Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა – ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება დაიცავს ჩვენს მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან

ნათია თურნავა – ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება დაიცავს ჩვენს მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან

მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50% დავუსუბსიდიროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს წნეხს ისეთ მნიშვნელოვან წარმოებას, ისეთ დარგებს, როგორიცაა რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და კონსერვირება, ხილის გადამუშავება და ბევრი სხვა დარგი, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად ადგილობრივ საქმიანობას კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

„იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს სახელმწიფო 2021 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50%-ს დაუსუბსიდირებს.

ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში მათ განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity

Facebook Comments
x

Check Also

ანტიპანდემიური ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები – ნათია თურნავა

ენერგეტიკისა და განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე, ...