Home » მთავარი » მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ?!.

მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ?!.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრა გამართა და სხვა საკითხებთან ერთად არჩევნების წესზეც ისაუბრა.

-„საზოგადოებას, რომელსაც აქვს უფლება აირჩიოს არჩევის წესი და ამ უფლებით არის აღჭურვილი დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან, ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ. შევუნარჩუნოთ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლება და მეორე – როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, ის ხომ უნდა ამიხსნა, რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი? პოლიტიკოსებისგან ბევრი განცხადებები მომისმენია, ერთი პერიოდი იმასაც ამბობდნენ, ხალხს ნუ დავღლით არჩევნებზე წასვლითო. ეს არგუმენტები კომიკურია. მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ!..

მაღალი პოლიტიკური მანდატი გაძლევს იმის უფლებას, რომ შენს დამაბალანსებელ ფუნქციას, შენს უფლებას, განაცხადო ამა თუ იმ საკითხზე შენი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა. თუ ჩვენ პრეზიდენტს ავირჩევთ არაპირდაპირი გზით, სამასი კაცი აირჩევს თუ ოთხასი, ასეთი მაღალი წონა არ ექნება პრეზიდენტის პოზიციას და პრეზიდენტი, ფაქტობრივად, საერთოდ გაქრება ძალთა ბალანსიდან. ხელისუფლების ყველა შტო – აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო – უნდა იყოს დაბალანსებული ერთმანეთთან მიმართებაში და უნდა ჰქონდეს საპირწონე. თუ ჩვენ ამ სისტემიდან გავაქრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ბევრი საკითხი ბალანსიდან ამოგვივარდება და ეს არის რეალური პრობლემა. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, პირდაპირი პოლიტიკური პოზიცია დაუფიქსიროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა თუ იმ შტოს მიერ ძალაუფლების მეტი კონსოლიდაცია ხდება. მთავარი მდგომარეობს შემდეგში – თქვენ ყველას გაქვთ უფლება და ვალდებულებაც, რომ თქვენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროთ არჩევნებში მონაწილეობის მეშვეობით და როდესაც პატივცემული კოსნტიტუციონალისტები ამ უფლებას გვართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან, რითია ჩვენი ცხოვრება უკეთესი გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებზე დავსხდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...