Home » მთავარი » მესამე სექტორი პროკურატურას ეხმიანება

მესამე სექტორი პროკურატურას ეხმიანება

პროკურატურის განცხადება ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს.

შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. – ს დაკავება.

ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.

რასამთავრობო ორგანიზაციები ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურებიან.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.

„რატომ მაინცდამაინც ის კრიტიკული კადრები არ არის გადაღებული? გარდა ამისა საინტერესოა ხომ არ მოხდა შემდეგ ამ კადრების წაშლა. ყველაფერთან ერთად საეჭვოა ზუსტად ის გარემოება, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა პოლიციასთან ურთიერთობის დროს,“-განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით აუცილებელია სახელმწიფომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც პროკურატურამ გააკეთა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ კი აცხადებენ, რომ იმ ჩანაწერებითაც კი, რაც არსებობს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა შესაძლებელია.

„ შესაძლებელია იმის დადგენა კანონიერი იყო თუ არა დაკავება. დროულ გამოძახებასთან მიმართებაში კი, ოცამდე მოწმეაო დაკითხულიო და მეზობლები ნათლად ამბობენ, რომ ეუბნებოდა და არ გამოიძახეს დროულად. ამას სულ არ უნდა კამერების ჩანაწერები,“-განაცხადა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხაჩიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments