Home » მთავარი » „მუსოლინის სისტემა”-ოპოზიციის კრიტიკა და კობახიძის პასუხი

„მუსოლინის სისტემა”-ოპოზიციის კრიტიკა და კობახიძის პასუხი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა განცხადებებისთვის ცალკეულ დეპუტატებს დაეთმო.

განცხადებები კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კრიტიკით დაიწყო.

„უნდა ჩაგვეტარებინა გამოკითხვა თუ როგორი კონსტიტუცია აინტერესებს მოსახლეობას“, – განაცხადა სერგო რატიანმა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს შესთავაზა.

„მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ ამ სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება. ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა მუსოლინის ხელისუფლებამ საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ.

ოპოზიციონერი დეპუტატები კონსტიტუციის პროექტში საარჩევნო სისტემას, გაუნაწილებელ მანდატებს, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ რეფორმას აკრიტიკებენ.
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარების წინადადებით და ამ გზით მოსახლეობის პოზიციის გაცნობის ინიციატივით გამოვიდა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გუნდში არიან მაჟორიტარები, რომლებიც მხარს უჭერენ პროპორციულ სისტემას, ასევე, არსებობენ პროპორციული სიით არჩეული პარლამენტის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ მაჟორიტარულ სისტემას. „ეს გახლავთ ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც ჩვენ გუნდში მიმდინარეობს. დიახ, უმრავლესობაში ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი მონაპოვარი. ჩვენ ასევე, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ საბოლოოდ მივიდეთ კონსენსუსამდე. გარწმუნებთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვიქნებით ერთიანი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროქტში ქორწინების საკითხთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გააკეთა განცხადება. „ქორწინებასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ობიექტური და ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ვენეციის კომისიის შეფასება იქნება პოზიტიური. ქორწინების დეფინიციის შემოთავაზებული ვერსია ეს არ არის უცხო ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორისაა ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, სადაც მსგავსად არის დარეგულირებული ქორწინების დეფინიცია. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს რომ მოვახდენდით კონსტიტუციაში ქორწინების საკითხის ასახვას დეფინიციის ამგვარი ფორმით. ეს ასევე ემსახურება ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციას. მტკიცედ გვჯერა, რომ კონსტიტუციაში ამგვარი ფორმით ქორწინების დეფინიციის არსებობა ხელს შეუშლის მოხდეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების, უდიდეს ნაწილში არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება – ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი ამ საკითხის გადახედვას არ გეგმავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...