Home » ინტერვიუ » “კომპიუტერულ თამაშებში მოზარდი ცდილობს ნაჯახით აკუწოს ზომბი… ეს აგრესია მასში თანდათან ილექება…”

“კომპიუტერულ თამაშებში მოზარდი ცდილობს ნაჯახით აკუწოს ზომბი… ეს აგრესია მასში თანდათან ილექება…”

ფიქრია წიკლაური

 

მოზარდების ძალადობასა და აგრესიაზე, მის მიზეზებზე, ასევე მისგან თავის დახსნის გზებზე  თბილისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის მოძღვარი მამა ბასილი ნიქაცაძე გვესაუბრება:

-მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა, მასში ის მანკიერებაც გაჩნდა, რასაც აგრესია ჰქვია.  კაცობრიობის ისტორიაში  აგრესია პირველად მაშინ გამოვლინდა, როდესაც კაენმა თავისი უდანაშაულო  ძმა, აბელი სისასტიკით მოკლა. მაშინ სულ 4 ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე.

ეს ქცევა  ყველა ადამიანში დევს და თუ გარშემო სიტუაციაც ხელს გიწყობს, უკვე მასიურ ხასიათს იღებს.

საზოგადოებაში როდესაც უმეტესობა ზნეობრივია, უმცირესობა აგრესიულია და ზიანს აყენებს სხვას. ის ცხოველებშიცაა და ადამიანშიც, ერთ ბრძენს როდესაც კითხეს, რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორისო, უპასუხა, ცხოველი სულ ცხოველია, ადამიანი კი ხანდახან ადამიანიო.

აგრესია მეტ-ნაკლებად  ყველა ადამიანშია, მაგრამ ადამიანობა ისაა, ამ გრძნობის კონტროლი შეძლო.

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდებები – “დააბრუნეთ ეკლესია სკოლებში!..“ 

– ეკლესია არის თითქმის ყველა ციხეში, მაგრამ პატიმრების ნაწილმა, რომელმა 8-10 წელი მოიხადა სასჯელი და ტაძარიც საკნის წინ ჰქონდა, რატომ არ გამოიცვალა?  აქ არის ზნეობის პროპაგანდა. არადა ზნეობას არ ჭირდება რეკლამა. ადამიანს გენში აქვს ის, რომ შენ თუ გატკინეს და ცუდია, სხვას არ უნდა გაუკეთო იგივე.. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“სიკეთის ზეობა და გამარჯვება ეს აქსიომაა, მაგრამ  ცუდი ისაა, რომ ბოროტება გებრძვის. ამიტომ თუ გინდა ზნეობა აღდგეს, ჯერ ადამიანს ადამიანურობა უნდა დაუბრუნდეს.

10 მცნება არ არის ზნეობის  ეტალონი, რადგან იქ სიყვარულზე არ წერია არაფერი. დედ-მამის სიყვარულს კი არა, პატივისცემას ითხოვს, ანუ, არა მაქსიმალი არამედ მინიმალია.

„არ მოიპარო!“ – ქრისტიანობაა: არა აქვს, პირიქით, მიეცი.

„არა კაც კლა!“- ქრისტიანობაა: სხვისთვის თავი დადე.

„არ იცრუო!“ – ვისაც დევნიან სიმართლისათვის, ის ნეტარია.

ანუ მიზეზი ამ ყველაფრის ისაა, რომ დღევანდელი საზოგადოება შორდება საწყისს და თუ სინათლეს მოშორდები, უკვე ბნელში მიდიხარ, თუ სითბოს მოშორდი, სიცივისკენ გაქვს გეზი აღებული. ასე იყო მუდამ.

საზოგადოება, რომელიც რელიგიურ-მორალურ პრინციპებზე არაა დამყარებული, დიდხანს ვერ გასტანს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა ნორმებს ეფუძნება ის.

