Home » მთავარი » „მოქმედი ხელისუფლება დაადგა ძველი ხელისუფლების გზას!..“

„მოქმედი ხელისუფლება დაადგა ძველი ხელისუფლების გზას!..“

ირმა ინაშვილი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი

ნამდვილად ვწუხვარ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ გაგვიცრუა იმედი. მიგვაჩნია, რომ კომისიამ ვერ და არ გადაჭრა არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის ინიციატივები, რომლებიც კონკრეტულად საარჩევნო სისტემას უკავშირდება, რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს პოლიტიკურ კლასს, ამომრჩეველს, საზოგადოებას.
სრულიად მიუღებელი და აბსურდულია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ ბონუსებად შეფუთვა და, ფაქტობრივად, „ქართული ოცნებისთვის“ ჩუქება.

სამარცხვინოა მუდმივი მუქარები,- მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. გაუგებარი და აუხსნელია რეფორმების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება.
მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებების ხორცშესხმა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას.

გასაკვირია და, ზოგ შემთხვევაში, დაუჯერებელია, მაგრამ გამიჩნდა მკაფიო განცდა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეირწყა ყოფილი ხელისუფლების ე.წ. „რეფორმატორები“ და თავად დაადგა ძველი ხელისუფლების გზას.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ძალაუფლების უზურპაციის გზა, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის სხვა შანსს არ უტოვებს, გარდა რევოლუციისა. ამ გზას ჩვენ მხარს ვერ და არ დავუჭერთ.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ჩვენ ვერ მოვახერხებდით სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებასა და შეცვლას. ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ მან იტვირთა დემოკრატიის გარანტის როლიც.
იმედს ვიტოვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი საზოგადოებისა და, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი წევრი, არ დარჩება ამ პროცესების მიღმა და ქმედით მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ავტორიტარული ინიციატივების შეცვლის საქმეში. მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ფორმატის საჯარო დისკუსიაში და არუმენტირებულად დავიცვა ჩვენი პოზიცია.
არსებულ ვითარებაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ჩვენი დეპუტაცია და ჩვენთან ერთად არაერთი პოლიტიკური პარტია მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, რათა რეფერენდუმზე გავიტანოთ ყველა სადაო საკითხი – საარჩევნო სისტემის, პრეზიდენტის ინსტიტუტის, ქართული მიწების გასხვისების და სხვა საკითხები.
თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მოგვცემს ხელმოწერების შეგროვების საშუალებას – მივმართავთ პრეზიდენტს. ამის პარალელურად, გავმართავთ შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ცხადია, ვენეციის კომისიასთან, გვექნება ვიზიტი ბრიუსელსა და სტრასბურგში. მაისის ბოლოს გავმართავთ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას, აქციის დასრულებისთანავე დავიწყებთ მჯდომარე აქციას. ივნისის პირველ რიცხვებში მჯდომარე აქცია გადაიზრდება შიმშილობის აქციაში. გვეყოლება როგორც უვადო მოშიმშილეები, ასევე მოშიმშილეები- ჯაჭვური პრინციპით. ამის პარალელურად, დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები.
დასასრულს მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: ჩვენ არ გვინდა მტრობა, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაგვრჩეს და ამით დაზიანდეს ქართველ ხალხი და ქართული სახელმწიფო.

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...