Home » მთავარი » მიწისქვეშა გადასასვლელებს ქვეითი პატრული გააკონტროლებს და კამერები დამონტაჟდება

მიწისქვეშა გადასასვლელებს ქვეითი პატრული გააკონტროლებს და კამერები დამონტაჟდება

თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის მიერ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სიტუაციის კრიტიკის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, უახლოეს მომავალში, სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება. ამის შესახებ “თბილსერვისის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

ჯღარკავას თქმით, გადასასვლელების მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს.

“დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა, პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია”, – თქვა ლევან ჯღარკავამ.

ჯღარკავას განცხადებით, წუხელის მთელი ღამის განმავლობაში ამონტაჟდებდნენ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ღამის განათების სისტემას და პროცესი ხვალ დასრულდება.

“თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელი გვაქვს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლელში ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, ასევე არის იმ მიწისქვეშა გადასასვლელთა რაოდენობა, სადაც პრივატიზებული ფართებია, კანონმდებლობით კი, მათ ეკუთვნით თავიანთი ფართების მოწესრიგება და ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ყოველთვის პრობლემური იყო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა გასასვლელები „თბილსერვის ჯგუფს“ გადაეცა, ორჯერ დავამონტაჟეთ განათების სისტემა და ვანდალიზმის ფაქტი იმავე დღესვე დაფიქსირდა. პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, იწმინდებოდა და ირეცხებოდა. იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ არის და გუშინაც, რომ მივედით, ვნახეთ, უბრალოდ, იყო სუნის პრობლემა და ვიცით, რა მიზეზებზეა საუბარი. გმირთა მოედანს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი, რაც გადმოგვეცა, მას შემდეგ გავარემონტეთ, საიჯარო ფართები ვისაც ჰქონდა, ის ნაწილიც. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციფიური იყო იქიდან გამომდინარე, რომ იქ განათების სისტემის მხრივ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია. გუშინ კი, ცხადია, რომ კიდევ ერთხელ მოირეცხა სპეციალური ხსნარებით, თუმცა საბოლოოდ პრობლემის მოგვარებას კონტროლის დაწესება სჭირდება. ვგულისხმობ, პატრულირებას, კამერების დამონტაჟებას და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ჯღარკავამ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სთხოვა. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ამ ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია.

გუშინ თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკთან და ცირკთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები „თბილისერვისის ჯგუფის“ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. დღის ბოლოს კი კალაძემ გადასასვლელების შესახებ facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...