-პიროვნების აგრესიულად ჩამოყალიბებაში ხშირად ოჯახს, მშობლებს ადანაშაულებენ… 

-მხოლოდ ერთი სუბიექტის ბრალი ვერ იქნება ადამიანი აგრესორად რომ ჩამოყალიბდეს. სკოლა, საზოგადოება, და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის რა არის პრიორიტეტი. ჩემთვის მაგალითად, როგორც ქრისტიანისთვის, მთავარი პრიორიტეტია მტრის სიყვარული. ანუ მე თუ ამისკენ მაქვს მისწრაფება, არა თუ მტრობა და შუღლი, არამედ მხოლოდ სიყვარული და მტრისთვის იმ დონის სიყვარული მაქვს, რომ მის გადასარჩენად მსხვერპლსაც კი გავიღებ.

ამის მაგალითად ჩვენ თბილისში ერთ კილომეტრში  სინაგოგისა და მეჩეთის არსებობაც გვაქვს.

ადამიანის აგრესორად ჩამოყალიბებაში პროპაგანდა  მაინც უმთავრესია. მასმედია, ნებსით თუ უნებურად ძალიან ცუდ პროპაგანდას ეწევა. ტელეეკრანებიდან სხვადასხვა თემებზე გადაცემები თუ ფილმები, რომლებიც ყოველგვარი ცენზურის გარეშე გადმოიცემა, ჯერ კიდევ არ ვიცით რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.

როდესაც  დორიელები შეესივნენ  ბერძნებს, უთხრეს,  ან თქვენთან ერთად ვიცხოვრებთ, ან ამოგხოცავთ, ან დატოვეთ ქალაქიო. დორიელებს არ ჰქონდათ დამწერლობა, არც ფულის მოჭრის რამე გაეგებოდათ, მაშინ, როცა ბერძნებისთვის მიწათმოქმედება, არქიტექტურა და დემოკრატიული საზოგადოება იყო პრიორიტეტი. დორიელებთან ნათესაური კავშირიც დასაშვები იყო. ბერძნებთან ერთად მათ  ერთ კონკრეტულ რეგიონში დაიწყეს ცხოვრება. 7 წლის შემდეგ ბერძნებშიც დასაშვები გახდა ნათესაური ქორწინება და ბავშვებიც უკვე უარს ამბობდნენ განათლების მიღებაზე.

გარემო, სადაც ვიმყოფებით, მაქსიმალურად უნდა გაიფილტროს ნეგატივისგან, მაგრამ ეს ალბათ ძალიან რთული იქნება კომუნიკაციების ასეთი განვითარების პირობებში.

მოზარდებში აგრესია წვეთ-წვეთად იზრდება. გადავხედოთ მოზარდთა თამაშებს, სადაც ზომბი თითქმის რეალური არსებაა და მისი მოკვლა სავალდებულოა. თუ ის არ მოკალი, შემდეგ ტურში ვერ გადახვალ. ზის კომპიუტერულ თამაშში ჩართული მოზარდი და ცდილობს ნაჯახით აკუწოს ეს ზომბი. ეს აგრესია მასში თანდათან ილექება და ერთ მომენტშიც თავს იჩენს.

-გარდა იმისა, რომ კომპიუტერულ თამაშებს მოვარიდოთ ბავშვები, გამოსავალს კიდევ რაში ხედავთ?

-გამოსავალი იმაშია, რომ რაც შეიძლება ემპათიური უნდა გავზარდოთ ბავშვი, სასწავლო პროგრამაში უნდა იყოს ისეთი საკითხები, რომელიც სასარგებლო შრომას გაზრდის, მეტი წიგნებით და ზღაპრების კითხვით უნდა დავაინტერესოთ მომავალი თაობა, რომ იცოდეს, კეთილი ყოველთვის ბოროტზე როგორ იმარჯვებს.

ძიძები, რომლებიც ფულადი ანაზღაურებისთვის ზრდიან ბავშვებს, ერთეულებს თუ გამოვარჩევთ, რომლებიც პატარებს ზღაპრებს უკითხავენ, ზნეობას, დანდობა-შეწყალებას უნერგავენ აღსაზრდელებს. მთავარია ბავშვი არ გაცივდეს, დროულად აჭამოს და თვის ბოლოს ხელფასი აიღოს.

ბავშვები ნეგატიურ ინფორმაციებს უნდა მოვარიდოთ და ადრეულ ასაკშივე ვასწავლოთ ემოციების და გრძნობების კონტროლი. ეს ყველაფერი თუ ვერ მოვახერხეთ, სხვა შემთხვევაში ცხოველურ საწყისს უბრუნდება . ნიანგს თუ შია, ის პატარა კრავსაც გადაყლაპავს და დიდ ანტილოპასაც. მთელი ეპოქები ბოროტისა და კეთილის ბრძოლაზეა აგებული. ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა.

-ალბათ ოჯახის ეკლესიურად ცხოვრებაც განაპირობებს პიროვნება დადებითად ჩამოყალიბდეს…

– ყველა ადამიანი კეთილ საწყისზეა შექმნილი. ვეჭვობ რომ ჰიტლერი პატარაობისას მოსაფერებელი ბავშვი არ ყოფილიყო.

თუ ოჯახი ეკლესიურია, გარემო მაინც უცხოა მისთვის, გინება, ყვირილი და მაგალითიც შესაბამისი ეძლევა.  მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი თავისუფალია და მის არჩევანს მხოლოდ თავად წყვეტს. იუდა ქრისტეს სახელით სასწაულებს ახდენდა, მაგრამ ბოლოს ქრისტე გაყიდა და თავი ჩამოიხრჩო, ავაზაკი კი, რომელიც გამოცდილი ყაჩაღი იყო, თავი იცხონა. რა თქმა უნდა უდუდესი  წვლილი შეაქვს თავის ცხოვრებას ადამიანს, როდესაც ის რელიგიურია და ცდილობს ღვთის ხატად და მსგავსად იცხოვროს. მაგრამ თუ ის ამ გზიდან გადადის, ეს უკვე მისი არჩევანია და რელიგია აქ არაფერ შუაშია. დღეს მასმედიას თუ თვალს გადავავლებთ, რელიგიურობა თითქოს არასწორი ტონი გახდა, არადა იმაზე მეტი მორალი ვიდრე „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი და თავი შენი!“ არ არსებობს.

-მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის როლი საზოგადოების ნაწილისთვის თითქოს აღარ არის  ავტორიტეტული, სამწუხაროდ…

– ის, რამაც ათასწლეულებს გაუძლო,ცეცხლს, დევნას, წამებას, არ ჭირდება რეიტინგი და ავტორიტეტი. არ არსებობს ხანა როდესაც ეკლესიას დევნა არ ჰქონდა. მდევნელები გადაშენდნენ, ეკლესია კი დგას და მას „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მეოერევა!“

თუ გინდა უზნეობა და აგრესია, მაშინ ზნეობრივს და წესიერს უნდა შეურყიო ავტორიტეტი, რაც დღეს ნებით თუ უნებურად ხორციელდება კიდეც.

-როგორც სასულიერი პირი, რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ რომ  თვითონ აგრესიულმა ცხოვრებამ  არ  დაგვჯაბნოს?

-უფალი ამბობს, „მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიანო, მაგრამ ნუ გეშინიათ, აჰა მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.“ სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ დაცველი – ცოტა. ერთი ქრისტიანიც კი არ უნდა გაჩუმდეს და თავისი სიმართლე უნდა განაცხადოს მუდამ. „ნეტარ იყვნენ რომელთაც შიოდეს სიმართლისათვის, რადგან ისინი განძღნენ!“

თუ სხეულის რომელიმე ორგანოზე განგრენაა,  თითოეულ უჯრედს უნდა  ჩაუტარდეს მკურნალობა, სხვა შემთხვევაში არაფერი ეშველება. ასევე ყველამ ჩვენს ოჯახებს უნდა მივხედოთ რომ საფრთხეები ავიცილოთ და ერთობაში ორგანო, ანუ ჩვენი ქვეყანაც განიკურნება. დღეს სიმართლე ყველგან დაწუნებულია, თუმცა რა გვიკვირს, როცა აბსოლუტურ სიმართლეს ბრალი დავდეთ და ჯვარზე გავაკარით? ის საიდანაც სათავეა, ის არის დასასუფთავებელი, რადგან სხვა გზით დიდი მდინარე არ გაიწმინდება. ინფორმაციის წყარო, საიდანაც აგრესია და ძალადობა მოდის ის არის სამხილებელი.

 

Facebook Comments
x

Check Also

სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – მთავრობის ანგარიში

როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო ...