იპოლიტე ხვიჩია
“მე მინდა, რომ ხალხის გულში
დავბინავდე, ჩავესახლო,
რაც შევქმენი ცხოვრებაში,
თქვენ გეკუთვნით, ჩემო ხალხო.
დეე, გული თქვენ სიხარულს,
მარცვალ–მარცვალ მიპოვნიდეს,
თქვენი ჭირი შემეყაროს
თქვენს ხვიჩია იპოლიტეს”.
იპოლიტე ხვიჩია – ქართული კინოს და თეატრის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. მან არაერთი სახასიათო და კომიკური პერსონაჟის სახე შექმნა, რითაც მაყურებლის განუზომელი სიყვარული დაიმსახურა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს ხსოვნაში.
არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ იგი მსოფლიო კლასის კომიკოსი იყო. ტოტოს, ბურვილს, ილინსკის, ფიუნესს, ბენი ჰილს მაინცდამაინც არც ენა სჭირდებათ და არც მოძრაობა, უიმისოდაც ეტყობათ სახეზე, “ვინც ბრძანდებიან”. იპოლიტე ხვიჩია არაფრით ჩამორჩებოდა მათ!
ბატონი იპოლიტე რა ელვარებითაც გამოჩნდა მაყურებლის წინაშე, იმავე ელვარებით ისე წავიდა, რომ მისი ნიჭი ღრუბელს არასდროს მოჰფარებია, ჩავარდნა არ ჰქონია. ან კი როგორ უნდა ჰქონოდა?! – სცენაზეც და ეკრანზეც ის იყო, რაც ცხოვრებაში.