Home » ბლოგი » მედიტაციით ნასწავლი თეატრალური თავისუფლება

მედიტაციით ნასწავლი თეატრალური თავისუფლება

სპეციალურად GMTV-სთვის მასალა მოამზადა  გრეტა ივანიშვილმა  

საბავშვო თეატრი „მაჩაბელა“ აღნიშნული სახელწოდებით 2010 წლიდან ფუნქციონირებს. იგი ყოველწლიურად უხმობს ბავშვებსა და მოზარდებს სტუდიაში, სადაც თითოეულ მათგანს ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა. როგორც ვიცით, „მაჩაბელას“ ხელმძღვანელის მამუკა ლომაშვილის თაოსნობით ამავე სახელწოდების ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი წელს უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლებს სტუმრებს ათონელის თეატრში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მაყურებელმა საბავშვო სპექტაკლებისგან სიამოვნება მიიღოს.

25, 26 და 27 ოქტომბერი თეატრ „მაჩაბელას“ მოსწავლეთათვის უმნიშვნელოვანესი დღეებია, ამიტომაც ხალხური კულტურის ცენტრ „იმედში“ ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი მამუკა ლომაშვილი, სტუდიის პედაგოგები და, რა თქმა უნდა, მშობლები.

ზემოთ აღნიშნულ ცენტრში შესვლისთანავე იგრძნობოდა ის დადებითი მუხტი, რომელსაც ბავშვების ერთობლიობა ქმნის ხოლმე. მასწავლებლების, ტატო გელიაშვილის მოსვლამდე „პატარა მსახიობები“ მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც თამაშობდნენ ეზოში და იმდენად იყვნენ გართულნი საკუთარ საქმიანობაში, რომ ვერც კი შეამჩნიეს მშობლებში გარეული რამდენიმე უცხო ადამიანი, რომლებიც ინტერესის თვალით აკვირდებოდნენ ნებისმიერ მოვლენას. ბუნებრივია, მოსწავლეთა სიმრავლემ ჩემთვის მაშინვე ცხადჰყო, რომ მოცემული ადგილი და საბავშვო თეატრი „მაჩაბელა“ უცილობლად ძვირფასი იქნებოდა მათთვის, ამიტომაც გონებაში მაშინვე გაჩნდა კითხვა : რის გამოა „მაჩაბელა“ ასეთი განსაკუთრებული? პასუხის მიგნება, პირველ რიგში,მშობლების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, ვინაიდან მათივე თქმით, საბავშვო თეატრი მათ შვილებს საკუთარი თავის რეალიზაციაში ეხმარება. მათი აზრით, აქტიური, მოაზროვნე, თავისუფალი – ეს ის ეპითეტებია, რომელსაც ნებისმიერი ნიჭიერი მოსწავლე მოიპოვებს თუკი აღნიშნულ გუნდს შეუერთდება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს გარემო, რომელიც ბავშვებს ყველანაირ საშუალებას აძლევს კულტურული შემეცნებისთვის. თავის მხრივ, გარემოში იგულისხმებიან ის პროფესიონალი ადამიანებიც, რომლებსაც განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვით მოსწავლეთა სამომავლო პროგრესში.

ახლა ვფიქრობ განვლილ დღეზე და რეპეტიციიდან ერთი ეპიზოდი მიტრიალებს გონებაში. კერძოდ, პლასტიკის გაკვეთილზე, (პედაგოგი ტატო გელიაშვილი) ბავშვები, რომლებიც ასეთი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სპექტაკლ „ჭინჭრაქას“ ფესტივალამდე მომზადებას, მიმართავდნენ მედიტაციის პრაქტიკასაც. დროში გაწერილი მედიტაციის შემდეგ მოსწავლეები მშვიდი გამომეტყველებით სათითაოდ დგებოდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც მათ იმ მომენტში სურდათ.

ბევრმა იცეკვა, ზოგიც უბრალოდ ერთ წერტილს მისჩერებოდა გაუნძრევლად, თუმცა ამ ისტორიაში მთავარი ისაა, რომ დამსწრენი ნათლად ვხედავდით თითოეული მათგანის სულიერი სამყაროს გამოხატულებას. აღწერილი გარემოს ყურებისას, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო წააგავდა, ვიდრე რეპეტიციას, გამახსენდა მამუკა ლომაშვილის მიერ ცოტა ხნით ადრე ნათქვამი სიტყვები, რომ „მაჩაბელა“ მხოლოდ თეატრალური სტუდია არ გახლავთ, არამედ მასში მოზარდები ეჩვევიან იმ ცხოვრებისეულ თვისებებს, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ მომავალში სოციალიზაციისას და საზოგადოებაში საკუთარი სოციალური როლის განსაზღვრისას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საბავშვო თეატრი პრელუდიაა იმ დიდი და რთული გამოცდილებისა, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...