Home » მთავარი » მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი  საპარლამენტო მდივანი, იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც, ის მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში რეალურ ძალას ხედავს.

„ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობ, რომ ის რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი, პრინციპულად და მთელი ძალისხმევის მობილიზებით, აღარ არის საკმარისი. მარტო ან თანამოაზრეთა მცირე ჯგუფში ყოფნით ვერ აკეთებ იმას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება: რეალური ცვლილებები და რეალური გამარჯვებები. არსებობს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა, საჭირო დროს გადადგა საჭირო ნაბიჯი, მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას. ყოველი დღე, რომელიც იკარგება არა წინსვლაში, განვითარებასა და გაძლიერებაში, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში, დაპირებების მოსმენაში, რომლებიც არ სრულდება, ყოველი დღე, რომელიც მოქალაქეებს სიღარიბესა და უიმედობაში ტოვებს, არამარტო ჩვენი არამედ ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და მომავლის ხარჯზე დაკარგული დროა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან ვერ ხედავს საკუთარი ნიჭის და უნარის აქ რეალიზების შესაძლებლობას.

მე როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ამ ყველაფერთან შეგუების უფლება არ მაქვს, ამიტომ მოგმართავთ თქვენც – ძალების გაერთიანების დროა! მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი. დღევანდელ მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენს შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ. სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას და რესურსს, გავარღვიოთ შეცდომების და დანაშაულების მოჯადოებული წრე და შევქმნათ თვისობრივად ახალი რეალობა: ადამიანის ღირსების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც მოგვიშუშებს წარსულის იარებს და წინ წაგვიყვანს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებისკენ!“, – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...