Home » მთავარი » მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია

კონფერენცია მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვის მიზნით სამდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციის და რეზერვის კონცეფციის განხილვაში მონაწილე ექსპერტები და სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა.

„ოთხი თვეა საჯარო ფორმატში შეხვედრებს ვმართავთ, ათასობით ადამიანს შევხვდით – მეც, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებიც, გენშტაბის წარმომადგენლებიც, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე. ძირითად კითხვებზე, ჩემი აზრით, პასუხი უკვე დიდი ხანია გაცემულია. არავითარ ყოველ მეორეზე არ არის საუბარი და არც იმას ამბობს ვინმე, რომ ყველა ადამიანმა აუცილებლად ავტომატი უნდა დაიჭიროს ხელში, იმისათვის, რომ ქვეყანას ემსახუროს და მათ შორის სამხედრო ვალდებულება მოიხადოს. ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას: ემსახურე ქვეყანას ისე, როგორც ყველაზე უკეთესად შეგიძლია და სამშობლოს გამოადგები. ბევრი მაგალითი მოვიყვანეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, რომლებიც საომარი მოქმედებების დროსაც გაცილებით უფრო ეფექტიანები იქნებიან თუ ქვეყანას თავისი პროფესიული საქმიანობით ემსახურებიან ვიდრე მინდორში ავტომატებით გასვლით. ჩვენ ვთქვით მარტივი ფრაზა, რომ უნდა დავემშვიდობოთ რეზერვის საბჭოურ გაგებას და იმ სისტემებს, რომელიც გადმოგვყვა მემკვიდრეობით სამოცდაათწლიანი საბჭოთა ჯარიდან. უნდა ვიყოთ მზად ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ იმავე ჰიბრიდული ომის პირობებში, მზად უნდა ვიყოთ ასევე ქვეყნის ძირითადი ამოცანების პასუხის გასაცემად. რეზერვის სისტემაზე საქართველოში უამრავი დისკუსია გავმართეთ და დოკუმენტს ახლა უკვე ნატოელ ექსპერტებთან განვიხილავთ. ეს არის იმ ერთიანი მობილიზაციის და ჯარისა და საზოგადოების ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელზეც ჩვენ უკვე თითქმის ერთი წელია ვსაუბრობთ და იმედი მაქვს, რომ 2017 წლიდან ეს კონცეფცია ამოქმედდება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

სამდღიან კონფერენციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის მიერ გამოგზავნილი აშშ-ის, დანიის, ბრიტანეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და გერმანიის შეიარაღებული ძალების ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის G1 პირადი შემადგენლობის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოსთან ერთად მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციას განიხილავენ.
მონაწილეები პირველივე დღეს ორ სინდიკატში გადანაწილდებიან და მუშაობა, სწორედ, სინდიკატებში გაგრძელდება. 30 ივნისს კი, სინდიკატების მუშაობა შეჯამდება და გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები შემუშავდება.

კონფერენციის დაგეგმვის ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის განხილვის პროცესში საზოგადოება აქტიურადაა ჩართული.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართული ანბანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებს შორის მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ...