Home » ინტერვიუ » “კომუნისტების ძახილი ალბათ მთლად მიზანშეწონილი არც იყო, ამან გარკვეული უკურეაქციაც გამოიწვია”

“კომუნისტების ძახილი ალბათ მთლად მიზანშეწონილი არც იყო, ამან გარკვეული უკურეაქციაც გამოიწვია”

კონსტიტუციის საყოველთაო განხილვებსა და ცვლილებებზე  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნუკრი ქანთარიას გავესაუბრეთ.

_ ბატონო ნუკრი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად, ხელისუფლების მისამართით ბევრი ბრალდება გაისმა. ისიც ითქვა, რომ ხელისუფლებამ ბიზნესელიტებსა და პოლიტიკურ ელიტებზე მორგებული კონსტიტუცია შემოგვთავაზა. როგორ აფასებთ წარმოდგენილ კონსტიტუციურ ცვლილებებს და მის განხილვის პროცესს?

_ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.განხილვაც საკმაოდ საინტერესოდ მიდის. მაგრამ, სანამ კონსტიტუციაზე გავამახვილებ ყურადღებას, მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუციის თემამ, ასევე ქვეყანაში მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ, ვგულისხმობ, ტყიბულში ოთხი მეშახტის ტრაგიკულ დაღუპვას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ადამიანის შრომითი უფლებების დაცვას მეტი გარანტიები ჭირდება, ასევე სხვა თემებმაც, გარკვეულად დაჩრდილა უმნიშვნელოვანესი მოვლენა – პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის და აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა. ეს მართლაც არის გარღვევა. არასდროს ყოფილა, რომ ასე მოკლე ხანში ახალარჩეულ პრეზიდენტს მიეღოს არა მარტო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ ჩვენნაირი პატარა ქვეყნის პირველი ან რომელიმე რეგიონის ლიდერი. არის ევროპული ქვეყნები, ვისთანაც ტრამპს მსგავსი კონტაქტი არ ჰქონია. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსადმი. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან მყიფე და ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია ამას მოწმობს. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. ისეთ მომენტებშიც კი, რომელიც, წესით, აზრთა სხვადასხვაობას არ უნდა იწვევდეს.ამიტომ ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭბა.

_ გეთანხმებით, თუმცა კვირიკაშვილ-ტრამპის შეხვედრას დროში დაემთხვა საქართველოში ლუჟკოვის ჩამოსვლა. მოსკოვის ყოფილ მერზე უფრო დიდი ხმაური იყო, ვიდრე ტრამპთან შეხვედრაზე. ეს შემთხვევითობაა თუ  კარგად იმუშავეს რუსულმა სპეცსამსახურებმა?

_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, რუსულ სპეცსამსახურებს უნდა დავაბრალოთ ეს მომენტი. ვფიქრობ, ზედმეტი ყურადღება დავუთმეთამ პენსიონერ კაცს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და უფრო ნიშვნელოვანი გამოგვრჩა. ეს ხშირად საზოგადოებასაც ემართება და ჩენს პოლიტელიტასაც და ამაზე მიდის ერთი ამბები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმაზე რატომღაც ყურადღება ნაკლებია.

_ კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტ უკვე ჰყავს მოკრიტიკეთა სერიოზული არმია. თუმცა ხელისუფლება უკან არ იხევს.

_ ის, რომ კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო, გადასინჯულიყო, ამაზე ყველა – საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც შეთანხმებულია. იქ არის მთელი რიგი წინადადებები, შენიშვნები, კითხვები, რომელიც ხმაურს იწვევს. მეგონა, სახალხო განხილვების დროს პარტიების მხრიდან იქნებოდა მეტი პროტესტი, აქციები, აგრესია, მაგრამ განხიოვა საკმაოდ მშვიდ და ნორმალურ გარემოში წარიმართა. რამდენიმე ინცინდენტი ბევრს არაფერს ნიშნავს. ყველას მიეცა კითხვის დასმის საშუალება. ამ მხრივ შეხვედრების პროცესი საკმაოდ კარგად წაიყვანეს. არის კითხვები,რომელზე პასუხები თითქოს არის, მაგრამ კითხვებს მაინც იწვევს. მეც მაქვს გარკვეული  წინადადებები. დღევანდელი შეხვედრა ფილარმონიაში ჩაიშალა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო კარგი სანახაობა. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გამოამჟღავნა ახალგაზრდული ენერგია და შეხვედრა ჩაიშალა. შეიძლება მათ ბევრ რამეში გარკვეული გათვიცნობიერება მართლა ჭირდებათ, მაგრამ კომუნისტების ძახილი მათ მიმართ, ვფიქრობ, მთლად მისაღები არაა. პარლამენტის თავმჯდომარეც ახალგაზრდაა, ფაქტობრივად, ერთი თაობაა. ალბათ, აქ უფრო სხვა მიდგომებია საჭირო. შეიძლება ისინი გარკვეული ძალის მიერაც არიან მართული და მათ ეს არ იციან, ყოველ შემთხვევაში, ახლა მათ ჰგონიათ, რომ ისინი დიდგორზე არიან.

_  თქვენ ახსენეთ, რომ კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობას ყველა იზიარებდა, თუმცა არა იმ მხრივ უნდა შეცვლილიყო, რომ ოპოზიციას ეთქვა – მმართველი გუნდი ამ ცვლილებებით ხელისუფლების შეცვლის სხვა გზას არ ტოვებს, გარდა რევოლუციისა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ გზით იხანგრძლივებთ ძალაუფლებას.

_ არა მგონია. რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა. ვფიქრობ, არის კითხვის ნიშნები და ეს წვრილმანებია, თუმცა, როგორც ამბობენ, წვრილმანებში ხშირად არის ეშმაკი. ამიტომ ამ წვრილმანებს არავინ უყურებს. ეს საკითხი რამდენჯერმე ამოტივტივდა. მეც მაქვს გარკვეული წინადადებები და ამას დავაყენებ კიდეც. მათ შორის, ერთი წინადადება ეხება პრეამბულას. სადაც საუბარია, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებანი, თავისუფლებანი, ამავე დროს ვფიქრობ, საჭიროა აუცილებლად აქ გაჩნდეს ჩანაწერი – ერის კონსოლიდაციის და ეროვნული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფის შესახებდა ეს პრეამბულაში ჩაიწეროს.  მოკლედ, ეროვნული ფასეულობების დაცვა, ვფიქრობ, გარკვევით უნდა იყოს ჩაწერილი. ასევე უნდა იყოს ცხადად განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების საკითხი, რომელიც მძაფრ ვნებათაღელვას იწვევს. ორგანულ კანონში რა ეწერება, ეს არ ჯერათ და არც უნდათ, რომ დაიჯერონ იმიტომ, რომ ორგანული კანონი 76 ხმაა და შეიძლება ნებისმიერმა პარლამენტმა შეცვალოს ეს ნორმა, თუნდაც იქ ჩაიწეროს აკრძალვა. ვფიქრობ, აუცილებელია კონსტიტუციის იმ მუხლში, სადაც ლაპარაკია მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, რომელსაც მოაწესრიგებს ორგანული კანონი, მართლაც უმჯობესია გარკვევით ჩაიწეროს, რომ მიწა, როგორც განსაკუთრებული რესურსი, არ გაიყიდება. შეიძლება იქვე იყოს მითითებული, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც ორგანული კანონი მოაწესრიგებს. შეიძლება მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობა ისევ ქვეყნის სიკეთისთვის გახდეს საჭირო და ეს განსაკუთრებული დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა და არა დანარჩენი. ვფიქრობ, ამ მხრივ მოქალაქეებს საშუალება არ უნდა მივცეთ, ასეთი გადაჭარბებული ვნებათაღელვისა. ისინი ითხოვენ მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში  მათ აქვთ შიში, რომ თუ ახლა ენდობიან დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემდგომ ხელისუფლებას ენდობა; ანდა ბევრი ენდობა, ბევრი – არა.

_ ეს შიში სამართლიანია. გვახსოვს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენ თურქს მისცა მარტივად საქართველოს მოქალაქეობა და ისინი აჭარაში (და არა მხოლოდ) დამკვიდრდნენ. არაბული და ირანული სოფლები შენდება საქართველოს ტერიტორიაზე და ეს რეალურად მართლაც საფრთხეა…

_ ინსტინქტი, რომელიც ამ შემთხვევაში ხალხში მუშაობს, თავდაცვის და გადარჩენის ინსტინქტი, ამას აუცილებლად მეტი ყურადღება ჭირდება. ეს მომენტი გაცილებით მეტად არის ხალხისთვის ასახსნელი. კულტურასთან დაკავშირებით, შეიძლება უფრო ხაზგასმით ჩაიწეროს და დაკონკრეტდეს კონსტიტუციაში. რაც შეეხება იმ ძირითად საკითხებს, რომელიც ამ განხილვების დროს ამიტივტივდა და პარტიებს რაც აღელვებთ, ეს მაინც ვიწრო სარკმლიდან დანახული თემებია, იგივე პრეზიდენტის არჩევის, ბლოკების გაუქმების წესი და მანდატების განაწილება. რატომღაც ძირითადად ეს გამოიკვეთა, რაც დანარჩენ პარტიებს აღელვებთ. აბსოლუტურად გასაგებია, საარჩევნოდ ბლოკების გაუქმება რომ აღელვებთ. მგონია, რომ ბლოკების დრო წავიდა და მართლა აღარ უნდ აიყოს. თუ მაინცდამაინც იქნება დაშვებული, მაშინ ბლოკებისთის ბარიერი აიწიოს, როგორც სხვა ქვეყნებშია. მოკლედ, რეგულაციები შეიძლება. დანარჩენი, რაც შეხება მანდატების განაწილებას, აბსოლუტურად სწორი იქნებოდა, თუ ეს კონსტიტუციაში საერთოდ არ ჩაიწერებოდა და იქნებოდა ასე – დარჩენილი მანდატები დარეგულირდება ორგანული კანონით, თუნდაც და სხვა კანონებით. თუმცა, ამ ჩანაწერზე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რაც არ უნდა სწორი იყოს ეს ჩანაწერი თავისთავადდა ალბათ ასეც იქნება, გაგრძელეს განხილვა და შეირჩეს სხვა მექანიზმი

_მაჟორიტარების გაუქმებას უკმაყოფილება მოყვა. ეს თქვენი გუნდის წევრებმა ღიად გააპროტესტეს. საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულია?

_ მაჟორიტარების გაუქმებაზე და პროპორციულზეგადასხვლაზეც იყო საუბარი. ჯერ არ ვიცი, უმრავლესობაში ეს საკითხი რამდენად შეთანხმებულია. ამ აზრს საკმაოდ ყავს მოწინააღმდეგეები. ბევრს არ უნდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ვფიქრობ, ესეც გუნდში სამსჯელო თემაა. მოკლედ, არის საკითხები, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს და აი, ამ ცვლილებების და ურთიერთაზრების გაცვლის შედეგად, ჩვენ ყველანი მაინც მივალთ შეთანხმებამდე. რაც არ უნდა ჭირდეს საქართველოში შეთანხმება, იმედი მაქვს, შეთანხმებამდე მივალთ როგორც გუნდის შიგნით, ისე საზოგადოებასთან.

_  ურჩევდით თანაგუნდელებს, რომ კონსტიტუციის სახალხო განხილვის პროცესის დასრულება არ იჩქარონ?

_ საერთოდ, აჩქარება არ ვარგა, მით უმეტეს როცა კონსტიტუციაზეა ლაპარაკი, თუმცა არც გადამწნილებაა საჭირო. ამიტომ ჯობია ზომიერ ვადებში ჩავეტიოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღვანდელი შეხვედრა ფილარმონიაში ჩაიშალა და არ მიეცა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც გაცილებით მეტი იყვნენ ფილარმონიაში კითხვის დასმის საშუალება და მოსმენა, რომელთაც ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსმენა ალბათ აინტერესებდათ, ვფიქრობ, ეს ჩაშლილი შეხვედრა არ უნდა ჩაითვალოს განხილვად. ალბათ თბილისში დამატებითი შეხვედრა შედგება. ვფიქრობ ამ ჯგუფებთანაც უნდა შედგეს შეხვედრა. იმედი მაქვს ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება და ეს კამათი ჯობია დარბაზებში გაგრძელდეს, ვიდრე ქუჩაში. ანუ კონსტიტუციის მიღების დროს ქუჩაში ხმაურს და ერთი ამბავისატეხვას, ჯობია შეხვედრა  ამ ხალხთან მოხდეს დარბაზში და მათი პოზიციები მოვისმინოთ. ჯერჯერობით განხილვების პროცესი, დღვანდელის გამოკლებით, სწორად მიდიოდა. მეორეს მხრივ მინდა ვთქვა, რომ ესეც ერთგვარი გამოცდილებაა.

ახალგაზრდა ლიდერები, რომელიც ამ განხილვის პროცესს უძღვებიან, ამაშიც გამოცდილებას მიიღებენ, არა მხოლოდ მშვიდ გარემოში მუშაობის. დებოშის, ქაოსის და აგრესიის ფონზე უნდა მოახერხო მშვიდობიანად გამოსვლა, ესეც პოლიტიკის ნაწილია. ასე რომ, რაც თუნდაც დღეს მოხდა, შეიძლება ეს გამოცდილება მათ სიკეთისკენაც წაადგეთ.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...