებ ერხელ მაინც მიხვიდეთ მათთან და რაიმე დახმარება გაუწიოთ!

მოგმართავთ ყველას, ვისაც დახმარების სურვილი გექნებათ, დაურეკეთ თავად ლალის 551 10 77 58. მისთვის თქვენი თანადგომა დიდ რამეს ნიშნავს.

ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, თუმცა მას მერე არაფერი შეცვლილა-ერთის გარდა, ელიზბარი მაშინ მშენებლობაზე მუშაობდა, ახლა კი ვერსად იშოვა სამუშაო.

   ქეთი მიქაძე

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ...