Home » მთავარი » “მემარცხენე ალიანსმა” კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა

“მემარცხენე ალიანსმა” კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა

„სამწუხაროა, რომ დღევანდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიაში შეიყვანა მარგინალი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული პარტიები.

“მემარცხენე ალიანსის” აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ და პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ  პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინეს. „მემარცხენე ალიანსის“ წინადადება კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს შეეხება, რომელთა ფორმირება და დაზუსტება უნდა მოხდეს.

„სამწუხაროა, რომ დღევანდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიაში შეიყვანა მარგინალი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული პარტიები. „მემარცხენე ალიანსს“ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი წინადადებები ადგილზე გავაცნოთ კომისიის წევრებს და ფართო საზოგადოებას. აქედან გამომდინარე ჩვენ წერილობით მივმართავთ საკონსტიტუციო კომისიას, რათა იმსჯელოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ხალხის კეთილდღეობისათვის.

რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, პირველი საკითხი, რაც გასათვალისწინებელია, ესაა კონსტიტუციის 32-ე მუხლი, რაც უმუშევრობას შეეხება და სადაც წერია, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. თუმცა დღეს საქართველოში დადგენილი საარსებო მინიმუმიც კი კითხვის ნიშანს ბადებს. იგივე კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. თუ მან ეს საარსებო მინიმუმი ვერ მიიღო ის უბრალოდ დაიღუპება.

შემდეგი მუხლი, რომელშიც ასევე უნდა შევიდეს ცვლილება, ესაა 35-ე მუხლი, სადაც წერია, რომ „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“; ასევე „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. მართალია, სკოლამდელი და საშუალო განათლება გარანტირებულია საქართველოში, თუმცა უმაღლესი განათლება მაღალი გადასახადის გამო არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, რაც უხეშად არღვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს. ჩვენი ინიციატივაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს უმუშევარი, მცირეშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების უმაღლესი განათლების სრული დაფინანსება.

მუხლი 37 – „ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება“. გასაგებია, დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოფს იმას, რომ პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს ადამიანს, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს ადამიანის რეაბილიტაციას, მედიკამენტებით მკურნალობას, ხოლო ყოველივე ამის გარეშე ადამიანი განწირულია სიკვდილისათვის.

ჩვენი ინიციატივაა, რომ ადამიანმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურეობა მიიღოს, ვიდრე არ გამოჯანმრთელდება. უმუშევრებს, მცირეშემოსავლიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და პენსიონრებს სრულად უნდა დაუფინანსდეთ ჯანდაცვა, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

„მემარცხენე ალიანსის“ ინიციატივაა ასევე, რომ:

  • აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება; 2) აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და 3) გაუქმდეს მთავრობის წარმომადგენლის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინსტიტუტი.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ის პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაში შედიან, გაითვალისწინებენ რა „მემარცხენე ალიანსის“ წინადადებებს, იმსჯელებენ ამ საკითხებზე და მიიღებენ რეალურ გადაწყვეტილებებს და არა ისეთებს, როგორებიცაა მაგალითად პრეზიდენტის საკითხი, პარლამენტის გადატანა-გადმოტანა და ათასი სისულელე, იზრუნებენ ხალხის კეთილდღეობაზე. თორემ მოვა კვლავ არჩევნები, კიდევ დასჭირდებათ ხალხის ხმა თბილი სავარძლებისათვის და ხალხი მათ დაპირებებს აღარ დაიჯერებს, რასაც ისინი ასე უხვად არიგებენ ხოლმე წინასაარჩევნოდ“ – განაცხადა პარტია „მემარცხენე ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...